რეზო გაბრიაძის თეატრი პრემიერისთვის ემზადება

რეზო გაბრიაძის თეატრი პრემიერისთვის ემზადება. სპექტაკლის „ალფრედი და ვიოლეტა“ ხანგრძლივობა 75 წუთია.

„2021 წელს რეზო გაბრიაძის მარიონეტების თეატრს 40 წელი შეუსრულდა. ეს წელი განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა თეატრისთვის, რადგან გარდაიცვალა მისი დამაარსებელი რეზო გაბრიაძე.

გაბრიაძის თეატრის ისტორია 1981 წელს დაიწყო სპექტაკლით “ალფრედი და ვიოლეტა“. სიყვარულის მარადიულ ამბავს, რომელიც ყველასთვის ცნობილია ალექსანდრე დიუმა - შვილის რომანიდან “ქალი კამელიებით” და ჯუზეპე ვერდის ოპერიდან “ტრავიატა”, რეზო გაბრიაძემ სრულიად ახალი მხატვრული გადაწყვეტა მისცა. დიდი პაუზის შემდეგ, სპექტაკლი კვლავ უბრუნდება თეატრს, ოღონდ უკვე ახალი სახით.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში რეზო გაბრიაძემ სრულიად განაახლა პიესა, დაამატა მას ახალი გარემოებები და გმირები, შექმნა პერსონაჟებისა და დეკორაციების ესკიზები, რომლებიც დაედო საფუძვლად ახალი სპექტაკლის სცენოგრაფიას. ჩანაფიქრი ბოლომდე თეატრის დღევანდელმა სამხატვრო ხელმძღვანელმა ლეო გაბრიაძემ მიიყვანა, სწორედ ის არის ახალი დადგმის რეჟისორი.

სპექტაკლის მოქმედება ვითარდება თბილისში, მთაწმინდაზე, აგრეთვე - მილანში, ხაშურში, რომში, აბასთუმანში, ვენეციასა და დიღომში.

ამჯერად, ალფრედისა და ვიოლეტას ისტორია 90-იანი წლების თბილისის დრამატული მოვლენების ფონზე გათამაშდება და მათ სიყვარულს მრავალი წინააღმდეგობის გადალახვა მოუწევს… განახლებულ დადგმაში კვლავ გაიგონებთ რამაზ ჩხიკვაძისა და ეროსი მანჯგალაძის ხმებს. ფონოგრამის ჩაწერაში მონაწილეობა მიიღო ანზორ ერქომაიშვილმა, რომელმაც ვერდის გენიალური მუსიკა ქართულ ფოლკლორთან დააწყვილა. სპეტაკლებზე დასწრება უკვე დეკემბრიდან იქნება შესაძლებელი, ბილეთები განთავსდება საიტზე www.tkt.ge. სპექტაკლის ხანგრძლივობა 75 წუთია. კვლავ იმოქმედებს გაბრიაძის თეატრისთვისთვის ტრადიციული ასაკობრივი შეზღუდვა 12+

მარიონეტების თეატრი თბილისის ძველ უბანში, შავთელის #13-ში მდებარეობს“,-ნათქვამია თეატრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
კახა ოქრიაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოზე - ეს არის ერთადერთი სახელმწიფოებრივი მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით
„ვოლტის“ სათავო ოფისი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
„თეთრი კვადრატი“ საბურთალოზე 2 ახალ პროექტს იწყებს
განაახლე შენი გარდერობი Cashback-სა და VISA-სთან ერთად
„სმარტმა“ ბათუმში 35-ე სუპერმარკეტი გახსნა
კომპანია „ვილა-ოქროყანა“ განცხადებას ავრცელებს