თენგიზ ცერცვაძე განცხადებას ავრცელებს

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაზე განცხადებას ავრცელებს.ცერცვაძე ექსპერტების - გია კამკამიძისა და სოფო ჯაფარიძის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება.

თენგიზ ცერცვაძის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„ა.წ. 2 დეკემბერს TV ფორმულა-ს გადაცემა „მე-17 სართულში“ მოწვეულმა ექსპერტებმა გია კამკამიძემ და სოფო ჯაფარიძემ უკიდურესად უარყოფითად შეაფასეს საქართველოში COVID პანდემიის მართვის უკლებლივ ყველა რგოლი, მათ შორის COVID პაციენტების კლინიკური მართვა და თუ მათ დავუჯერებთ COVID ავადმყოფების ერთადერთ იმედად ქ-ნი სოფო რჩება?! ადრე ბ-ნმა გიამ რამდენიმეჯერ გამოაქვეყნა ჩვენი შეურაცხმყოფელი პოსტი, რომლის მსგავსიც არათუ რომელიმე ოპონენტს და მითუმეტეს კოლეგას, არამედ ყველაზე მარგინალურ „ტროლებსაც“ კი არ უკადრებიათ.

მე, როგორც COVID კლინიკური მართვის ჯგუფის ხელმძღვანელმა მინდა გავაკეთო კომენტარი ბ-ნ გიას და ქ-ნ სოფოს შეფასებების მხოლოდ იმ ნაწილზე, რომელიც ეხება COVID-ის კლინიკური მართვას: „საქართველოში ძალიან მაღალია COVID გარდაცვლილთა რაოდენობა. ესე იგი კლინიკური სექტორიც ცუდად მუშაობს“ - არ არის სწორი. საქართველოში COVID გარდაცვლილთა რიცხვი ნამდვილად მაღალია, მაგრამ ეს მთლიანად განპირობებულია არა ცუდი კლინიკური მართვით, არამედ სულ სხვა მიზეზებით. კერძოდ, COVID ახალი შემთხვევების და COVID აქტიური ავადმყოფების ძალიან დიდი რიცხვით (რაც მეტია ავადმყოფთა რაოდენობა, მით მეტი იქნება გარდაცვალებაც) და ვაქცინაციით ძალიან დაბალი მოცვით (ცნობილია, რომ ვაქცინაცია სულ ცოტა 10-ჯერ ამცირებს სიკვდილობას). შეგახსენებთ, რომ COVID ავადმყოფთა კლინიკური მართვის ხარისხის ერთადერთი ობიექტური კრიტერიუმია ყველა დადასტურებულ COVID შემთხვევებში გარდაცვლილთა პროცენტი - ე.წ. CFR (case fatality rate) და დღესაც კი საქართველოში ძალიან დაბალი ვაქცინაციის მიუხედავად CFR (1.43%) უფრო დაბალია, ვიდრე სრულად ვაქცინირებულ აშშ-ში (CFR-1.61%), ევროპის 25 ქვეყანაში და მსოფლიოს 115 ქვეყანაში, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში ყოველი 100 COVID ავადმყოფიდან უფრო მეტი ავადმყოფის გადარჩენა ხდება, ვიდრე ამ ქვეყნებში, მიუხედავად იმისა, რომ მათი მეტი ნაწილი სრულად ვაქცინირებულია. ასე მაგალითად, ჩვენთვის ყველაზე მძიმე ა.წ. ოქტომბერ-ნოემბერში ამერიკაში 5 106 384 COVID ავადმყოფიდან გარდაიცვალა 85 882 ავადმყოფი (CFR - 1.68%), ხოლო საქართველოში ამავე ოქტომბერ-ნოემბერში 232 631 COVID ავადმყოფიდან გარდაიცვალა 3 078 ავადმყოფი (CFR – 1.32%).

„მათი შეფასებით კლინიკაში ხვდებიან პაციენტები, რომელთაც ჰოსპიტალიზაცია არ სჭირდებათ, რაც კლინიკების გადატვირთვას იწვევს“ - ტყუილია.

საქართველოში სადღეისოდ 43 461 ათასი აქტიური COVID ავადმყოფია და მათგან ჰოსპიტალურ მკურნალობას გადის მხოლოდ 6266 ავადმყოფი, რაც შეადგენს 14,4%-ს. ეს არის ოპტიმალური რიცხვი, მითუმეტეს არასრულად ვაქცინირებული ქვეყნისთვის და ეს ფაქტი არაერთ სხვა გარემოებასთან ერთად ადასტურებს, რომ COVID პაციენტების ჰოსპიტალიზაციის და გაწერის კრიტერიუმები ჩვენს ქვეყანაში ოპტიმალურია.

„გადაწყვეტილებებს ჰოსპიტალიზებული COVID ავადმყოფების კლინიკურ მართვაზე იღებს ვიწრო ჩაკეტილი ჯგუფი და არ ითვალისწინებენ სხვების რეკომენდაციებს“ - ტყუილია.

კლინიკურ მართვაში ჩართულია ქვეყნის 130-ზე მეტი COVID კლინიკა და პრაქტიკულად ყველა ის ექიმი (ყველა სპეციალობის), რომლებსაც აქვთ ჰოსპიტალიზებული COVID ავადმყოფების მართვის სურვილი და გამოცდილება. გადაწყვეტილებებს (რეკომენდაციებს სამინისტროსთვის) იღებს 12-კაციანი კლინიკური ჯგუფი COVID კლინიკების სხვა წამყვან სპეციალისტებთან ერთად. ჩვენ ვითვალისწინებთ აგრეთვე ჩვენი უცხოელი პარტნიორების გამოცდილებას და რეკომენდაციებს. რჩება მხოლოდ ექიმების ძალიან მცირე ჯგუფი (ბ-ნი გიაც მათ შორის არის), რომელთაც არა აქვთ ჰოსპიტალიზებული COVID ავადმყოფების მართვის არავითარი გამოცდილება და არც სურვილი. მიუხედავად იმისა, რომ მათ არავინ უშლიდა ხელს (პირიქით) ჰოსპიტალიზებული COVID ავადმყოფების გატარებაში. ეს ექიმთა ის ჯგუფია, რომლებიც თვლიდნენ, რომ ტოცილიზუმაბის გამოყენებით დანაშაულებრივ ექსპერიმენტებს ვატარებდით COVID ავადმყოფებზე?! დღემდე თვლიან, რომ რემდესივირის გამოყენება COVID ავადმყოფების სამკურნალოდ მცდარია და დანაშაულის ტოლფასია??!! აგრეთვე მიაჩნიათ, რომ COVID ავადმყოფებს საერთოდ არ სჭირდებათ პროაქტიული სპეციფიკური მკურნალობა ანტივირუსული და ანტიანთებითი მედიკამენტებით?! კერძოდ, მათი აზრით მსუბუქ ავადმყოფებს სჭირდებათ მხოლოდ სიმპტომური მკურნალობა, ხოლო კრიტიკულად მძიმეებს - რეანიმაციული ღონისძიებები. არადა, სწორედ საშუალო სიმძიმის და მძიმე ჰოსპიტალიზებული ავადმყოფების სპეციფიკური პროაქტიული მკურნალობით ვახერხებთ, რომ მათი უმეტესობა არ მოხვდეს რეანიმაციაში, არ გახდეს საინტუბაციო და შესაბამისად არ დადგეს ლეტალური შედეგი. რომ არა ეს მიდგომა, საქართველოში გარდაცვლილთა რიცხვი ბევრად, გაცილებით მეტი იქნებოდა. ამ ჯგუფის ზოგიერთი წევრი ღიად გამოდის ვაქცინაციის წინააღმდეგ (აი სწორედ ეს არის სერიოზული დანაშაული), ასევე ღიად ეწინააღმდეგებოდა ღია სივრცეში პირბადეების გამოყენებას, საჭიროდ არ თვლის სისხლში D დიმერის განსაზღვრას და ა.შ. და ა.შ. ისე, ჩვენ მზად ვართ ამათგანაც კი მივიღოთ გონივრული რეკომენდაციები, თუ ასეთები იქნება.

„ნაციონალური გაიდლაინი/პროტოკოლი მოძველებულია, უვარგისია და მის შეცვლაზე არავინ ფიქრობს?!“ - ტყუილია.

ჩვენ პირველი ნაციონალური გაიდლაინი/პროტოკოლი შევქმენით ჯერ კიდევ 2020 წლის მარტში და მას შემდეგ ხუთჯერ განვაახლეთ, შუალედებში კი ვავსებდით გზამკვლევებით. ჩვენი გაიდლაინი ორიგინალურია (არ არის კოპირებული), შედგენილია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, სრულ შესაბამისობაშია მაღალ საერთაშორისო სტანდარტებთან (მათ შორის ჯანმო-ს ექსპერტების ოფიციალური შეფასებით) და უზრუნველყოფს COVID ავადმყოფების მკურნალობას ყველაზე თანამედროვე მედიკამენტებით და მიდგომებით (მულტიდისციპლინური მიდგომა, ანტიკოაგულანტები, კორტიკოსტეროიდები, ანტიბიოტიკები, რემდესივირი, ბარიციტინიბი, ტოცილიზუმაბი, მონოკლონური ანტისხეულები, სისხლის ექსტრაკორპორული გაწმენდა სპეციალური ფილტრების და სორბენტების გამოყენებით და სხვ.). სწორი პროაქტიული კლინიკური მართვით ჩვენ ვახერხებთ, რომ ის ავადმყოფები, რომლებიც მოგვმართავენ დაავადების დაწყებიდან პირველი 8-10 დღის მანძილზე - არ დამძიმდნენ, არ გახდნენ სარეანიმაციო და მათ შორის გარდაცვალების შემთხვევები მინიმალურია, მაშინაც კი, თუ ისინი ვაქცინირებული არ არიან.

ბ-ნო გია და ქ-ნო სოფო! გთავაზობთ, სრულიად სერიოზულად, რომ თუ თქვენ შეადგენთ უკეთეს გაიდლაინს/პროტოკოლს ან მოძებნით ნებისმიერი ქვეყნის 3 გაიდლაინს მაინც, რომლებიც ექსპერტების შეფასებით მთლიანობაში (და არა ცალკეულ საკითხებში) ჩვენს გაიდლაინს სჯობს, ჩვენ მზად ვართ გადაგაბაროთ თქვენ COVID-ის კლინიკური მართვა.

„ოჯახის ექიმების მომზადების დონე დაბალია, მათ რაოდენობა კი არასაკმარისი“ - ტყუილია.

COVID ავადყოფების მართვაში ჩართულია 700-ზე მეტი ოჯახის ექიმი (მათ შორის ყველაზე კომპეტენტურები) და 60-ზე მეტი ონლაინ კლინიკა. ყველა მათგანს გავლილი აქვს სათანადო მომზადება. ოჯახის ექიმებს და ონლან კლინიკებს მონიტორინგს უწევს (აზღვევს) ა.წ. ცენტრალური ონლაინ კლინიკა და პრაქტიკულად არცერთი ავადმყოფი არ რჩება ექიმის გარეშე. ამაზე თუნდაც ის ფაქტი მეტყველებს, რომ ანგაჟირებულ ტელევიზიებსაც და მათ ექსპერტებსაც კი ძალიან უჭირთ ისეთ COVID ავადმყოფების მოძიება, რომლებიც ექიმის გარეშე დარჩნენ ან სასწრაფოს ვერ დაუკავშირდნენ. ისე, 44 ათას აქტიურ COVID ავადმყოფში ცალკეული ასეთი შემთხვევები შეიძლება იყოს კიდეც, მაგრამ ამას სისტემური ხასიათი ნამდვილად არ აქვს. ამ დროს საქართველოზე ბევრად უფრო ძლიერ და გაცილებით ძლიერი ჯანდაცვის მქონე ქვეყნებში პიკის პერიოდებში საკმაოდ ბევრი COVID ავადმყოფი რჩებოდა დროული და სრულფასოვანი სამედიცინო დახმარების გარეშე, რაზეც მეტყველებს თუნდაც ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი - საქართველოში ბინაზე გარდაიცვალა სულ 63 COVID ავადმყოფი (ძალიან დაბალი რიცხვი), მაშინ, როდესაც სხვა ქვეყნებში ასეთები ასობით, ათასობით და ათეულ ათასობითაა.

„ჯანდაცვის სამინისტრომ და კლინიკურმა სექტორმა არაფერი გააკეთეს, რომ მომზადებული შეხვედროდნენ პანდემიის პიკს?!“ - ძალიან დიდი ტყუილია.

ჯანდაცვის სამინისტრომ უზარმაზარი მოსამზადებელი სამუშაო გასწია ყველა მიმართულებით და პრაქტიკამ დაადასტურა სისტემის ძალიან სერიოზული მდგრადობა იმ პირობებში, როდესაც ცნობილი მიზეზების გამო ქვეყანაში კატასტროფულად მაღალია COVID შემთხვევების რაოდენობა და უზარმაზარი დატვირთვა მოდის კლინიკურ სექტორზე. მობილიზებულია 9000-ზე მეტი ჰოსპიტალური საწოლი, რაც ჩვენი ზომის ქვეყნისთვის უპრეცედენტოა. ქვეყანამ შეუძლებელი შეძლო და შემოიტანა და ხმარებაში დანერგა პრაქტიკულად ყველა თანამედროვე მედიკამენტი, რაც ძალიან ცოტა ქვეყანამ მოახერხა. არცერთი COVID ავადმყოფი არ რჩება ექიმისა და სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურების გარეშე.

პრაქტიკულად არცერთი ავადმყოფი, ვისაც სჭირდებოდა ჰოსპიტალიზაცია, არ დარჩენილა მის გარეშე. არცერთი ავადმყოფი არ დარჩენილა საჭირო მედიკამენტების, ჟანგბადისა და ხელოვნური სუნთქვის აპარატების გარეშე. თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ ამის გაკეთება სხვადასხვა ტალღების პიკის პერიოდებში ვერ შეძლეს ევროპისა და ამერიკის საქართველოზე შეუდარებლად უფრო ძლიერმა ქვეყნებმა გაცილებით უფრო ძლიერი ჯანდაცვის სისტემით (ადრე არაერთგზის გვაქვს მოყვანილი კონკრეტული ფაქტები და მტკიცებულებები).

აი ასეთია სინამდვილე. სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება ძალიან კარგია, მაგრამ ტყუილებით მანიპულირება - ძალიან ცუდი. კიდევ უფრო უარესია, როცა შენთვის სასურველს რეალობად ასაღებ და რაც უფრო ჩქარა მიხვდება მოსახლეობა, რომ ე.წ. ანგაჟირებული ტელევიზიები და ექსპერტები გამიზნულად ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას და მათი ნდობა არ შეიძლება - მით უფრო კარგი იქნება“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ცერცვაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა