ქამრან ბოხარი - აშშ-ს მართებს საქართველოსთან, როგორც ტრანსკავკასიური უსაფრთხოების დასავლური არქიტექტურის კრიტიკულად მნიშვნელოვან კვანძთან, ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცება

„წარმოადგენს თუ არა საქართველო შემდეგ სამიზნეს რუსეთის შავი ზღვის სტრატეგიაში?“- აღნიშნულს სტატიას ანალიტიკოს ქამრან ბოხარის ავტორობით, ამერიკული გამოცემა The National Interest ავრცელებს.

სტატიაში ავტორი განიხილავს შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების კონტექსტში არსებულ გამოწვევებს და ამ კუთხით რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოსა და უკრაინის მიმართ გამოყენებულ აგრესიულ პოლიტიკაზე წერს.

„როგორც ეს უკრაინაში კრემლის აგრესიული ქცევიდან/ქმედებებიდან ჩანს, რუსეთის მასიური სამხედრო ძალა პირდაპირ ზეგავლენას ახდენს შავი ზღვის აუზის ქვეყნების უსაფრთხოებაზე. თუმცა, რუსეთი არ აპირებს ერთ ადგილზე გაჩერებას და ის ძალისხმევას არ იშურებს საქართველოში დასავლური ჩართულობის აღმოსაფხვრელად“, - აღნიშნავს ბოხარი და დასძენს, რომ ამ შემთხევაში აშშ-ს მართებს საქართველოსთან, როგორც ტრანსკავკასიური უსაფრთხოების დასავლური არქიტექტურის კრიტიკულად მნიშვნელოვან კვანძთან, ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცება.

ანალიტიკოსი ყურადღებას ამახვილებს რუსეთისთვის შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობაზე, რადგან „ამ საზღვაო გზით რუსული პურის ხორბლისა და ნავთობის ექსპორტი უერთდება საერთაშორისო საზღვაო-სატვირთო მიმოსვლის მარშრუტს. ამავდროულად, რეგიონი შემოსაზღვრულია იმ სანაპირო ხაზით, რომელსაც რუსეთი მე-18 საუკუნიდან იყენებს საკუთარი გავლენის ევროპასა და ახლო აღმოსავლეთზე პროექცირებისათვის.“

ბოხარი აქვე ხაზს უსვამს იმ ფაქტსაც, რომ ბოლო ორი ათეული წლის განმავლობაში, რუსები აგრესიულად ასუსტებდნენ დასავლეთის მიერ შექმნილი უსაფრთხოების მექანიზმებს, რაც თვალნათლივ დაფიქსირდა 2008 წელს საქართველოს, ხოლო 2014 წელს უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრით.

„მოსკოვმა იცის, რომ ვაშინგტონი მუდმივ რეჟიმში აკვირდება მისი სამხედროების გადაადგილებას უკრაინის ტერიტორიაზე. შესაბამისად, მოსკოვი იმ სივრცეებში იმოქმედებს, საითკენაც ვაშინგტონის ყურადღება მიპყრობილი არ იქნება,“ - აღნიშნულია სტატიაში.

ავტორის განცხადებით, საქართველო რჩება რეგიონის ერთადერთ სახელმწიფოდ, სადაც კრემლს შეუძლია ესკალაციის მოხდენა.

„შავი ზღვის რეგიონის იმ 5 სახელმწიფოდან, რომლებიც აშშ-ის მოკავშირეებად ითვლებიან, საქართველო ერთადერთია, რომლის ჩრდილოეთის ფლანგი საგრძნობლად მოშიშვლებულია კრემლის მხრიდან შესაძლო დარტყმის თვალსაზრისით. 1991 წელს ქვეყნის დამოუკიდებლობიდან მოყოლებული, რუსეთი ახერხებდა, მათ შორის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიების ოკუპაციით, დაებრკოლებინა საქართველოსა და დასავლეთის სტაბილური მოკავშირეობა,“ - წერს ქამრან ბოხარი.

ანალიტიკოსი ასევე წერს, რომ საქართველო მოწყვლადია რუსეთისგან მომდინარე როგორც სამხედრო ხასიათის წნეხის, ისე სხვა, უფრო შეფარული მავნე ზეგავლენის მიმართ.

„აშშ-ის საჯარო წყაროების თანახმად, რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახური ცდილობს, სათავისოდ გამოიყენოს ქვეყანაში მომხდარი შიდა პოლიტიკური დაპირისპირება,“ - ნათქვამია სტატიაში.

თუმცა ქამრან ბოხარი აღნიშნავს იმასაც, რომ არსებული რთული გამოწვევებისა და კრემლის ძალისხმევის მიუხედევად, 2021 წლის 30 ოქტომბერს, საქართველომ წარმატებით ჩაატარა ადგილობრივი არჩევნების მეორე ტური, რაც, საერთო ჯამში, წარმოადგენდა ქვეყანაში თავისუფალ და მიუკერძოებელ გარემოში ჩატარებულ, რიგით მე-7 არჩევნებს.

ამასთან, სტატიაში ავტორი ეხმაურება 8-9 დეკემბერს დაგეგმილ დემოკრატიის სამიტს და აღნიშნავს, რომ საქართველო დამსახურებულად მიიღებს მონაწილეობას 8-9 დეკემბერს დაგეგმილ დემოკრატიული ქვეყნების სამიტში, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციის ხელშეწყობით ჩატარდება.

„სამი კვირის წინ, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა ხელი მოაწერა ახალ შეთანხმებას, რომლის თანახმადაც შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოს შეიარაღებული ძალების წვრთნის პროცესს. ცალკე უნდა აღინიშნოს ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი როლი, რომელიც საქართველომ ითამაშა ავღანეთიდან ევაკუაციის ძალისხმევის ფარგლებში, სადაც ქვეყანამ დახმარება გაუწია აშშ-ს ავღანეთიდან მოწყვლადი კონტინგენტის/უცხოელი სამოქალაქო პირების რეპატრიაციას და ავღანეთის მოქალაქეებისათვის უსაფრთხო ტრანზიტის უზრუნველყოფას“, - წერს ანალიტიკოსი ქამრან ბოხარი.

The National Interest -ის ანალიტიკოსის განცხადებით, რუსეთი აკვირდება აშშ-ის მიერ დემოკრატიის წახალისების ხელშეწყობას და ამ პროცესს ერთდროულად, ერთის მხრივ საფრთხედ, ხოლო მეორეს მხრივ კი შესაძლებლობად აღიქვამს. საქართველო ძალზე მოწყვლადია რუსეთისგან მომდინარე როგორც სამხედრო ხასიათის წნეხის, ისე სხვა, უფრო შეფარული მავნე ზეგავლენის მიმართ. აშშ-ის საჯარო წყაროების თანახმად, რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახური ცდილობს, სათავისოდ გამოიყენოს ქვეყანაში მომხდარი შიდა პოლიტიკური დაპირისპირება.

„კრემლის ძალისხმევის მიუხედავად, 30 ოქტომბერს საქართველომ წარმატებით ჩაატარა ადგილობრივი არჩევნების მეორე ტური, რაც, საერთო ჯამში, წარმოადგენდა ქვეყანაში თავისუფალ და მიუკერძოებელ გარემოში ჩატარებულ, რიგით მე-7 არჩევნებს, რომლებიც 300-ზე მეტი საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა შეაფასეს როგორც კარგად ადმინისტრირებული და კონკურენტული“, - აცხადებს ბოხარი.

The National Interest-ის ანალიტიკოსის თქმით, ვაშინგტონს მართებს თბილისთან ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცება. ქამრან ბოხარის განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა გაცილებით უფრო სერიოზულად უნდა აღიქვას შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხი და უნდა მოახდინოს შავი ზღვის აუზზე ყურადღების კონცენტრირება, ჩინეთისკენ მიმართული მისი სტრატეგიული მიდგომების გადაწყობის მიუხედავად რადგან, მაშინ როდესაც შეერთებული შტატები იბრძოდა ერაყსა და ავღანეთში, კრემლმა ეს პერიოდი საქართველოზე იერიშის მისატანად გამოიყენა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 4 ნოემბერს, ნატო-ს მოკავშირეებისა და პარტნიორების რუტინული სამხედრო-საზღვაო წვრთნების ფარგლებში, აშშ-ის მე-6 სამხედრო-საზღვაო ფლოტის ფლაგმანი „მაუნთ უიტნი“ (USS Mount Whitney) შავ ზღვაში შემოვიდა, სადაც ის დაჯგუფდა სარაკეტო გამანადგურებელ „პორტერთან“ (USS Porter), აშშ-ის საჰაერო ძალების F-15E ტიპის რეაქტიულ გამანადგურებლებთან და აშშ-ის საზღვაო ძალების P-8A ტიპის წყალქვეშა ნავსაწინააღმდეგო სადაზვერვო თვითმფრინავებთან.

ქამრან ბოხარი ასევე საუბრობს ადგილობრივ არჩევნებზე.

„დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ხსენებული არჩევნები სწორი გეზით მიმართავს ქვეყანას, განაგრძოს ევრო-ატლანტიკური მომავლისაკენ და 2024 წელს გააკეთოს განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე. 2019 წლიდან მოყოლებული, ხელისუფლებაში მყოფი პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერობით მოხდა პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო და საარჩევნო რეფორმის განხორციელება, რომლებიც ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის, ასევე, ვენეციის კომისიის ძირითადი რეკომენდაციების გათვალისწინებით,“ - წერს The National Interest-ის ანალიტიკოსი ქამრან ბოხარი.

მისი თქმით, ამ რეფორმის შედეგად, საქართველოში მუნიციპალური არჩევნების ორივე ტური ყველაზე მრავალფეროვანი და მრავალპარტიული კანდიდატების ჯგუფით, რომელიც კი ქვეყანას ოდესმე ჰყოლია.

ანალიტიკოსის თქმით, ზრდადი პოლიტიკური პოლარიზებისა და პანდემიის გამოწვევების მიუხედავად, მოსახლეობის დიდი ნაწილი მივიდა არჩევნებზე საკუთარი პოლიტიკური არჩევანის გასაკეთებლად. “არჩევნების შედეგებში ნათლად აისახა ქვეყანაში არსებული პოლიტიკური სპექტრის მრავალფეროვანი სიმპათიები,“ - წერს ბოხარი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა