საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოსა და ბიზნეს ასოციაციას შორის შეხვედრა გაიმართა

„ჩვენ ერთი თვის წინ მოვაწერეთ ხელი სპეც-დეპოზიტარის კონტრაქტს და ახლა ძალიან ახლოს ვართ, რომ დავიწყოთ დივერსიფიცირებული ინვესტირება“, - ამის შესახებ საპენსიო ფონდის საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარემ ოლივიერ რუსომ ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.

დღეს ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით საპენსიო სააგენტოს წარმომადგენლებსა და ბიზნეს სექტორს შორის შეხვედრა გაიმართა. მონაწილეებმა ინტერაქციული შეხვედრის ფარგლებში საპენსიო სააგენტოს საქმიანობა განიხილეს. ასევე, განიხილეს მიღწეული შედეგები, საინვესტიციო პოლიტიკა და სამომავლო გეგმები, მათ შორის, ინვესტორებისათვის პოტენციური სფეროები.

"როგორც მოგეხსენებათ, მას შემდეგ, რაც საპენსიო სააგენტოს სპეციალიზირებულ დეპოზიტართან ხელშეკრულება გააფორმა, საშუალება ეძლევა სხვადასხვა ინსტრუმენტის გამოყენებით პორტფელის დივერსიფიკაციის. სწორედ ამ შესაძლებლობებზე გვინდა ვესაუბროთ ქართულ კომპანიებს, რათა სამომავლოდ მოვძებნოთ ერთობლივი თანამშრომლობის გზები. ყველა კომპანია, რომელიც საქართველოში ოპერირებს, ჩვენთვის პოტენციურად საინტერესო ინვესტიციის ალტერნატივაა. რომელი იქნება პრიორიტეტული დარგი, ეს შეხვედრების შემდეგ გამოიკვეთება. ინვესტირებისთვის ამომავალი წერტილი, ჩვენი ბენეფიციარების ინტერესია“, - განაცხადა საპენსიო სააგენტოს დირექტორმა გიორგი დანელიამ.

საპენსიო ფონდის საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარის, ოლივიერ რუსოს თქმით კი, სააგენტო მზადაა დაიწყოს დივერსიფიცირებული ინვესტირებაც. "ძალიან მნიშვნელოვანი დროა ახლა ჩვენთვის, რადგან ჩვენ ერთი თვის წინ მოვაწერეთ ხელი სპეც-დეპოზიტარის კონტრაქტს და ახლა ძალიან ახლოს ვართ, რომ დავიწყოთ დივერსიფიცირებული ინვესტირება. ჩვენ ვფიქრობთ ფინანსების საერთაშორისო კორპორაციების ფასიან ქაღალდებშიც განთავსებაზე, თუმცა აღსანიშნავია, რომ აქტივების უდიდესი ნაწილი საქართველოში დარჩება“, - განაცხადა საპენსიო ფონდის საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარემ.

რაც შეეხება სააგენტოზე მაღალი ინფლაციის გავლენას, ოლივიერ რუსოს თქმით, ინფლაციის მაჩვენებელში ძირითადი ნაწილი არის დროებითი და შესაბამისად, საპენსიო სააგენტოსთვის საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში, ინფლაცია არ არის გამოწვევა.

"საპენსიო ფონდის რეფორმა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. გვიხარია, რომ რეფორმა განხორციელდა და აბსოლუტური მოცულობის თანხები იქნა აკუმულირებული საპენსიო ფონდში. ამ ეტაპზე, საინვესტიციო ინსტრუმენტების სპექტრი შეზღუდულია, მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ, ეს არის რესურსი ლარში და ის, უფრო ხელმისაწვდომი გახდება ქართული ბიზნესისათვის. მე ვფიქრობ, ძალიან ლოგიკურია, თანხების განთავსებისათვის ძალიან დაბალი რისკის ინსტრუმენტების შერჩევა. საბოლოო ჯამში, სტრუქტურა შეკრულია, არსებობს საინვესტიციო პოლიტიკა და ეს თანხები უნდა ჩაიდოს ქვეყნის ეკონომიკაში. ეს წელს და მომავალ წელს არ მოხდება, მაგრამ ნამდვილად არსებობს ქვეყანაში კომპანიები, რომელსაც ამ თანხების ქვეყნის და ეკონომიკის საკეთილდღეოდ გამოყენება შეუძლია“, - განაცხადა ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელმა სოსო ფხაკაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა