ნიკოლ ფაშინიანი და ილჰამ ალიევი ბრიუსელში შეხვედრას გამართავენ

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი შეთანხმდნენ, რომ 15 დეკემბერს ბრიუსელში, ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის ფარგლებში, შეხვედრას გამართავენ, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ევროკავშირის განცხადებაშია აღნიშნული.

„ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა 19 ნოემბერს სატელეფონო საუბარი გამართა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან, მიმდინარე კვირის დასაწყისში რეგიონში შექმნილი ვითარებისა და ბრიუსელში, 15 დეკემბერს დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის მომზადებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვის კონტექსტში.

პრეზიდენტმა შარლ მიშელმა შესთავაზა უმასპინძლოს პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის ფარგლებში. ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ბრიუსელში შეხვედრას გამართავენ, რათა განიხილონ რეგიონში არსებული სიტუაცია და დაძაბულობის დაძლევის გზები აყვავებული და სტაბილური სამხრეთ კავკასიისთვის, რასაც ევროკავშირი მხარს უჭერს. სატელეფონო საუბრების დროს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ დაამყარებენ პირდაპირ საკომუნიკაციო ხაზს, შესაბამისი თავდაცვის მინისტრების დონეზე, რომელიც ინციდენტების პრევენციის მექანიზმის როლს შეასრულებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისათვის, ეს სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების მესამე პირისპირ შეხვედრა იქნება გასული წლის ყარაბაღის ომის შემდეგ. წინა ორი შეხვედრის ორგანიზება რუსეთის ინიციატივით მოხდა და მოსკოვში, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მონაწილეობით გაიმართა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა