გიორგი ვაშაძე - როცა თეა წულუკიანი პარლამენტში მოდის, ყოველ წელს იხსენებს როგორ გაიტანა ნაგავი იუსტიციის სახლიდან - სამწუხაროა, რომ 9 წლის მანძილზე სხვა არაფერი გააკეთა ნაგვის გატანის გარდა

ამ 9 წლის მანძილზე, საკუთარი მოღვაწეობის განმავლობაში, როცა მოდის თეა წულუკიანი პარლამენტში, ყოველ წელს იხსენებს როგორ გაიტანა ნაგავი იუსტიციის სახლიდან - სამწუხაროა, რომ 9 წლის მანძილზე სხვა არაფერი გააკეთა ნაგვის გატანის გარდა. ისე, ჯართი დავუტოვეთ, რომ ჩააბაროს და ბიუჯეტში ფინანსები შეავსოს, ვალებზე ვცხოვრობთ და იმ ჯართით მაინც შეინახონ ქვეყანა, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, რითაც დღეს კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის მიერ საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

ამასთან, როგორც ვაშაძემ განაცხადა, კულტურის მინისტრი კულტურას უნდა წარმოადგენდეს, თეა წულუკიანის მოსმენისას კი მან ამის საპირისპირო დაინახა და ამაზე გული შესტკივა.

როგორც ვაშაძე აღნიშნავს, წულუკიანი ირონიით, მწვავე ცინიზმით „რაღაცნაირი“ დამოკიდებულებით გამოირჩევა.

„ამ 9 წლის მანძილზე, საკუთარი მოღვაწეობის განმავლობაში, როცა მოდის თეა წულუკიანი პარლამენტში, ყოველ წელს იხსენებს როგორ გაიტანა ნაგავი იუსტიციის სახლიდან, რომელიც მე მოვუწონე, კარგია, ნაგავი რომ გაიტანეთთქო. სამწუხარო ის არის, რომ 9 წლის მანძილზე სხვა არაფერი გააკეთა ნაგვის გატანის გარდა. ისე ჯართი დავუტოვეთ იმისთვის, რომ ჩააბაროს და ბიუჯეტში ფინანსები რომ ცოტა არის და ვალებზე ვცხოვრობთ, იმ ჯართით მაინც შეინახონ ქვეყანა.

საერთოდ, ვფიქრობ, ქალბატონი თეა გამოირჩევა სარკაზმით, მწვავე ცინიზმით და რაღაცნაირი დამოკიდებულებით. მაგალითად, განათლების მინისტრი რომ იყო მოსმენაზე, იქ ასეთი ფრთიანი ფრაზები არ დაგვმახსოვრებია, მიუხედავად იმისა, რომ განათლებაში კატასტროფული პრობლემები გვაქვს. წულუკიანმა მისცა სიძულვილის და ზიზღის ენის სტანდარტი და ჩემი გამოსვლის ძირითადი ნაწილი ეს იყო, ნუთუ ეს არის კულტურა დღეს საქართველოში.

კულტურის მინისტრი რომ მოდის, რაღაც კულტურას უნდა წარმოადგენდეს, უნდა იყოს კულტურის მაგალითი თავისი მოქმედების, საუბრის და ყველა იმ პროცესთან დაკავშირებით, რასაც ის წარმოადგენს. სამწუხაროდ, დღეს საპირისპირო ვნახეთ და ამაზე გული შემტკივა. ყოველთვის ვცდილობ მაქსიმალურად თავი ავარიდო ადამიანებისთვის პერსონალური შეურაცხყოფის მიყენებას, იმიტომ, რომ არ მგონია ეს პოლიტიკოსისთვის არის პოზიტივი ან დიდი ღირსების მატარებელი. ყოველთვის ვცდილობ საქმეზე ვილაპარაკო, ამიტომაც მინდა, რომ კულტურის მინისტრმა, განათლების მინისტრმა, თუ ვინც მოვა პარლამენტში, ისაუბროს საქმეზე. კულტურას მიხედვა უნდა ქვეყანაში. გამოსავალი მმართველი ძალის ხელშია. ოპოზიციას შეგვიძლია კონკრეტულ შემოთავაზებას დავეთანხმოთ ან არ დავეთანხმოთ, შეგვიძლია ინიციატივა წარვადგინოთ, მაგრამ გადაწყვეტილების მიღების მექანიზმი ჩვენს ხელში არ არის, რადგან დღეს ქვეყნის მართვისთვის მანდატი არ გვაქვს“, - განაცხადა ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძე დღეს თეა წულუკიანის მიერ პაატა მანჯგალაძის მიმართვასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს განცხადება ხელოვნურად ცინიკური დამოკიდებულებაა და მან დეტალურად იცის პარლამენტში ვინ რომელი პარტიის წარმომადგენელია.

პაატა მანჯგალაძეს ვითომ არ იცნობს, ეს არის რაღაც ხელოვნური ცინიკური დამოკიდებულება, ქედმაღლური საუბარი. იცის კი არა დეტალურად იცის, ვინ რომელი პარტიის წარმომადგენელია“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ცნობისთვის, დღეს პარლამენტში თეა წულუკიანის „მინისტრის საათის“ ფარგლებში მოსმენისას, წულუკიანმა გიორგი ვაშაძის მიმართებით განაცხადა, „გიორგი ვაშაძის აგებული იუსტიციის სახლის სახურავი ჩამომენგრა თავზე, იმიტომ, რომ „ბატონმა დავით აღმაშენებელმა“, ისე ააშენა ეს იუსტიციის სახლი, რომ სოკოებს რომ ეძახიან თბილისელები და არა მხოლოდ, სახურავში, ჩატოვეს არმატურები, რამდენიმე ტონა“.

ამასთან, დღესვე წულუკიანმა პაატა მანჯგალაძეს ასე მიმართა: „არ ვიცი, რომელ პარტიას წარმოადგენთ, თქვენი გვარი და სახელიც დღეს გავიგე - აცდით შხამს".

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა