ირაკლი ქარსელაძე მეგზევეებს პროფესიულ დღეს ულოცავს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე მეგზევეებს პროფესიულ დღეს ულოცავს.

მინისტრი, დაუღალავი შრომისთვის და საავტომობილო გზების დეპარტამენტის ყველა მნიშვნელოვანი მიღწევისთვის, მადლობას უხდის, დეპარტამენტის თანამშრომლებს, კონტრაქტორ კომპანიებს, ქართველ და უცხოელ სპეციალისტებს, პარტნიორ უწყებებსა და ორგანიზაციებს, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს.

ირაკლი ქარსელაძის თქმით, ქვეყნისთვის, რომელიც არის უმნიშვნელოვანესი სავაჭრო და სატრანზიტო საერთაშორისო სატრანსპორტო ქსელის ნაწილი, საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.

„მიუხედავად ბოლო ორი წლის განმავლობაში პანდემიის მიერ სრულიად შეცვლილი ვითარებისა, ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის გუნდმა კონტრაქტორ საპროექტო, საინჟინრო, სამშენებლო, საზედამხედველო კომპანიებთან და პროფესიონალ, ქართველ და უცხოელ სპეციალისტებთან ერთად, შეძლო ქვეყნის განვითარებისათვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტების დასრულება და მასშტაბური პროექტის დაწყება.

ქვეყნისთვის, რომელიც ისტორიულად აკავშირებს აღმოსავლეთს დასავლეთთან და არის უმნიშვნელოვანესი სავაჭრო და სატრანზიტო საერთაშორისო სატრანსპორტო ქსელის ნაწილი, საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.

დღეს ვმართავთ ისეთ უმსხვილეს პროექტებს, რომლებიც არა მხოლოდ ქვეყნის, არამედ რეგიონის ჭრილშიც კი უპრეცენდენტოა როგორც მასშტაბით, ისე საინჟინრო სირთულითა და რაც მთავარია მნიშვნელობით.

აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალის ნახევარი უკვე აშენებულია და თბილისიდან ბათუმში 4 საათში ჩავდივართ. წელს გავხსენით რიკოთის პირველი ახალი 2 კმ-იანი მონაკვეთი, რომელიც მოიცავს 6 ხიდს და 3 გვირაბს. რამდენიმე კვირის წინ, რიკოთზე უკვე მე-14 ახალი გვირაბიც გავჭერით. დავიწყეთ ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალის განვითარება და ქვეშეთი-კობის პროექტის ფარგლებში, TBM დანადგარით 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობის აქტიური სამუშაოები უკვე დაწყებულია. დღეს ქვეშეთის მთავარ გვირაბში სამუშაოები უკვე 180 მეტრის, ხოლო საევაკუაციო გვირაბში - 2 კმ-ის სიღრმეში მიმდინარეობს.

მნიშვნელოვანი იყო ბოლო ორი წელიწადი გზების რეაბილიტაციისა და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის კუთხითაც. 2020-2021 წლებში, მხოლოდ საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის 1000 კმ-ზე მეტი გზის რეაბილიტაცია შევძელით.

წელს გავხსენით ორი რეგიონის - იმერეთისა და რაჭის დამაკავშირებელი 51 კმ-იანი ახალი გზა, რომელმაც თბილისიდან ონამდე ჩასვლა მხოლოდ 3 საათში გახადა შესაძლებელი და უკვე საგრძნობლად გაზარდა რეგიონის ვიზიტორთა რაოდენობა.

წლევანდელი წელი მნიშვნელოვანი იყო კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხითაც. გავხსენით გურჯაანის შემოვლითი 15 კმ-იანი გზა, რომელიც არა მხოლოდ გადაადგილების დროსა და მანძილს ამცირებს, არამედ უსაფრთხოებისა და ეკოლოგიის სტანდარტის დაცვის თვალსაზრისით დიდ ეფექტს იძლევა. უკვე ვიწყებთ, როგორც წნორის შემოვლითი გზის, ისე თბილისი-საგარეჯოს მაგისტრალური 4 ზოლიანი, ასფალტო-ბეტონის გზის 35 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობას.

გზების რეაბილიტაცია-მშენებლობასთან ერთად, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მნიშვნელოვანი ამოცანა საგზაო უსაფრთხოების სტანდარტის გაზრდაა. საგზაო უსაფრთხოების ღონისძიებებისთვის განსაზღვრული ბიუჯეტმა 2021 წელს 14 მილიონი ლარი შეადგინა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი თავისი საქმიანობით ხელს უწყობს საგზაო ინფრასტრუქტურის სამშენებლო დარგის განვითარებას, პროექტებში ქართული კომპანიების ჩართულობას, მათ მიერ მეტი გამოცდილების დაგროვების, გაძლიერებისა და კონკურენტუნარიანობის გაზრდის მიზნით. სწორედ ამის შედეგია ის, რომ ბოლო ორ წელიწადში გავხსენით ქართული კომპანიების მიერ აშენებული ქუთაისის შემოვლითი მაგისტრალური გზა და გურჯაანის შემოვლითი გზა.

2021 წელს ქვეყნის საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას მოხმარდა 1,5 მილიარდი ლარი და წლის ბოლომდე ეს მონაცემი კიდევ გაიზრდება. 10 წლიან გეგმაში საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებაში 17 მილიარდი ლარის ინვესტირება მოხდება, რის შედეგადაც, აშენებული იქნება ყველა მაგისტრალური გზა და საერთაშორისო მნიშვნელობის გზების 97%, ხოლო შიდასახელმწიფოებრივი გზების 93% იქნება მოწესრიგებული.

მეგზევეების პროფესიული დღე, რომელიც 10 დეკემბერს გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან აღინიშნება, აერთიანებს საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების საქმეში ჩართულ არაერთი პროფესიის ადამიანს - ხიდისა და გვირაბის ინჟინერს, ტექნიკოსს, პროექტანტს, გეოლოგს, მშენებელსა და სხვა.

მათი დაუღალავი შრომის შედეგია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ყველა მნიშვნელოვანი მიღწევა, რისთვისაც მადლობას ვუხდი დეპარტამენტის თითოეულ თანამშრომელს, კონტრაქტორ კომპანიებს, ქართველ და უცხოელ სპეციალისტებს, პარტნიორ უწყებებსა და ორგანიზაციებს, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს.

კიდევ ერთხელ გილოცავთ მეგზევის პროფესიულ დღეს, გისურვებთ ჯანმრთელობას და ქვეყნის განვითარების საქმეში საკუთარი, მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას“, - აღნიშნა მისალოც განცხადებაში ირაკლი ქარსელაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა