ირაკლი კობახიძე - მზად ვართ გავატაროთ ნებისმიერი რეფორმა რაც მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის და ევროპული ინტეგრაციისთვის - 2-3 წელია ველოდებით ფაქტებზე და მტკიცებულებებზე დაფუძნებულ წინადადებებს

როგორც კი ფაქტებზე და მტკიცებულებებზე დაფუძნებით წარმოგვიდგენენ კონკრეტულ წინადადებებს იმასთან დაკავშირებით, როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს სიტუაცია, მაშინვე გატარდება შესაბამისი რეფორმა,- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერის განცხადებას, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით.

კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ ევროკავშირთან თანამშრომლობისთვის, ქვეყნისთვის და ევროპული ინტეგრაციისთვის მნიშვნელოვანი რეფორმების გასატარებლად მზად არის „ჩვენ მზად ვართ გავატაროთ ნებისმიერი რეფორმა რაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და ევროპული ინტეგრაციისთვის, რა თქმა უნდა, მზად ვართ ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით ევროკავშირთან თანამშრომლობისთვის.

რაც შეეხება კონკრეტულად სასამართლო რეფორმას, ჩვენ თავიდანვე დავსვით ეს საკითხი და კვლავაც არის დღის წესრიგში. როგორც კი ჩვენ ფაქტებზე და მტკიცებულებებზე დაფუძნებით წარმოგვიდგენენ კონკრეტულ წინადადებებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს სიტუაცია, მაშინვე გატარდება შესაბამისი რეფორმა. თუმცა დღემდე გასულია 2-3 წელი, ველოდებით ასეთ ფაქტებზე და მტკიცებულებებზე დაფუძნებულ წინადადებებს რეფორმებთან დაკავშირებით. ჯერ არ შემოგვსვლია, იმედია შემოგვივა და ამის საფუძველზე განახლდება დისკუსია ნებისმიერ რეფორმასთან დაკავშირებით”, - განაცხადა კობახიძემ.

ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

განცხადების თანახმად, მოსამართლეთა ბოლოდროინდელი დანიშვნები ეწინააღმდეგება ამა წლის 19 აპრილის პოლიტიკური შეთანხმების ფარგლებში საქართველოს ლიდერების მიერ აღებულ ვალდებულებას მართლმსაჯულების ამბიციური რეფორმირების შესახებ, რაც მათ 28 ივლისს კიდევ ერთხელ დაადასტურეს. ეს მოიცავდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნამდე კანდიდატების წარდგენის პროცესში არსებული ხარვეზების აღმოფხვრას. ეს ქმედებები შეიცავს საფრთხეს, რომ უფრო მეტი ეჭვის ქვეშ დადგება სასამართლოს დამოუკიდებლობა და საზოგადოების ნდობა ქართული მართლმსაჯულების მიმართ.

ევროკავშირი კიდევ ერთხელ იმეორებს მოწოდებას საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რომ ხელი შეუწყონ სასამართლო სისტემის, მათ შორის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულებისა და ხარისხის განმტკიცებას, ფართო, ინკლუზიური და პარტიებს შორის შეთანხმებული რეფორმების გზით.

ევროკავშირი კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ მიუხედავად მისი მზადყოფნისა, სრულად დაუჭიროს მხარი ევროკავშირი–საქართველოს ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული რეფორმების განხორციელებას, საქართველოს დახმარება ევროკავშირის მხრიდან საკვანძო რეფორმების პროცესში მიღწეულ წინსვლაზე იქნება დამოკიდებული სასამართლო რეფორმის ჩათვლით.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა