ქართული პრესის მიმოხილვა 22.11.2021

მამუკა არეშიძე - “სამწუხაროდ, პროცესები შესაძლოა საკმაოდ რთულად წარიმართოს...”

რატომ გაორმაგდა ინფიცირებული ბავშვების რაოდენობა - ახალი საფრთხე და მისი თავიდან აცილების გზები

ვახტანგ ძაბირაძე - “პროფესიონალმა ექიმებმა “ოცნება” იმდენად მოაქციეს ჩიხში, სხვა გზა არ დაუტოვეს”

იქნება თუ არა ახალი კრიზისი - რა გეგმა აქვს ენმ-ს და რას დაუპირისპირებს მას “ოცნება”

“მათი ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ დაიწყება ანგარიშსწორება იმაზე სასტიკი მეთოდებით, ვიდრე იყო“

* * *

მამუკა არეშიძე - “სამწუხაროდ, პროცესები შესაძლოა საკმაოდ რთულად წარიმართოს...”

“სააკაშვილისა და “ნაციონალური მოძრაობის” მიზანი ერთია - ხელისუფლებაში დაბრუნება, რასაც უფრო მძაფრი სახელიც შეიძლება დაერქვას: რევანშის სურვილი. ამ ყველაფრის საფუძველი კი ამ ძალას იმ პოლიტიკამ მისცა, რასაც ”ქართული ოცნების” ხელისუფლება წლების განმავლობაში ატარებდა. თავის დროზე რომ ეგოთ პასუხი ყველაფრისთვის, რაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩაიდინეს, დღეს ეს ვითარება არ გვექნებოდა. კოაბიტაცია რომ არ ყოფილიყო ამ საშინელი ფორმით, დღეს `ნაციონალური მოძრაობა" ამდენს ვერ გაბედავდა. ზოგადად კი პოლიტიკურმა ელიტამ თვითონ მიიყვანა ქვეყანა ამ მდგომარეობამდე”, - აცხადებს ექსპერტი მამუკა არეშიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “სამწუხაროდ, პროცესები შესაძლოა საკმაოდ რთულად წარიმართოს...” / “რაც შეეხება ქვეყნიდან სააკაშვილის გაშვებას, ამას ნამდვილად ველი. ვფიქრობ, ეს შეიძლება მოხდეს უკრაინის მოთხოვნით ან ექიმების კონსილიუმის დასკვნით საჭირო გახდეს მისი რომელიმე მესამე ქვეყანაში სამკურნალოდ გადაყვანა”.

“ვფიქრობ, სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანამ დროებით კი განმუხტა ვითარება, მაგრამ “ნაციონალური მოძრაობა” არ გაჩერდება, თუნდაც იმიტომ, რომ თავს გამარჯვებულად მიიჩნევს. რადიკალური ოპოზიცია აუცილებლად გააგრძელებს სახელმწიფოს რყევას. სამწუხაროდ, საკმაოდ რთულად შეიძლება წარიმართოს პროცესები. დღეს საზოგადოება პოლარიზებულია, მედიის ნაწილი და პოლიტიკოსები კი ამას კიდევ უფრო ამძაფრებენ. როცა პოლარიზაცია ღრმავდება, მუდმივად არის სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხე. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს არ მოხდება. ამისთვის განსაკუთრებული სიფრთხილე, ძალისხმევა და სწორი გადაწყვეტილებები სჭირდება ხელისუფლებას, თუმცა, ვფიქრობ, გაუჭირდება, რადგან მეორე მხარე ამ დაპირისპირებაზე შეგნებულად წამსვლელია. ვგულისხმობ “ნაციონალურ მოძრაობას”. შესაძლოა სხვა ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც ახლა მას არიან მიკედლებული, ეს არ სურთ, მაგრამ მათ სურვილზე არაფერი იქნება დამოკიდებული. მით უფრო გარეშე ძალები, რომლებიც ამ პროცესებში არიან ჩართული, ამ სცენარის განვითარებას აუცილებლად წააშველებენ ხელს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე.

“სააკაშვილის ჩანაწერის გამოქვეყნება იყო შეცდომა, მაგრამ აქვე უნდა ითქვას, რომ სააკაშვილი რუსთავიდანაც რომ გადაეყვანათ კერძო კლინიკაში, რადიკალიზმის ხარისხის გაზრდას ოპოზიცია მაინც შეეცდებოდა, რადგან ეს იყო მისი გეგმა. რა თქმა უნდა, ამ ჩანაწერის ჩვენებამ უფრო დაძაბა ვითარება. გახსოვთ, ალბათ, მისი გორის ჰოსპიტალში გადაყვანის გეგმა ჯერ კიდევ სააკაშვილის რუსთავში ყოფნისას არსებობდა, მაგრამ გამოვიდა ნიკა გვარამია და განაცხადა, ამას აპირებენ და არის საფრთხე ოსურმა სპეცრაზმმა მოიტაცოსო. ახლა რატომღაც ასე აღარ ფიქრობს, უკვე ისე ლაპარაკობს გორის ჰოსპიტალზე, თითქოს ამ ცოტა ხნის წინ ის საოცარი სცენარი არ შეეთხზა”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“რასაკვირველია, ხელისუფლებამ დააგვიანა, დაუშვა შეცდომები, მაგრამ მისი მთავარი შეცდომა ის არის, რომ მან “ნაციონალური მოძრაობის” გაწერილი პროგრამით მოქმედება დაიწყო. ამის დაშვება არაფრით არ შეიძლებოდა. დღეს მთელი საინფორმაციო სივრცე გადაფარა იმ დღის წესრიგმა, რომელიც “ნაციონალურმა მოძრაობამ” შექმნა და ხელისუფლებაც ამას აჰყვა. ჯერ გაიძახოდნენ, სააკაშვილი არ შიმშილობს და ეს ფეიკშიმშილობააო, მერე თვითონვე განაცხადეს, შიმშილობს და მის ჯანმრთელობას შეიძლება საფრთხე შეექმნასო და ა.შ. ტერმინოლოგიის თუ მოქმედების რომელი ერთი ლაფსუსი გამოვყო. მაგრამ ხელისუფლების შეცდომები მთავრდება იმ სურვილებსა და გეგმებთან, რომლებიც “ნაციონალურ მოძრაობას” აქვს - ისინი ყველაფერზე წავლენ, ოღონდ კი ხელისუფლებაში დაბრუნდნენ, ეს კი კარგს არაფერს ნიშნავს ქვეყნისთვის”, - მიიჩნევს ექსპერტი.

“ხელისუფლების წარმომადგენელთა რიგი გამონათქვამები ნამდვილად ვერ უძლებს კრიტიკას, მაგრამ მიმაჩნია, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე მთელი ჩვენი პოლიტელიტა არის პასუხისმგებელი. ის პოლიტელიტა, რომელიც არ უწევს ანგარიშს არც საზოგადოებას და არც ქვეყნის ხვალინდელ დღეს. დიახ, ხელისუფლება უშვებს შეცდომებს, მაგრამ რადიკალური ოპოზიციაც უკიდურესად თავხედურად იქცევა. საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი “ნაციონალური მოძრაობისგან” ითხოვს, რომ გამოვიდნენ და კონკრეტულ დაზარალებულებს მოუხადონ ბოდიში. შეიძლება საზოგადოების ერთი ნაწილი ამით არ დაკმაყოფილდეს, მაგრამ ეს იქნება ერთი ნაბიჯი თანხმობისკენ. “ნაციონალური მოძრაობისთვის” საზოგადოება კვლავაც არის მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც მათ მხარს უჭერს, მეორე ნაწილი კი არის “ბიომასა”. არ იფიქროთ, რომ ეს ჩემი ტერმინია, მათგან მაქვს მოსმენილი”, - ამბობს მამუკა არეშიძე და შეკითხვაზე - “ქვეყანაში უამრავი პრობლემაა, პანდემია, ინფლაცია, ფასების ზრდა, საიდანაც საზოგადოების ყურადღების გადატანა ხელისუფლების ინტერესშიც არის...” - პასუხობს:

“სამწუხაროდ, ჩანს ამის ნიშნებიც. ხელისუფლებამ თავიდანვე დაუშვა შეცდომა, როდესაც “ნაციონალური მოძრაობა” აქცია მტრის ხატად და მისი დისკრედიტაციით გადაწყვიტა ქულების დაწერა. ასე იქცეოდა წლების განმავლობაში. ჩემი აზრით, ეს დღეს ისე აღარ მუშაობს. ჩვენ ვხედავთ საზოგადოების ერთ ნაწილს, რომელიც ხელისუფლების მომხრეა, მეორე ნაწილი კი მისი მოწინააღმდეგეა და “ნაცმოძრაობას” ემხრობა, მაგრამ გაჩნდა დიდი ჯგუფი ადამიანებისა, რომლებსაც არც ერთი უნდა და არც მეორე. სულ არ აინტერესებთ მათი გაუთავებელი კინკლაობა”...

“საინტერესოა, რომ დასავლური პოლიტიკური ცენტრებისგან ბოლო დღეებამდე პოლიტიკური განცხადებები არ მოგვისმენია. იყო ცალკეული ევროპარლამენტარის თუ სენატორის შეფასებები, მაგრამ ამას არ გასცდენია პროცესი. მახსოვს, ოპოზიცია ამით უკმაყოფილოც კი იყო. მეტიც, სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებას მოჰყვა ეუთოს ხელმძღვანელობის ძალიან მწვავე რეაქცია. როგორც გაირკვა, სააკაშვილს ჰქონდა ევროკავშირის პოლიტიკურ ლიდერებთან კონსულტაციები და მათ კატეგორიულად მოსთხოვეს, რომ საქართველოში არ დაბრუნებულიყო. სააკაშვილს აქვს ფანტასტიკური უნარი, გამოიყენოს ვითარება თავის სასარგებლოდ, მიუხედავად იმისა, მისი მოკავშირეები ამას ემხრობიან თუ არა. სხვათა შორის, მას შესწევს უნარი ადამიანების ერთმანეთთან დაპირისპირებისა, რაც მისი პოლიტიკური კარიერისთვის ყველაზე დამღუპველი რამ არის”, - თვლის რესპონდენტი.

“მოკლედ, პოლიტიკური ცენტრები განცხადებებს ერიდებოდნენ. ვთქვი კიდეც, სანამ მათი განცხადებები არ იქნება, რაც უნდა ილაპარაკონ სააკაშვილის მომხრეებმა და რადიკალურმა ოპოზიციამ, არაფერი შეიცვლება-მეთქი. თუმცა ასე ვერ გაგრძელდებოდა და აუცილებლად იქნებოდა შეფასებები. საქმე ისაა, რომ დასავლეთს დღეს აინტერესებს დაბრუნება სამხრეთკავკასიურ პოლიტიკაში და მისი საყრდენი აქ შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ საქართველო იყოს. საბოლოოდ, განცხადება გააკეთა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და აქტიურად დაიწყო მუშაობა აქაურმა საელჩომ. კელი დეგნანმა ხელისუფლებას მოუწოდა სააკაშვილის ჰოსპიტალში გადაყვანისკენ, მაგრამ ამის უკან დგას ძალიან სერიოზული საქმიანობა. შემთხვევითი ხომ არავის ჰგონია, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” აიღო ვალდებულება, რომ იმ სამედიცინო დაწესებულებასთან, სადაც გადაიყვანდნენ სააკაშვილს, აქციებს არ მოაწყობდა ან ის, რომ ასე ულაპარაკოდ დათანხმდნენ მის გორის ჰოსპიტალში გადაყვანას? საბოლოოდ ყველაფერი დაჰბრალდა ელენე ხოშტარიას შიმშილობას, რომ დათმობაზე ერთიც და მეორე მხარეც თითქოს მისი ჯანმრთელობის რისკის გამო წავიდა, მაგრამ, მერწმუნეთ, ამის უკან დგას აშშ-ის ადმინისტრაციის ძალიან სერიოზული გზავნილები ორივე მხარისთვის”, - განმარტავს ექსპერტი.

“რაც მოხდა, ეს იყო კულუარული მუშაობის შედეგი. ერთი პრობლემა ისიც არის, რომ ჩვენ ერთმანეთთან მისვლის გზას ვერ ვპოულობთ და ვერც კომპრომისს ვახერხებთ სხვისი ჩარევის გარეშე. რაც შეეხება ქვეყნიდან სააკაშვილის გაშვებას, ამას ნამდვილად ველი. ვფიქრობ, ეს შეიძლება მოხდეს უკრაინის მოთხოვნით ან ექიმების კონსილიუმის დასკვნით საჭირო გახდეს მისი რომელიმე მესამე ქვეყანაში სამკურნალოდ გადაყვანა. აქვე ვიტყვი - სააკაშვილის წერილი, რომელიც გორის ჰოსპიტალში გადაყვანისას გაავრცელა, ცინიზმის პიკია. ხომ წერს, ჩემს აშენებულ ჰოსპიტალში ჩემი აშენებული ავტობანით გადამიყვანენო, ბარემ ისიც ეთქვა, რომ დღეს ეს ჰოსპიტალი იმ ადამიანის სახელობისაა, რომელიც მე გავაგდე ჯარიდანო - გიორგი აბრამიშვილი, ექიმი, რომელმაც თავი შესწირა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სწორედ სააკაშვილის ხელისუფლების დროს გაუშვეს ეროვნული გვარდიიდან”, - დასძენს არეშიძე.

“ნაცმოძრაობის” მესიჯბოქსი, რომ “სააკაშვილი პუტინის პატიმარია” გათვლილია საქმეში ჩაუხედავ ახალგაზრდებზე, რამაც, ჩემი აზრით, მიზანს მიაღწია. ახალგაზრდების საკმაოდ დიდი ჯგუფების მობილიზება მოახერხეს “ნაცმოძრაობამ” და მასთან აფილირებულმა უმაღლესმა სასწავლებლებმა და ეს ყველაზე დიდი ძალაა, რაც დღეს ამ პარტიას აქვს. ეს არის პროპაგანდისტული გზავნილები, რასაც ხელისუფლებამ ვერაფერი დაუპირისპირა. რუსეთის ამოცანაა სამხრეთ კავკასიაში რაც შეიძლება მასშტაბურად დაბრუნდეს. ამას ყარაბაღში განვითარებულმა მოვლენებმა, სამწუხაროდ, ძალიან შეუწყო ხელი. მას სურს ისე დაბრუნება, რომ აქ დასავლეთისთვის ადგილი აღარ დარჩეს. ზუსტად ამ არდაბრუნების გეგმიდან გამომდინარე, კრემლი იძულებულია ჯერჯერობით შეურიგდეს თურქეთის აქტიურობას სამხრეთ კავკასიაში. მოსკოვში კარგად იციან, რომ საქართველო დასავლეთის ერთადერთი საყრდენია ამ რეგიონში. ამიტომაც აქ დესტაბილიზაცია აწყობთ. მოკლედ, მთელ ამ პროცესებში რუსეთი თავისი ინტერესების გატარებას შეეცდება, თურქეთი - თავისას, ჩვენი პოლიტელიტა კი ისე იქცევა, რომ რაც შეიძლება გაუადვილოს მტერს ამ ქვეყნის ხელში ჩაგდება”, - დაასკვნის ექსპერტი.

რატომ გაორმაგდა ინფიცირებული ბავშვების რაოდენობა - ახალი საფრთხე და მისი თავიდან აცილების გზები

“ერთი წლის განმავლობაში კორონა ვირუსით ბავშვთა ინფიცირების რაოდენობა ორჯერ და უფრო მეტადაც გაიზარდა. სპეციალისტების ამის რამდენიმე მიზეზს ასახელებენ. მათი შეფასებით, მდგომარეობა რთულია და აქედან ოპტიმალური გამოსავალი ვაქცინაციაა. რა შეიძლება გამოიწვიოს ბავშვებში ინფიცირების მაღალმა მაჩვენებელმა და როგორ შეიძლება ბავშვებში ლეტალობის თავიდან არიდება? იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის და იმუნიზაციის მრჩეველთა ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ ინფიცირება ბავშვებში გაიზარდა, ვაქცინაციის ტემპმა მოიმატა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რატომ გაორმაგდა ინფიცირებული ბავშვების რაოდენობა - ახალი საფრთხე და მისი თავიდან აცილების გზები.

“ბავშვებში მნიშვნელოვნად მოიმატა ინფიცირების მაჩვენებელმა. თუ 2020 წელს ინფიცირებულთა შორის ბავშვების რაოდენობა 10%-ს შეადგენდა, სექტემბრის მონაცემებით ინფიცირებულ ბავშვთა რაოდენობა ორჯერ გაიზარდა და 20,4%-ს შეადგენს. ვაქცინაციას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პანდემიასთან ბრძოლაში. საქართველოში ეს პროცესი ჯერჯერობით აქტიური არ არის, თუმცა ყოველდღიურად არის მზარდი მაჩვენებელი. იაშვილილის კლინიკაში ბავშვთა ვაქცინაციის დასაყის პერიოდში ყოველდღიურად 1-2 ბავშვი მოგვმართავდა, ბოლო დღეებში კი 8-10 ბავშვი იტარებს ვაქცინაციას”, - განაცხადა ჩხაიძემ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძის ცნობით კი, სიტუაცია კიდევ უფრო დრამატულია. მისი თქმით, არასრულწლოვნების წილი ინფიცირებულთა საერთო რაოდენობაში 30%-მდეა გაზრდილი, რისი მთავარი მიზეზიც კორონავირუსის დელტა შტამია”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ბავშვები უფრო მეტად დასაცავად, მსოფლიოს უმრავლესი ქვეყნების მსგავსად, მიღებულია გადაწყვეტილება 12 წლის ასაკიდან ვაქცინაციის შესახებ, რა თქმა უნდა, მშობლების სურვილის შემთხვევაში. განსაკუთრებით ეს ეხებათ რაიმე რისკის ფაქტორის მქონე ბავშვებს. რაც შეეხება ეპიდვითარებას, სამწუხაროდ, გრძელდება საკმაოდ მძიმე დღეები. ყოველდღიურად ჩვენი 70-ზე მეტი თანამოქალაქე იღუპება. ჩვენი პატარა ქვეყნისთვის ეს კატასტროფაა. სამწუხაროდ, კარგა ხანს, ეს კორონა არსად არ წავა. გამოსავალი ვაქცინაცია და პირბადის ტარებაა. ამისთვის დაიწყო წამახალისებელი ღონისძიებები. პენსიონერებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია აცრა. იგივე შეიძლება ითქვას წამახალისებელ ლატარიაზე. ყველაფერი კეთდება, რომ ადამიანებმა სიცოცხლე გადაირჩინონ და ჯანმრთელობას მოუფრთხილდნენ”, - აცხადებს იმნაძე. ციციშვილის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორის მაია ჩხაიძემ კი განაცხადა, რომ კლინიკაში ს 122 პაციენტია მოთავსებული, თუმცა თავისუფალი ადგილები რეანიმაციაშიც და კლინიკაშიც ამ დროისთვის კიდევ აქვთ”, - დასძენს გამოცემა.

“ამ ეტაპზე 122 პაციენტი წევს ჩვენს კლინიკაში, რეანიმაციულ განყოფილებაშიც გვაქვს ადგილები და კლინიკაშიც. რეანიმაციაში 14 პაციენტი წევს, მათგან ერთი არის განსაკუთრებით მძიმე, რომელიც ბათუმიდან არის რეფერირებული ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმის გამო და მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ის ერთი თვის არის. რეანიმაციაში მყოფ სხვა პაციენტებს თანმხლები დაავადებები აქვთ. კლინიკაში სხვა პაციენტებიც მკურნალობენ, რომლებიც მძიმე მიმდინარეობით არიან”, - თქვა ჩხაიძემ. აღსანიშნავია, რომ კლინიკაში მოთავსებული პაციენტებიდან სრულად ვაქცინირებული მხოლოდ 5-ია. ინფექციონისტი ირაკლი ხმალაძე “რეზონანსთან” საუბრისას ამ ვითარებას ვირუსის გაძლიერებას უკავშირებს. ხოლო ჯანდაცვის ექსპერტი აკაკი ზოიძე “რეზონანსთან” ამბობს, რომ ბავშვებში ინფიცირების გაზრდა მოსალოდნელიც კი იყო”, - წერს სტატიის ავტორი.

“ზოგადად, ყველა ვირუსის გავრცელება საშიშროებას წარმოადგენს, რადგან იგი განიცდის მუტაციას და მისი შეღწევადობა ადამიანშიც იმატებს. სწორედ ამიტომ გაორმაგდა ბავშვთა ინფიცირების რაოდენობა. ადრე ვირუსს ბავშვთა ორგანიზმში მაღალი შეღწევადობა არ ახასიათებდა მაგრამ, სამწუხაროდ, ახლა უკვე ესეც დაემატა. როცა მეტი ინფიცირებულია, ვირუსისთვის დამახასიათებელი თვისებებიც მეტად ძლიერდება, რამაც ბავშვთა ინფიცირების ზრდა გამოიწვია და მეშინია ლეტალობის ზრდაც არ გამოიწვიოს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი ხმალაძე.

“კოვიდ-19-ის დელტა შტამის პირობებში, განსხვავებით სხვა შტამებისგან, ინფიცირების რისკი 70%-ით მაღალია. სწორედ ამიტომ ეს ბავშვთა ინფიცირებაზეც აისახა. ბავშვთა ინფიცირება ჯერ ჯერობით სიპტომების გამოვლინებით მიმდინარეობს. ამას ემატება ის ფაქტიც, რომ ვაქცინა ბავშვებში უფრო კარგ და ეფექტურ შედეგს იძლევა, ვიდრე მოზარდებში. აქედან გამომდინარე, ამ მდგომარეობიდანაც ერთადერთი გამოსავალი ბავშვთა ვაქცინაციაა, რაც განაპირობებს ინფიცირებულთა რაოდენობასაც და ლეტალობის მაჩვენებელსაც”, - მიიჩნევს გამოცემასთან საუბრისას აკაკი ზოიძე.

“ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ენდელაძემ კი აცხადებს, რომ სხვა ფაქტორებთან ერთად, ინფიცირებული ბავშვების რაოდენობის ზრდის ერთ-ერთი მიზეზი მოქმედი რეგულაციების უგულვებელყოფაა. “ბავშვებში ინფიცირების გაზრდა წინა წელს არსებული შტამიდან განსხვავებით დელტა შტამს ახასიათებს, რადგან ის უფრო აგრესიულია. ასევე ამ ფაქტს ხელს უწყობს რთული ეპიდსიტუაცია ქვეყანაში. ყველაზე მეტად კი რეგულაციების არ დაცვა, რაც ხშირად ირღვევა მოზრდილი მოსახლეობის მხრიდან”, - თქვა ენდელაძემ, - დასძენს სტატიის ავტორი.

ვახტანგ ძაბირაძე - “პროფესიონალმა ექიმებმა “ოცნება” იმდენად მოაქციეს ჩიხში, სხვა გზა არ დაუტოვეს”

“ის, რომ რაღაც ნაბიჯები გადაიდგა, უკვე კარგია დესტაბილიზაციის თავიდან ასაცილებლად. ვერ ვიტყვი, რომ ამით კრიზისი დასრულდება, შესაძლოა აქციები ისევ გაგრძელეს, მაგრამ მთავარია, დაძაბულობის პიკიდან ქვემოთ წამოვიდეთ. აქ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა მაინც ექიმთა გადაწყვეტილებები. თავიდან ხელისუფლება კი შეეცადა სახალხო დამცველის მიერ შედგენილი ექიმთა ჯგუფი პოლიტიკურად ანგაჟირებულად მოენათლა და არ გამოვრიცხავ, რომ იქ მართლაც იყვნენ ოპოზიციის მხარდამჭერები, მაგრამ საბოლოოდ პროფესიონალიზმმა აჯობა მიკერძოებულობას და ხელისუფლება იძულებული გახდა, სააკაშვილი გადაეყვანა კლინიკაში ისე, რომ უსაფრთხოება დაცული ყოფილიყო. მხოლოდ სააკაშვილის უსაფრთხოებას არ ვგულისხმობ - მნიშვნელოვანია, პროვოცირების საშუალება არ მიეცეს არც ერთ მხარეს”, - აცხადებს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “პროფესიონალმა ექიმებმა “ოცნება” იმდენად მოაქციეს ჩიხში, სხვა გზა არ დაუტოვეს”.

“აქციები შესაძლოა ახალი წლის დღეებში შეწყდეს, მაგრამ მერე განახლდება. ამაში დარწმუნებული ვარ, მაგრამ ფეთქებად სიტუაციას არ ველი. ძალიან კარგი იქნება, თუ პროცესები ქუჩიდან პარლამენტში გადავა, მაგრამ არც აქციებია პრობლემა. სახიფათოა ფეთქებადი სიტუაცია, როდესაც ვინმეს პროვოცირებით შესაძლებელი ხდება სამოქალაქო დაპირისპირება. იქნება მუდმივი დაძაბულობა: ან ხელისუფლება დაუშვებს რაიმე შეცდომას, ან ოპოზიცია მოიფიქრებს რამეს და ა.შ. მაგრამ მთავარია სიტუაცია უმართავ პროცესებში არ გადაიზარდოს. ცხადია, აქციები არჩევნებამდე გაგრძელდება. ოპოზიციას სხვა გამოსავალიც არა აქვს... საკითხავი ის არის, არჩევნები როდის იქნება - 2024-ში თუ მანამდე. შესაძლოა ეს დაპირისპირება გარკვეულწილად ორივეს აწყობს, ამ დროს კი საჭირბოროტო თემები განზე რჩება. ვის სცალია ეკონომიკაზე, სოციალურ საკითხებზე სალაპარაკოდ, როდესაც, მაგალითად, დღეს-ხვალ შესაძლოა მესამე პრეზიდენტის სიცოცხლე საფრთხის ქვეშ აღმოჩნდეს? ქვეყანა მესამე რეალობაში ცხოვრობს, ოღონდ ეს არც ერთ მხარეს არ აინტერესებს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

“თუ ოპოზიცია გამოაცხადებს, ჩვენ სააკაშვილის გადაყვანა გორის ჰოსპიტალში ქუჩის პროტესტით შევძელითო, შეცდომა იქნება და ვფიქრობ, საზოგადოებაში უფრო ნეგატიურ განწყობებს გააჩენს. ქუჩის პროტესტით კი არა, ექიმების ჩარევით შეძლეს. პროფესიონალებმა “ოცნება” იმდენად მოაქციეს ჩიხში, სხვა გზა არ დაუტოვეს. ამიტომაც წავიდა დათმობაზე. ოპოზიციისთვის ეს ფაქტი ორმაგად მნიშვნელოვანი უნდა გახდეს. სწორედ ასეთი თემები უნდა მოძებნონ და ასეთი მეთოდებით იმუშაონ, მაგრამ ამას აქციაზე “გაუმარჯოს” ძახილი, სააკაშვილი პოლიტპატიმარია და მსოფლიო ფეხზე დადგებაო, არ შველის”, - განაგრძობს რესპონდენტი და შეკითხვაზე - “ოპოზიცია აპელირებს ხელისუფლების მიერ დასავლური კურსის შეცვლაზე. ამის თქმის საფუძველი რეალურად არსებობს?” - პასუხობს:

“გულწრფელად რომ გითხრათ, ჩემი აზრით, საქართველოში პროდასავლური ხელისუფლება არც არასოდეს ყოფილა. დეკლარაციის დონეზე ყველა ამბობდა, ევროპისკენ მივდივართო, სინამდვილეში კი ეს არასოდეს მომხდარა. ამ წრეში ყველა ოპოზიცია ხელისუფლებას ადანაშაულებს, რომ არის რუსეთის ინტერესების გამტარებელი. თავის მხრივ, ხელისუფლება ყოველთვის ადანაშაულებს ოპოზიციას, რომ არის მოღალატე. ახლაც რა აძლევთ იმის თქმის საშუალებას, რომ ხელისუფლება პრორუსულია? ივანიშვილი, მეტი არაფერი, რადგან მილიარდები რუსეთში იშოვა. მაგრამ ბენდუქიძემაც ხომ რუსეთში იშოვა? სამწუხაროდ, ეს ვართ - თუ რუსეთს ვაგინებთ, პროდასავლურები ვართ, თუ ჩუმად ვართ, პრორუსები”.

“კობახიძის ბოლოდროინდელი განცხადება გაკეთდა იმის გამო, რომ დასავლეთს ხელისუფლებისთვის მისაღები განცხადებები არ გაუკეთებია, პრორუსობა აქ არაფერ შუაშია. თუ ისეთი ვინმე ჩამოვა, რომ ხელისუფლებისთვის მისაღებ ან ნეიტრალურ განცხადებას გააკეთებს, რა თქმა უნდა, სააკაშვილთანაც შეუშვებენ და არც კობახიძე გააკეთებს ასეთ შეფასებებს. რა შუაშია აქ კურსის ცვლილება და პრორუსობა?.. ერთმანეთის გაშავება მიდის და ეს ყველაფერი ამის შედეგია. ოპოზიცია ცდილობს ხელისუფლება გააშავოს, რომ ივანიშვილი რუსეთის საქმეს აკეთებს, ხელისუფლება ოპოზიციას მოღალატეებს ეძახის და ეს არის სწორედ წრეზე ტრიალი. უბედურება ის არის, რომ დიალოგი არავის უნდა, ჩვენს რეალობას ვქმნით და გვინდა მოსახლეობაც ამ რეალობით დავტვირთოთ. ამიტომ მგონია, რომ როგორც "ოცნებამ", ასევე "ნაცმოძრაობამ" ამოწურა პოლიტიკური რესურსი და ამიტომ არის საჭირო, საზოგადოებამ კრიტიკულად შეხედოს ორივეს. ჩვენი საზოგადოება თუ ამას მოახერხებს, მაშინ მივალთ მშვიდი და სტაბილური სახელმწიფოს შექმნამდე”, - დასძენს ვახტანგ ძაბირაძე.

იქნება თუ არა ახალი კრიზისი - რა გეგმა აქვს ენმ-ს და რას დაუპირისპირებს მას “ოცნება”

“ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული პოლიტიკური პერიპეტიების ერთი ეტაპი დასრულდა. თითქმის 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ, იგი გორის ჰოსპიტალში გადაიყვანეს, რამაც დაძაბულობა მეტნაკლებად განმუხტა. თუმცა, ეს შესაძლოა კონფრონტაციის ახალი ეტაპის დასაწყისი იყოს, რაც თვად სააკაშვილმაც დაადასტურა თავის მიმართვაში, რომლითაც თანამოაზრეებს ბრძოლის გაგრძელებისკენ მოუწოდა. როგორი იქნება ენმ-ს შემდეგი ნაბიჯები და რას დაუპირისპირებს ამას ხელისუფლება? ანალიტიკოსები არც ელიან, რომ პოლიტიკური პროცესები სააკაშვილის შიმშილობასთან ერთად შეწყდება. პირიქითი, ისინი მიიჩნევენ, რომ ოპოზიცია გორის სამხედრო ჰოსპიტალში მის გადაყვანას საკუთარ გამარჯვებად ჩათვლის, ხელისუფლება კი ამით დასავლეთის თვალში ქულების ჩაწერას შეეცდება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით იქნება თუ არა ახალი კრიზისი - რა გეგმა აქვს ენმ-ს და რას დაუპირისპირებს მას “ოცნება”.

“ანალიტიკოსთა პროგნოზით, ენმ ქუჩის აქტივობებს ახლა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით გააგრძელებს, თუმცა, “ოცნება” ამას, ბუნებრივია, არ დასთანხმდება, თუკი ქვეყანაში რამე კატასტროფა არ მოხდა. ამიტომაც სააკაშვილის უკრაინაში ექსტრადირება თუ არ მოხდა და ის კვლავ საქართველოში პატიმრობაში დარჩა, ხელისუფლების შეზანზარებას ყოველდღიურად შეეცდება. ახლა ოპოზიციისთვის მთავარი დასაყრდენი სასამართლო პროცესებია, რომელზეც ხელისუფლებამ სააკაშვილი თუ არ მიიყვანა, ესეც “ოცნების” წინააღმდეგ იმოქმედებს. მიხეილ სააკაშვილმა კი გორის ჰოსპიტალში გადაყვანამდე მიმართვა გაავრცელა, სადაც ბრძოლის ბოლომდე მიყვანაზე საუბრობს. “... როგორც არასდროს, ისე მჯერა გამარჯვების და როგორც არასდროს მჯერა, რომ ახლა სწორედ გამარჯვების დროა. არც ერთი გარიყული ადამიანი! არც ერთი დაკარგული წამი! არც ერთი ნაბიჯი უკან!“, - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის მიმართვაში. ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანა მათ გეგმებს არ ცვლის და მათი სამომავლო მიზანი სააკაშვილის თავისუფლება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ამ განცხადებას კი მმართველ პარტიაში ეხმაურებიან. “გუშინვე თქვეს - სწორი გადაწყვეტილებაა, რომ სააკაშვილი გადადის გორის ჰოსპიტალშიო. თუმცა ისინი აგრძელებენ ბრძოლას მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად. ნაცვლად იმისა, რომ დაეწყოთ შიდა პოლიტიკური შეჯიბრი, მათ შორის ხელისუფლებასთან სხვადასხვა კანონპროექტებთან და პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით პარლამენტში, პირდაპირ დააანონსეს, რომ ჩვენ ისევ ვიქნებით ქუჩაში, ჩვენ ისევ გვინდა ბრძოლა და რადიკალიზმი და მოიგონეს, რომ ახლა უნდათ რიგგარეშე არჩევნები”, - განაცხადა “ოცნების” წევრმა გურამ მაჭარაშვილმა. პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი ამბობს, რომ “ნაცმოძრაობა” ისევ დესტაბილიზაციისკენ მიისწრაფის, რაც რუსეთის გეგმებს ემთხვევა”, - განაგრძობს გამოცემა.

“ნაცმოძრაობას” მეტი რესურსი არ გააჩნია, არც ინტელექტუალური და არც პოლიტიკური, გარდა იმისა, რომ სულ მუდმივად იყოს დესტაბილიზაციის მუქარაში. მაგრამ ეს არ არის გარკვეული ადამიანების და პოლიტიკური ჯგუფის მისწრაფება, ეს მისწრაფება ემთხვევა იმას, რომელიც გააჩნია რუსეთს”, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ. ექსპერტები კი ვითარების გამწვავებას პროგნოზირებენ ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე “რეზონანსთან” ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის შიმშილის შემდეგ, რა თქმა უნდა, ოპოზიცია საპროტესტო მუხტს არ დააგდებს და გორის ჰოსპიტალში მის გადაყვანას საკუთარ გამარჯვებად გაასაღებს. მათ პაკეტში ახლა რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა აქვთ. მისივე თქმით, ახლა მთავარია სააკაშვილის ჯამრთელობას საფრთხე არ დაემუქროს და ოპოზიციას კიდევ დამატებით იმის საბაბი არ მიეცეს, რომ ქვეყანაში სიტუაცია კვლავ დაიძაბოს. თუმცა ანჯაფარიძე მუხტის დაწევას და კრიზისის განმუხტვას არ ელის. პირიქით, მისი პროგნოზით, ახლა ოპოზიცია დამატებით მოთხოვნების წამოყენებას შეეცდება”, - დასძენს გამოცემა.

“ხელისუფლების მხრიდან ეს ნაბიჯი დასალეთის თვალში ჩაწერილი ქულაა. კი, ბატონო, ოპოზიცია ამას საკუთარ გამარჯვებად გაასაღებს, მაგრამ ხელისუფლებაც ამას ქულის დაწერისთვის გამოიყენებს. როგორც პროცესებზე მთავარი პასუხისმგებლიანი პირი, იტყვის, რომ კრიზისის განმუხტვა ამ ფორმით სცადა. დასავლეთიც სწორედ ამას ითხოვდა და ხელისუფლებამაც ნაბიჯი უკვე გადადგა. როდესაც ასეთი კრიზისის წინაშე დგახარ, ხელისუფლებას ვგულისხმობ, ამ შემთხვევაში, ყველა სცენარი გათვლილი უნდა გქონდეს. ზუსტად უნდა იცოდე, ამა და ამ სცენარის განვითარების შემთხვევაში როგორ უნდა იმოქმედო, რომ მოულოდნელად ჩიხში არ აღმოჩნდე. ხელისუფლება კი უფრო მოვლენებს მიჰყვებოდა და როცა დაინახა, რომ სააკაშვილის მდგომარეობა უფრო დამძიმდა, მოქმედება მერე დაიწყო. ადამიანი ამდენ ხანს რომ შიმშილობს, როგორი ჯანმრთელიც არ უნდა იყოს, ეს მის ორგანიზმში მძიმე ცვლილებებს გამოიწვევს, თუნდაც სანახევრო შიმშილობის პირობებში. ხელისუფლებას, ჩემი დაკვირივებით, გარკვეული შიში ჰქონდა, რომ მისი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანისას გარკვეული საფრთხეები არსებობდა“, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაალ ანაჯაფარიძე.

“ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი კი მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანის გადაწყვეტილება დიდი ალბათობით პირადად ბიძინა ივანიშვილმა მიიღო. მისი ვარაუდით, როგორც ჩანს, ივანიშვილს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით არასწორ ინფორმაციას აწვდიდნენ - აიმედებდნენ, რომ სააკაშვილი არ შიმშილობდა, სიმულიანტობდა და ცუდადაც არ გახდებოდა. მან ასევე დაინახა ექიმების გუნდი, რომელიც ერთხმად სააკაშვილის გადაყვანას ითხოვდა. გლდანის ციხის კადრების გავრცელებამ კი დასავლეთის რეაქცია ხელისუფლების მიმართ რადიკალურად შეცვალა. არც ხელისუფლებას არ აქვს ის რესურსი, რომ ენმ წელში გადატეხოს. პირიქით, სააკაშვილის რეიკარნაციას თავად ახდენს. ახლა ენმ-ს იმაზე მეტი რეიტინგი აქვს, ვიდრე აქამდე ჰქონდა. ეს კი ხელისუფლების დამსახურებაა, რომელმაც სრულიად აბსურდული გადაწყვეტილებით - ექსპრეზიდენტის გლდანის ციხეში გადაყვანის კადრებით - სააკაშვილი თითქმის “გაათეთრა”. ახლა სააკაშვილი სასამართლოსთვის მოემზადება და მოსახლეობის ყურადღებას იქიდან მიიქცევს. მას იმის უნარი აქვს, რომ მუდმივად ყურადღების ცენტში იყოს. ხელისუფლება კი დიდი ხნით მის დამალვასა და სასამართლოზე არ მიყვანას ვეღარ შეძლებს”, - წერს სტატიის ავტორი.

“ივანიშვილისთვის გადაწყვეტილების შეცვლა პრობლემა არ არის. მას თუ დასჭირდა, ძალიან ადვილად შეცვლის. ის კობახიძის, მდინარაძის და სხვა მისნაირების რეპუტაციაზე არ ფიქრობს. ამიტომაც ვართ ერთი კაცის ეზო - როგორც ის იტყვის, ყველაფერი ისე ხდება. როგორც ჩანს, ამდენი ექიმის დანახვის შემდეგ დაეჭვდა და ამბავი რეალურად მოიკითხა. არ ვთვლი, რომ ახლა ამით პოლიტიკური კრიზისი განიმუხტება. პირიქით, ორივე მხარე ისევ იგივე ტონალობაში ჭიდილს განაგრძობს. ორივეს ასეთი ტაქტიკა აქვს, რომ ერთმანეთი წელში უნდა გადატეხონ. ეს კი ქვეყნისთვის არის დამაზიანებელი. ოპოზიციას არ აქვს არც შესაძლებლობა და არც უნარები, რომ რევოლუცია მოაწყოს და ხელისუფლება ძალადობრივად შეცვალოს. ეს რესურსი სრულიად გამორიცხულია. მაშინ ოპოზიციის მხარეს შეიარაღებული ძალა უნდა იყოს, ჯარი ან კიდევ შსს მის მხარეს უნდა გადავიდეს. ხელისუფლება შიგნიდან უნდა დაინგრეს, როგორც ეს 90-იან წლებში მოხდა. ან არჩევნების შედეგად “ოცნება” უნდა წავიდეს. არჩევნები კი 3 წელიწადში მოდის. ხელისუფლება რიგგარეშე არჩევნებზე არ წავა, თუ რამე კატასტროფა თავად არ ჩაიდინა. ამის განწყობა დიდად ხალხშიც არ არის”, - განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით ზურაბიშვილი.

“მათი ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ დაიწყება ანგარიშსწორება იმაზე სასტიკი მეთოდებით, ვიდრე იყო“

“ირაკლი კენჭოშვილი და მისი მეუღლე ირინა გონაშვილი, წლებია, აღარ იხსენებენ, რა გადაიტანა მათმა ოჯახმა 2005 წელს. ყველაფრის დავიწყება სურდათ, სიძულვილით რომ არ ეცხოვრათ, მაგრამ ბოლოდროინდელმა ამბებმა მათ უბიძგა, საჯაროდ ელაპარაკათ - “დღემდე თავს ვიკავებდი საჯაროდ საუბრისგან, მაგრამ ისეთი ამბავი ატეხეს მიშას შიმშილობაზე, ვფიქრობ, ყველამ უნდა ამოიღოს ხმა... რაც მე გავიარე, იყო წამება”, - ამბობს ირაკლი კენჭოშვილი, რომელმაც ორთაჭალის ციხეში რამდენიმე თვე გაატარა და მხოლოდ მას შემდეგ გაათავისუფლეს, როცა, ზეწოლის შედეგად, მამის დანატოვარი ქონება ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომელს გაუფორმა”, - წერს გაზეთი “კვირის პალიტრა” სტატიაში, სათაურით “მათი ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ დაიწყება ანგარიშსწორება იმაზე სასტიკი მეთოდებით, ვიდრე იყო“.

“2005 წლის ოქტომბერში დამიჭირეს მოგონილი ბრალდების საფუძველზე მხოლოდ იმიტომ, რომ ნინო ბურჯანაძის ნაძირალა ქმარმა ბადრი ბიწაძემ და ყოფილმა პროკურორმა, გარეწარმა ვალერი გრიგალაშვილმა მოინდომეს ჩემი და ჩემი კომპანიონების ქონების ხელში ჩაგდება. ერთ თვეში ჩემი სხვა კომპანიონებიც დაიჭირეს. ჩვენი პატიმრობის განმავლობაში ჩვენი ოჯახის წევრებზე პროკურორებისგან მუდმივად იყო ზეწოლა, თუ კონკრეტულ პირებს არ გადავუფორმებდით ჩვენს კუთვნილ აქციებს (რომლებიც შემდეგ სახელმწიფოთი შეცვალეს), დიდი ხნით გამოგვამწყვდევდნენ ციხეში (შეკრებითობით 25 წელი გამოდიოდა). ახლა იმის შესახებ, რაც იქ ხდებოდა: დეკემბერში პატიმრებმა გამოაცხადეს შიმშილობა. ორი კვირის განმავლობაში არ შემოდიოდა “პერედაჩები”. იანვრის დასაწყისში, ახალ წელს ჩამათრიეს კარცერში, სადაც ადრე სიკვდილმისჯილები ჰყავდათ. ეს იყო სველი სარდაფი, სადაც არც შუქი გვქონდა და არც სუფთა ჰაერი შემოდიოდა, ბაღლინჯოებით და ვირთხებით იყო სავსე”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი კენჭოშვილი.

“არასდროს დამავიწყდება კარცერის სიბინძურის სუნი და არ დამავიწყდება პატიმარი, რომელიც ექვსი თვე იჯდა კარცერში და რომელმაც მითხრა, შენ ჯერ არ იცი, რას ნიშნავს ციხე, კარცერი იმასთან შედარებით არაფერია, “სპეცებში” - განსაკუთრებით საშიშ დამნაშავეებთან გადაგიყვანენ და ისეთ პირობებში ჩაგაგდებენ, თავს დაიწყევლი, დღესვე ორივე ხელიც რომ მომაჭრან, თანახმა ვარ, ოღონდ როგორმე აქედან გავიდეო... ორი კვირის ნაშიმშილარმა კარცერში პროტესტის ნიშნად მშრალი შიმშილობა გამოვაცხადე. რამდენჯერმე ცუდად გავხდი და დამჭირდა ექიმის გამოძახება, მაგრამ ციხის საავადმყოფოში მაინც არ გადამიყვანეს. არც ფაფები და ვიტამინები შემოუთავაზებია ვინმეს. იცით, ციხიდან რომ გამოვედი, რამდენი კილო ვიყავი? 45 კილო!” - განაგრძობს რესპონდენტი.

“ამას დაემატა კარცერში ხანძარი. თითქმის ერთი საათის განმავლობაში ვიხრჩობოდით კვამლში. ავტეხეთ საშინელი ხმაური, ყველა ვითხოვდით შველას, მაგრამ მიტოვებულები ვიყავით. ეჭვი მაქვს, რომ ეს ყველაფერი სპეციალურად იყო მოწყობილი. ბეწვზე მოგვისწრეს `კლუჩნიკებმა~, რომლებმაც სარდაფიდან ამოგვიყვანეს. ამის შემდეგ დამაბრუნეს ძველ კამერაში. ახლა მიშა რომ ზის, ზუსტად მაგხელა კამერაში 11 კაცი ვისხედით. მორიგეობით ვიძინებდით... მხოლოდ გათავისუფლების შემდეგ, საქმეს რომ გავეცანი, გავიგე ჩემი კარცერში ჩაყვანის საბაბი. თურმე ბადრაგს შეურაცხყოფა მივაყენე. სინამდვილეში მიზეზი იყო ის, რომ აქციებს არ ვთმობდით. სხვათა შორის, ორთაჭალის ციხის პატიმრების საყოველთაო შიმშილობა დამთავრდა ცნობილი “ციხის ბუნტის” სისხლიანი ჩახშობით და მსხვერპლით. 4 თვე ვიყავი ციხეში, აქედან ორი კვირა _ კარანტინში, საშინელ პირობებში. ერთ, 30 კვმ ფართობის კამერაში, 120 ადამიანი ვიყავით! 7 იანვარს, შობას, საპატრიარქოს ინიციატივით, ციხეში შემოიტანეს გაყინული თევზი. პატიმრებს უკვე შეწყვეტილი ჰქონდათ შიმშილობა. უნდა გენახათ, როგორ უხაროდათ, განსაკუთრებით იმ პატიმრებს, რომლებსაც გარეთ პატრონი არ ჰყავდათ და მხოლოდ “ბალანდაზე” იყვნენ”, - იხსენებს სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლი.

“როდესაც სოცქსელში დავწერე ჩემი ამბავი, ბევრმა მომწერა, რომ დამნაშავედ თავს არავინ მიიჩნევს და რატომ არ დავაკონკრეტე, რა ქონება წამართვეს... დოკუმენტურად დავამტკიცებ, რომ აბსოლუტურად ყველაფერი, რაც ჩემს ბიზნესსა და ქონებას უკავშირდებოდა, იყო კანონიერი და დანაშაული კი არა, დარღვევაც კი არ გვქონია. დამიჭირეს მამაჩემისგან მემკვიდრეობით მიღებული ქონების მისათვისებლად. ჩვენ ვიყავით განსასჯელები და არ გვქონდა მისჯილი, მიშასგან განსხვავებით, ამიტომ სულაც არ იყო აუცილებელი, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა გამოეყენებინათ, მაგალითად, ჩემი კომპანიონისთვის - 60 წელს გადაცილებული ინსულტიანი ადამიანისთვის. ახლა მინდა ვკითხო სააკაშვილის მომხრეებს: თუ მიშას მიმართ ციხის ადმინისტრაციის ქმედებებს წამების კვალიფიკაციას აძლევთ, ჩვენ მიმართ, სულხან მოლაშვილის, სერგო თეთრაძის და უამრავი გლდანის პატიმრის მიმართ ციხის ადმინისტრაციის ქმედებებს რა კვალიფიკაციას მისცემთ? ლომჯარიამ ხომ დაადასტურა, რომ მიშას ფიზიკური დაზიანებების კვალი არ ეტყობა, სულხან მოლაშვილს კი მთელ სხეულზე სიგარეტით დამწვრობები ჰქონდა, რაც ევროსასამართლომაც დაადასტურა. ან სამართლიანად მიგაჩნიათ ჩვენთვის, უდანაშაულო ადამიანებისთვის, 25-წლიანი სასჯელი და მიშასთვის მხოლოდ 6 წელი?!”, - აღნიშნავს ირაკლი კენჭოშვილი.

“ჩვენ ხომ არც არც სტრატეგიული ობიექტები მიგვიყიდია რუსებისთვის, არც 28.000 თურქისთვის მიგვიცია მოქალაქეობა, არც ზურაბ ჟვანია მოგვიკლავს, არც სანდრო გირგვლიანი, არც ბუტა რობაქიძე, არც ზურა ვაზაგაშვილი, არც გურამ შარაძე, არც მიტინგები დაგვირბევია, არც ბიზნესმენები დაგვიყაჩაღებია და არც ქონება წაგვირთმევია ვინმესთვის. ჩვენ რატომ ვიყავით ღირსი ციხეში არაადამიანური მოპყრობის და სააკაშვილი რატომ უნდა იყოს პრივილეგირებულ მდგომარეობაში? არ მინდოდა ამ ყველაფრის გახსენება, რადგან გლდანის ციხეში ისეთ მძიმე პირობებში ჰყავდათ პატიმრები, ჩემი პატიმრობა სახსენებელიც არ არის. ამას ვწერ მხოლოდ იმიტომ, რომ ახალგაზრდებმა, რომლებიც არ მოსწრებიან იმ რეჟიმს და დღეს მხარს უჭერენ მიშას, იცოდნენ სიმართლე. ნუ მოტყუვდებიან ცრუ პარტიული ტელევიზიების პროპაგანდით, გვკითხონ ჩვენ, თვითმხილველებს, რა ხდებოდა მაშინ და შეადარონ დღევანდელ სიტუაციას. ნუ ფიქრობთ, რომ მიშა გამოსწორდა! მათი ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ დაიწყება ანგარიშსწორება იმაზე სასტიკი მეთოდებით, ვიდრე იყო”, - დაასკვნის რესპონდენტი.

“სამწუხაროდ, ბევრნი ვართ ისინი, ვინც ჩვენს თავზე გამოვცადეთ ის ჯოჯოხეთი. ეგონათ, რევოლუციას მოახდენდნენ, მაგრამ კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ. მიშა რა შუაშიაო, რომ იძახიან, მისი შექმნილი არ იყო ის სადისტური სისტემა? კიდევ ჩვენგან მოითხოვენ სოლიდარობას! მე რომ სოლიდარობა გამოვუცხადო, იმ ხალხს თვალებში როგორ შევხედო, ვინც ჩემზე უარესი გამოიარა, ან ვინც დაიღუპა, მათ ახლობლებს რა ვუთხრა?”, - ამბობს კენჭოშვილი და შეკითხვაზე - “ახლა რას საქმიანობთ, სამართლიანობა თქვენ მიმართ რა ფორმით უნდა აღდგეს?” - პასუხობს:

“ფიტნესცენტრი მაქვს, პერსონალური მწვრთნელი ვარ. არავის არაფერი დაუბრუნებია ჩვენთვის, პროკურატურაშია ჩვენი სარჩელი და ველოდებით რეაგირებას. აი, რამდენი წელი გავიდა და პასუხი არ არის”...

“ამ ყველაფრის გახსენება ემოციების გარეშე არ შემიძლია. თვალწინ მიდგას, როგორ მოათრია ირაკლი ექვსმა კბილებამდე შეიარაღებულმა, ორმეტრიანმა სპეცრაზმელმა, როგორც უკანასკნელი ყაჩაღი. ირაკლი ყველაზე კანონმორჩილი და წესიერი ადამიანია, ვისაც ვიცნობ. ეს ამბავი ჯერ კიდევ “ნაციონალების” ხელისუფლებაში მოსვლამდე დაიწყო. გვებრძოდნენ ადამიანები, რომლებიც შემდეგ ხელისუფლებაში მოვიდნენ და მეტი შემართებით გააჩაღეს ბრძოლა. ერთ-ერთი იყო ვალერი გრიგალაშვილი, რომელმაც სულხან მოლაშვილი აწამა. ის იყო ისანი-სამგორის რაიონში პროკურორი და ის ქარხანა, რომელიც ირაკლის მემკვიდრეობით ერგო მამამისისგან, სწორედ იქ იყო. 45-ტომიანი საქმე შეთხზეს. ამუშავებდნენ მოწმეებს, რომლებიც ჩვენს სასარგებლოდ იძლეოდნენ ჩვენებებს. ყველას მიმართ აღძრეს სისხლის სამართლის საქმე, ყველა დააშინეს და რაც სურდათ, იმას აწერინებდნენ. თავდებით გათავისუფლებული ადამიანი მეორედ დაიჭირეს ყალბი ბრალდებით, რომ ვითომ ირაკლიმ გამოუშვა ფასიანი ქაღალდები. “60 წუთმა” ჩაატარა ჟურნალისტური გამოძიება. გამიკვირდა, რომ ის გადაცემა ეთერში გავიდა, თუმცა ამ სიუჟეტის შემდეგ მალევე დახურეს”, - აცხადებს გამოცემასთან რესპონდენტის მეუღლე ირინა გონაშვილი.

“დავდიოდი სასამართლოში, პროკურატურაში, მყავდა 7 წლის გოგონა, მოხუცი დედამთილი. ყველანაირად ვცდილობდით, ჩვენი სიმართლე დაგვემტკიცებინა, მაგრამ ვერაფერს მივაღწიეთ. გავყიდეთ, რაც გვქონდა: მანქანა, ავტოფარეხი, ავეჯი... ადვოკატებისთვის ფული უნდა მეხადა, ციხეში საჭმელი უნდა მეგზავნა, უნდა მეარსება... ჯერ მარტო ყოველთვე ციხეში “პალაჟენიის” 300 ლარს არაოფიციალურად ვიხდიდი. მის პატიმრობაში ვიხდიდი ფულს, დღეგამოშვებით ლოგინზე დაძინების საშუალება რომ ჰქონოდა და კვირაში ერთხელ შხაპი მიეღო. დილის 5 საათიდან მივდიოდი ორთაჭალის ციხესთან და საათობით ვიდექი ყინვაში, რომ საჭმელი შემეგზავნა. ზოგჯერ ღამის ათ საათამდე მიწევდა რიგში დგომა. იმის გადმოცემა, რაც იქ ხდებოდა და რასაც განვიცდიდი, შეუძლებელია. დაბურულშუშებიანი მანქანები დამყვებოდნენ, მეზობლებმაც იცოდნენ და მაფრთხილებდნენ, რომელ დღეს რომელი მანქანა მითვალთვალებდა. კვირაში ერთხელ ჩრეკდნენ სახლს, სულ კუდში დამყვებოდნენ. ამასობაში გახმაურდა ჩვენი ამბავი, მაგრამ ისე მეშინოდა, რომ ყველასთან კონტაქტისა და რამის თქმისგან თავს ვიკავებდი. ირაკლი მათ ხელში იყო და არ ვიცოდი, როგორ მოექცეოდნენ. მირეკავდნენ და მემუქრებოდნენ, ასე და ასე ვუზამთო. ბოლო პერიოდში ტელეფონითაც აღარ მქონდა მასთან კონტაქტის საშუალება. ერთადერთხელ მომიწყვეს შეხვედრა, ისიც იმ მიზნით, რომ მისთვის მეთქვა ერთადერთი სიტყვა: “დათმე”, - იხსენებს ირინა გონაშვილი.

“ისეთი გაუსაძლისი იყო ჩვენი ყოფა, ოღონდ გამოსულიყო ციხიდან და არაფერი მინდოდა. ღამეები არ მეძინა, არ ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი, როგორ დამემტკიცებინა, რომ დამნაშავე არ იყო. ირაკლი მეუბნებოდა, გაყიდე ყველაფერი, მინდა ჩემი სიმართლე დავამტკიცოო. მიანიშნეს, რომ იქიდან ცოცხალი ვერ გამოვიდოდა... ბოლოს ვეხვეწებოდი, ოღონდ ხელი მოაწერე, აღარ მაქვს არც ძალა, არც ღონე, ყველანაირი რესურსი გამომელია-მეთქი. სხვა კომპანიონებიც ხომ ციხეში იყვნენ. ერთ დღესაც მათი ცოლები შეგვიყვანეს, მინდობილობით ეს აქციები ჩემზე გადმოაფორმეს და იმავე დღეს, ღამის 11 საათზე, წაგვიყვანეს რეესტრში, ჩუქება გავაფორმოთო. ემოციებით გადაღლილი ვიყავი და ვიხვეწებოდი, დილით წავსულიყავით, მაგრამ... ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომელს ვაჩუქეთ აქციები, რომელზეც 45-ტომიანი საქმე შექმნეს. როგორც ვიცი, ეკონომიკის სამინისტრომ გაყიდა ის აქციები და დღეს ჩვენი ქარხნის ადგილას დიდი სავაჭრო ცენტრია, ქარხნის ეზოში კი - ბაზრობა. მოკლედ, იმ ადგილს ჰყავს კანონიერი მფლობელი, ჩვენი საქმე წლებია თაროზეა შემოდებული, ჩვენ კი თავიდან დავიწყეთ ცხოვრება...”, - დასძენს ირაკლი კენჭოშვილის მეუღლე.

მარინა კალიურანდი - დიახ, არჩევნებით საქართველომ დემოკრატიის ტესტი ჩააბარა, გადააბიჯა დემოკრატიულობის ზღურბლს, მაგრამ არის კითხვა, რამდენად გსურთ მხოლოდ ზღურბლს გადააბიჯოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 26.11.2021
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლებისადმი ნდობა დამოკიდებულია არა იმაზე, თუ რა პროგრამებს აანონსებს, არამედ იმაზე, თუ როგორ ასრულებს გაცემულ დაპირებებს
ბიძინა ლებანიძე - საქართველომ და უკრაინამ გერმანიასთან მიმართებაში ფუჭი მოლოდინი არ უნდა შეიქმნას, გერმანია სამხედრო თვალსაზრისით არ ჩაერთვება არც ერთ სამეზობლო კონფლიქტში
განსაკუთრებული ტექ-ინვესტორი საქართველოში - GAABU-ს ახალი წევრი და ტექნოლოგია, რომელიც ცვლის ტელეკომუნიკაციის სამყაროს მომავალს
სილქფესტი ფასდაკლების დღეებს უერთდება - გაეცანით სილქნეტის მთავარ შეთავაზებებს
ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს 114-ე სესია, რომელიც საქართველოში მიმდინარეობდა, დასრულდა
პროგრამა ბალანსი ბიზნესისთვის - როგორია ფინანსების აღრიცხვისა და ავტომატიზაციის თანამედროვე სტანდარტი?
XXI საუკუნის ხელნაწერ „ვეფხისტყაოსანზე“ 18-წლიანი მუშაობა დასრულდა - რა უნდა იცოდეთ ახალ, უნიკალურ გამოცემაზე
საინფორმაციო პორტალი 08.GE - ყველა კითხვაზე პასუხი ერთ სივრცეში
საქართველო ზეთისხილის საერთაშორისო დღეს უმასპინძლებს, რომელიც იუნესკოს ეგიდით ტარდება