გიორგი ბარამიძე - პროტესტისთვის შიმშილობაზე  მწვავე და რადიკალური ფორმა არავის მოუგონია, თუ რამე არის, მზად ვარ მივმართო, გარდა თვითმკვლელობისა

პროტესტისთვის შიმშილობაზე მწვავე და რადიკალური ფორმა არავის მოუგონია. თუ რამე არის, მზად ვარ მივმართო, გარდა თვითმკვლელობისა. ამიტომ, ვშიმშილობთ და გვაქვს მოლოდინი, რომ საზოგადოების უფრო მეტი არაპოლიტიზირებული ნაწილი ჩაერთვება მშვიდობიან ბრძოლაში, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა გიორგი ბარამიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რომელიც მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით მეოთხე დღეა პარტიის ოფისში შიმშილობს.

გიორგი ბარამიძის თქმით, პოლიტიკოსები პროტესტის ამ მწვავე ფორმით ითხოვენ, რომ მესამე პრეზიდენტი სამკურნალოდ გადაიყვანონ მრავალპროფილურ კლინიკაში, თუმცა ხელისუფლება არ ასრულებს ამ მოთხოვნას, რაც მეტყველებს ხელისუფლების დანაშაულებრივ საქმიანობაზე.

მისი თქმით, რა მიმართულებითაც არ უნდა გაიხედო, ნათლად ჩანს, რომ სახელმწიფო ჩამოშლილია.

„ყველა მიმართულებით ქვეყანაში კატასტროფა გვაქვს. ამ ვითარებაში ამ სასამართლოს გასამართლებული ჰყავს პრეზიდენტი სააკაშვილი და ამ რეჟიმს, რომელიც საუბრობდა ადამიანის უფლებების დაცვაზე და ა.შ. პრეზიდენტი სააკაშვილი ასეთ მდგომარეობაში ჰყავს. ცივილიზებული მსოფლიოს ნაწილი მოუწოდებს მათ, რომ ვიდრე არ გექნებათ ნორმალური სასამართლო, მანამდე გამოუშვით პრეზიდენტი სააკაშვილი. ამათ გამოშვება კი არა, პაციენტი ძალით გადაიყვანეს ციხის კლინიკაში, სდაც არანაირი პირობები არ არის შექმნილი, რომ უმკურნალონ ადამიანს, რომელიც უკვე 48-ე დღეა შიმშილობს. ადამიანმა თქვა, რომ მზად ვარ შიმშილობა შევწყვიტოო. ვიცით, რომ ეს არის რეჟიმი, რომელიც მოღალატეობრივ საქმიანობას ეწევა, პირდაპირ პუტინის გეგმას ახორციელებს და ასე ადვილად არ დათმობენ, მაგრამ ეს არ არის ბრძოლა ცალკეული პოლიტიკოსების ან ცალკეული პარტიების. კონსტიტუციისა და კანონის დარღვევით რეჟიმის მხრიდან პრეზიდენტ სააკაშვილისადმი განხორციელებულმა არადამიანურმა მოპყრობამ უკვე აჩვენა ამ რეჟიმის ნამდვილი სახე. უამრავი ადამიანი, რომელიც სააკაშვილის არათუ მომხრე, არამედ მოწინააღმდეგეც კი იყო, ითხოვს ადამიანურად მოიქცეს ხელისუფლება. ესენი კი გასცდნენ საღი აზრის ზღვარს. ამიტომ, ეს ბრძოლა არ არის ერთი და ორი პოლიტიკოსის ან პარტიის ბრძოლა, ეს არის უკვე საყოველთაო ბრძოლა. გარდა ამისა, რადიკალურად განწყობილი ბევრი ადამიანი ითხოვს, რომ სხვა მეთოდებს მიმართეთ გარდა მშვიდობიანი და არაძალადობრივი პროტესტისაო. ეს არის კატეგორიულად მიუღებელი. პირდაპირ მინდა ვთქვა,რომ ეს არის სწორედ პუტინის გეგმა, რასაც ახორციელებს ასევე ეს რეჟიმი. ასე აღიზიანებენ საქართველო მოსახლეობის უდიდეს ნაწილს და ყოველგვარ ზღვარს გადადიან. არჩევნებზე მოქალაქეების უმეტესობამ ცვლილებებს მისცა ხმა და სამოქალაქო ომამდე ქვეყანა ამათ მიჰყავთ და ჩვენ ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ. ამიტომ, შიმშილობაზე მეტად რადიკალური რა შეიძლება იყოს, შენი სიცოცხლე და ჯანმრთელობა სასწორზე შეაგდო, ეს პროტესტის ყველაზე მძიმე ფორმაა. ამ ფორმას იმიტომ მივმართეთ, რომ ვაჩვენოთ ჩვენ საზოგადოებას, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ძალადობრივი ქმედებები. ჩვენ უნდა ვიყოთ საღი აზრის, კონსტიტუციისა და ეროვნული ინტერესების ჩარჩოებში, რომ საშუალება არ მივცეთ პუტინს და ამ მოღალატეობრივი გავრილოვის რეჟიმს ქვეყანაში გააჩაღოს სამოქალაქო ომი, ამათ კი ეს აქამდე მიჰყავთ. უკვე მე-15 დღეა შიმშილობს ელენე ხოშტარია, 9 დეპუტატი შიმშილობს პარლამენტში. ვინაიდან მე არ ვარ პარლამენტის წევრი, ვარ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში და ჩემი შიმშილობის მეოთხე დღეა. ასევე შიმშილობა დაიწყეს საკრებულოს წევრებმა და პაატა ბურჭულაძემ. ანუ საზოგადოება უნდა გამოფხიზლდეს. ეს არ არის ისე, რომ დღეს რაღაცას გავაკეთებ და საღამოს ან ხვალ დილით ეს რეჟიმი დასრულდება. თუ ჩვენ ვართ საზოგადოება, უნდა ვიბრძოლოთ ერთად, ყველამ უნდა გამოვიღვიძოთ“,- განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

მისვე თქმით, ასეთი არადამიანობა პუტინსაც კი არ გამოუჩენია რუსი ოპოზიციონერის ნავალნისთან მიმართებაში და ის სამკურნალოდ გერმანიაში გადააფრინეს.

„ამის შემდეგ ვიბრძვით იმისათვის, რომ ევროკავშირის და ამერიკის ჩართულობით, შესაბამისი ცვლილებებით ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, რომ ასევე მშვიდობიანად მოხდეს ხელისუფლების ცვლილება, როგორც უკვე მოხდა ხელისუფლების ცვლილებები ქვეყანაში მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს“, -განაცხადა ბარამიძემ.

ამასთან, ის იმედოვნებს, რომ დასავლელი პარტნიორების განცახდებები კიდევ უფრო მეტად მწვავე იქნება.

„კი უნდა ხელისუფლებას, რომ საქართველო ბელარუსიად გადააქციონ, მაგრამ საქართველო არ არის ბელარუსია. ამავდროულად, უღრმეს პატივისცემას გამოვხატავ ბელარუსი ხალხის მიმართ, მაგრამ საქართველო არ არის ბელარუსია და საქართველოზე ზეგავლენას ახდენს ჩვენი დასავლელი პარტნიორების აზრი ამერიკელების და ევროპელების, ამიტომ, იმედი მაქვს, რომ მათი ჩართულობა კიდევ უფრო ქმედითი და აქტიური იქნება“, - აცხადებს ბარამიძე.

იოსებ ბარათაშვილი - მოვლენები მიმდინარეობს არა ხელისუფლების, არამედ მიხეილ სააკაშვილის სცენარით
ქართული პრესის მიმოხილვა 29.11.2021
მარინა კალიურანდი - დიახ, არჩევნებით საქართველომ დემოკრატიის ტესტი ჩააბარა, გადააბიჯა დემოკრატიულობის ზღურბლს, მაგრამ არის კითხვა, რამდენად გსურთ მხოლოდ ზღურბლს გადააბიჯოთ
„კარფურისა“ და „FinExCoop“ მიერ ორგანიზებული „კარტოფილის ფესტივალი“ - ადგილობრივი ფერმერების მხარდასაჭერად
განსაკუთრებული ტექ-ინვესტორი საქართველოში - GAABU-ს ახალი წევრი და ტექნოლოგია, რომელიც ცვლის ტელეკომუნიკაციის სამყაროს მომავალს