მიხეილ სააკაშვილი 7 ნოემბერზე - ამ პროცესს შს მინისტრი მართავდა, მე ტელევიზორით ვუყურებდი და არავისთვის დირექტივა არ მიმიცია

7 ნოემბრის კადრებს რომ ატრიალებთ, რომელიც ჩემთვის ძალიან უსიამოვნო საყურებელია და მე დღემდე ცუდად ვიგონებ ამას, გუშინ არ გქონდათ 20 ივნისი?! - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ქართველმა ხალხმა ამ საქმეზე ვერდიქტი საპრეზიდენტო არჩევნებისას მალევე უკვე გამოიტანა.

„შეადარეთ დაზარალებულთა რაოდენობა 20 ივნისს და 7 ნოემბერს. გუშინ არ გქონდათ ლექსო ლაშქარავას მკვლელობა, რომელიც წაახალისა საქართველოს უმაღლესმა პოლიტიკურმა პირმა თავისი მოწოდებით?! მაგრამ მე მინდა ვილაპარაკო იმაზე, რა გეოპოლიტიკური კონტექსტი იყო მაშინ საქართველოში. საქართველო მიდიოდა ნატოსკენ. 2006 წელს პუტინმა მითხრა, ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს პროცესი შეაჩეროს. იმ წელს ბელარუსის პრეზიდენტმა ლუკაშენკომ მითხრა, ვინ არის ეს არკადი პატარკაციშვილი, რომელსაც ჩემთან უნდა ჩამოსვლა და ითხოვს ჩემთან შეხვედრის ნებართვასო. მე ვუთხარი, რომ როგორც გინდა ისე მოიქეცი, არაფერი მაგ საქმისგან არ გამოვა -მეთქი. მერე პატარკაციშვილი მაინც ჩადის მინსკში და მერე მიყვება ლუკაშენკო -დამირეკა პუტინმა და მითხრაო, მოვლენო და ისაუბრებენ პატარაკაციშვილთან, აუცილებელი არ არის შენთვის მისი ნახვაო. ლუკაშენკოსგან ვიცი, რომ „ეფესბეს“ სამი გენერალი ჩავიდა და პატარკაციშვილს შეხვდა, შემდეგ კი ლუკაშენკოს გამოუცხადეს, რომ ეს არის საქართველოს შემდეგი პრეზიდენტი. ეს ხდება 2007 წლის სექტემბერში. ამის შემდეგ იწყება კამპანია, რომ უნდა იყოს დიდი გამოსვლები პატარკაციშვილის ორგანიზებული და დაფინანსებული. პატარკაციშვილის ფული იყო მთლიანად რუსული ფული.

2007 წლის ოქტომბერს თბილისში გაიმართა ისტორიული კონფერენცია, ჩამოვიდა ნატოს გენერალური მდივანი, ამერიკის ელჩი ნატოში და პრაქტიკულად ამ კონფერენციაზე გადაწყდა საქართველოსთვის მაპ-ის მიღება. წავიდნენ 30 ოქტომბერს, 2 ნოემბერს კი მოხდა დიდი გამოსვლა. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ყველა ვინც ქუჩაში გამოვიდა, ან რუსეთის დაკრულზე ცეკვავდა ან იცოდა პატარკაციშვილის გეგმების შესახებ. ეს იყო რთული პერიოდი, იმიტომ, რომ ჩვენ ჩავატარეთ ძალიან მტკივნეული რეფორმები და ხალხს ჰქონდა ობიექტური შესაძლებლობა ჩვენზე გაბრაზებულიყვნენ.

მართლაც იყო დიდი მიტინგი, მე ეს მივიღე დიდ სიგნალად. ამ მიტინგზე მოვიდა პატარკაციშვილი და წარმოსთქვა სიტყვა, შემდეგ გაგრძელდა საპროტესტო აქციები. 7- ში დილას მაღვიძებენ და მეუბნებიან, რომ შეტაკება იყო და დაახლოებით ისეთი რაღაც მოხდა, რაც დღეს სასამართლოს წინ, ვიღაცებს გაზი რომ შეასხეს და დააკავეს. ამის შემდეგ ბევრად მეტი ხალხი გამოვიდა. ამ პროცესს შს მინისტრი მართავდა, მე ტელევიზორით ვუყურებდი და არავისთვის დირექტივა არ მიმიცია. ისინი იქცეოდნენ ისე, რა გამოცდილებაც ჰქონდათ და მაშინ ჩვენი პოლიცია იყო ძალიან ახალგაზრდა და ძალიან გამოუცდელი. ღმერთმა დაგვიფარა და არავინ დაიღუპა ამ შეტაკებების დროს. ეს ხდება ბევრ ქვეყანაში და არავის მოსდის აზრად ამაზე საქმეების აღძვრა, გარდა განსაკუთრებული მანიაკებისა. ამის შემდეგ მე გავაკეთე ის, რასაც მსოფლიოში ცოტა ლიდერი აკეთებს, მე გადავდექი და ჩემი საპრეზიდენტო ვადა 1.5 წლით შევამცირე. წავედი ახალ საპრეზიდენტო არჩევნებზე, რომელიც გაჭირვებით, მაგრამ მოვიგეთ, რათა მიმეღო ქართველი ხალხისგან ახალი მანდატი. ეს გავაკეთე იმიტომ, რომ ჩამეშალა რუსული გეგმები და ამ მიტინგისა და გამოსვლების გამო არ დაგვბლოკვოდა ჩვენ ნატოში ინტეგრაცია. შემდეგ მიმიწვია პრეზიდენტმა ბუშმა და მითხრა, ამიტომ ხარ აქ, რომ გადადექი და შენ არ ეპოტინები ხელისუფლებასო. ქართველმა ხალხმა, ამ საქმისგან, რასაც აქ გვედავებიან, ვერდიქტი გამოიტანა,“- განაცხადა სააკაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა