გერმანია არავაქცინირებული პირებისთვის შეზღუდვებს ამკაცრებს

გერმანიის ეროვნული და რეგიონალური ლიდერები შეთანხმდნენ, რომ კორონავირუსის გავრცელების მეოთხე ტალღისგან თავის დასაცავად,არავაქცინირებულ მოქალაქეებს შეზღუდვები დაუწესონ.

კერძოდ, მაღაზიებში, რესტორნებში, მუზეუმებსა და კინოთეატრებში შესვლის უფლება მხოლოდ ვაქცინირებულ ან ვირუსისგან გამოჯანმრთელებულ ადამიანებს ექნებათ, არავაქცინირებულ პირებს მხოლოდ ერთი ოჯახის წევრებთან შეხვედრის ნებას დართავენ.

გამონაკლისი შეეხება მხოლოდ იმ მაღაზიებს, სადაც პირველადი მოხმარების პროდუქცია იყიდება.

ამასთან, ახალი წესების თანახმად, ფეხბურთის სტადიონებზე მაქსიმუმ 15 000 მაყურებელი დაიშვება, დახურული ტიპის სპორტულ დაწესებულებებში კი მაქსიმუმ 5 000 მოქალაქის შეკრება იქნება შესაძლებელი. აიკრძალება საახალწლო ფოიერვერკები.

ახალი წესები ძალაში უახლოეს დღეებში, პარლამენტის მიერ მათი დამტკიცების შემდეგ შევა.

გარდა ამისა, მომავალი წლის თებერვლისთვის ვაქცინაცია სავალდებულო გახდება, თუმცა ეს საკითხი, პარლამენტის თანხმობას საჭიროებს.

„მეოთხე ტალღა უნდა გავტეხოთ, თუმცა ეს ჯერ არ არის მიღწეული. არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიმაჩნია სავალდებულო ვაქცინაციის შემოღება,” - განაცხადა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა.

აღსანიშნავია, რომ მერკელის მემკვიდრე, ოლაფ შულცი, რომელიც კანცლერის თანამდებობას ოფიციალურად მომავალ კვირაში დაიკავებს, ასევე აცხადებს, რომ მხარს უჭერს სავალდებულო ვაქცინაციას.

ცნობისათვის, გერმანიაში სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის 68.7%, რაც შედარებით დაბალი მაჩვენებელია დასავლეთ ევროპაში.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს