კახა კალაძის განცხადებით, საახალწლო აქსესუარებისა და განათებების შესყიდვისთვის 207 ათასი ლარის ღირებულების 3 ტენდერი გამოცხადდა, მთავარი ნაძვის ხის განახლებისთვის კი არც ერთი ტენდერი არ ჩატარდება

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, საახალწლო განათებებისა და აქსესუარების შესყიდვისთვის ჯამში 207 ათასი ლარის ღირებულების სამი ტენდერი გამოცხადდა, ხოლო ახალი ნაძვის ხის განახლებაზე ტენდერი არ ჩატარდება.

ამასთან, როგორც კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, საახალწლოდ დედაქალაქის მორთვის პროცესში ბიზნესის მხრიდანაც დიდი ინტერესია.

„ძალიან დიდია ინტერესი იმასთან დაკავშირებით, რომ იყოს მათი ჩართულობა, ბევრი წერილი და თხოვნა მოდის კონკრეტულ ლოკაციებთან დაკავშირებით, რომ ამ სივრცეების გალამაზება შეძლონ. ჩვენ ყველანაირად შეგიწყობთ ხელს, გვერდში დაგიდგებით. დაგეხმარებით, თქვენ კი ჩვენ დაგვეხმარებით, რომ დედაქალაქი გავალამაზოთ. კიდევ ერთხელ მინდა ბიზნეს სექტორს მოვუწოდო, რომ ერთად მოვრთოთ, გავალამაზოთ ჩვენი ქალაქი. მადლობა მინდა გადაგიხადოთ მხარდაჭერისთვის. მთელი ამ წლების განმავლობაში ნაყოფიერად ვთანამშრომლობდით, ბევრი პარკი და ლოკაცია იყო მორთული თქვენ მიერ და მიხარია, რომ ჩართულები ხართ ქალაქის კეთილმოწყობაში და ამ ტენდენციას ამ ახალ წელსაც შევინარჩუნებთ - მოგცემთ შესაძებლობას, რომ კონკრეტული ადგილები თქვენ მიერ იყოს მორთული. გარდა ამისა, გამოცხადებული გვაქვს სამი ტენდერი განათებებისა და ილუმინაციებისთვის. სამი ტენდერიდან ორი არის საახალწლო აქსესუარებისა და განათებების, ხოლო ერთი საახალწლო თემატიკის, დეკორატიული მატარებლის შესყიდვის მიზანით. ამ სამივე ტენდერის საერთო ღირებულება 207 ათასი ლარი გახლავთ. არცერთი ტენდერი დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხის განახლების ან შეცვლის მიზნით არ გამოცხადებულა. თბილისი იქნება განსაკუთრებულად ლამაზი, ყველანაირად მოწესრიგებული, განათებული და დარწმუნებული ვარ, არა მხოლოდ დედაქალაქში მცხოვრებ ადამიანებს, არამედ ჩამოსულ სტუმრებსაც შევუქმნით საახალწლო განწყობას. მოგვიანებით დეტალურად მოგაწვდით ინფორმაციას, სად იქნება განთავსებული საახალწლო სოფელი“,- განაცხადა კახა კალაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა