საფრანგეთი ლა-მანშის სრუტეში ბრიტანეთთან ერთად პატრულირების განხორციელებაზე უარს აცხადებს

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ჟან კასტექსმა ბრიტანელ კოლეგას, ბორის ჯონსონს განუცხადა, რომ საფრანგეთის ხელისუფლება არ მიიღებს ლა-მანშის სრუტეში ერთობლივი ბრიტანულ-ფრანგული პატრულირების იდეას, რომლის მიზანი არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაა, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ნათქვამია წერილში, რომელიც ჟან კასტექსმა ბორის ჯონსონს გაუგზავნა.

„საფრანგეთი მზადაა განაგრძოს ოპერაციული თანამშრომლობა გაერთიანებულ სამეფოსთან, მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ ბრიტანეთის პოლიცია ან სამხედრო პატრული ჩვენს სანაპიროზე. ეს ჩვენი სუვერენიტეტის საკითხია,“- აღნიშნულია წერილში.

კასტექსის განმარტებით, არალეგალურ მიგრაციასთან დაკავშირებული კრიზისი გაერთიანებულმა სამეფომ უნდა მოაგვაროს.

„პასუხისმგებლობის დიდი ნაწილი აკისრია არა საფრანგეთს, არამედ გაერთიანებულ სამეფოს. ფაქტობრივად, თქვენ შეგიძლიათ შეაჩეროთ მიგრანტები, რომლებსაც არ აქვთ განზრახული ბრიტანეთში დარჩენა, უფრო ეფექტური დაბრუნების პოლიტიკის გატარებით,“- აცხადებს საფრანგეთის პრემიერი.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ბორის ჯონსონმა გამოაქვეყნა წერილი, რომელიც მან საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს გაუგზავნა და ხუთი საჭირო ნაბიჯის სწრაფად გადადგმისკენ მოუწოდა.

მისი თქმით, ამ ქმედებების მიზანია, მომავალში აღარ განმეორდეს ტრაგედია, რომელსაც, ნოემბერში 27 მიგრანტის სიცოცხლე ემსხვერპლა. საფრანგეთის სანაპიროებიდან მიგრანტების ნავების გადაადგილების აღსაკვეთად ჯონსონმა მაკრონს ერთობლივი პატრულირება შესთავაზა. ჯონსონის წერილმა საფრანგეთში აღშფოთება გამოიწვია. ემანუელ მაკრონმა ლონდონს საკითხის მიმართ უფრო სერიოზული მიდგომისკენ მოუწოდა.

"მიკვირს, როცა საქმე სერიოზულად არ კეთდება. ჩვენ ლიდერებს შორის არ ვურთიერთობთ „ტვიტების“ ან გამოქვეყნებული წერილების საშუალებით,“- განაცხადა მაკრონმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს