შეერთებულმა შტატებმა, ბრიტანეთმა და ავსტრალიამ ოლიმპიადის პლატფორმა პოლიტიკური მანიპულაციისთვის გამოიყენეს, - ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ვან ვენბინმა განაცხადა, რითაც ის აღნიშნული ქვეყნების მიერ პეკინის ზამთრის ოლიმპიადის წინააღმდეგ ბოიკოტს გამოეხმაურა.
მისი თქმით, ამ ქვეყნებს საფასურის გადახდა მოუწევთ.
„ავსტრალიას, აშშ-სა და გაერთიანებულ სამეფოს თავიანთი მცდარი ქმედებებისთვის საფასურის გადახდა მოუწევთ”, - აღნიშნა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა.
შეგახსენებთ, შეერთებულმა შტატებმა, გაერთიანებულმა სამეფომ და ავსტრალიამ პეკინის ზამთრის ოლიმპიადას დიპლომატიური ბოიკოტი გამოუცხადეს, რითაც, მათი განმარტებით, ჩინეთში ადამიანის უფლებების დარღვევების გამო პროტესტი გამოხატეს. აღნიშნული ქვეყნების ხელისუფლებების წარმომადგენლები პეკინის ოლიმპიადას, რომელიც 4-20 თებერვალს იმართება, არ დაესწრებიან, თუმცა დიპლომატიური ბოიკოტი სპორტსმენების მონაწილეობაზე არ იმოქმედებს.