რამაზ საყვარელიძე - ფორმალურად, არჩევნებს თითქმის იგივე შედეგი ჰქონდა, რაც ადრე, მაგრამ ყველაფერში იგრძნობა ცვლილებების აუცილებლობა

საშინაო პოლიტიკის აქტუალურ საკითხებსა და პრობლემებზე „ინტერპრესნიუსი“ ფსიქოლოგსა და პოლიტოლოგს, რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.

- ბატონო რამაზ, ადგილობრივი არჩევნების დასრულების შემდეგ, ისევე როგორც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საშინაო პოლიტიკაში კრიზისი ნარჩუნდება.

მართალია, მმართველ გუნდი არც საპარლამენტო არჩევნებამდე აღიარებდა კრიზისის არსებობას, მაგრამ გამოვიდა შარლ მიშელის შეთანხმებიდან, რითაც უარი თქვა ე.წ. 43% ბარიერის გადალახვასა და მართლმსაჯულების სფეროში რეფორმების გატარებაზე.

დიდ ქალაქებში ადგილობრივი არჩევნების შედეგებმა ცხადყო, რომ დიდ ქალაქებსა და რიგ მუნიციპალიტეტებში არჩევნებში გამარჯვება მმართველ გუნდს საკმაოდ გაუჭირდა.

ვნახეთ, რომ ხელისუფლება იძულებული იყო ზოგიერთმა მათგანში 2022 წლის ბიუჯეტები ძველ საკრებულოებს დაემტკიცებინა. ეს ყველაფერი ციხის საკანში მყოფი მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის, ციხიდან სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანისა და ამ პროცესებთან დაკავშირებული მოვლენების ფონზე ხდებოდა და ახლაც გრძელდება.

როგორ შეაფასებდით საშინაო პოლიტიკაში არსებულ ვითარებას ადგილობრივი არჩევნების შემდეგ?

- ბევრმა ანალიტიკოსმა აღნიშნა, რომ კრიზისია, რასაც ვეთანხმები, ოღონდ ვთვლი, რომ პოლიტიკური სტრატეგიების კრიზისია და არა სახელმწიფოს მართვის.

ხელისუფლების სტრატეგია „ნაციონალებით“ ამომრჩევლის დაშინებაზე სულ უფრო ნაკლებ ეფექტური ხდება. ნაკლებად ეფექტურია „ნაციონალების“ სტრატეგიაც ხელისუფლების დაშინებაზე - სააკაშვილის ჩამოსვლამაც კი არ გაზარდა რევოლუციის შანსი. ფორმალურად არჩევნებს თითქმის იგივე შედეგი ჰქონდა, რაც ადრე, მაგრამ ყველაფერში იგრძნობა ცვლილებების აუცილებლობა.

პოლიტიკური სტრატეგიების კრიზისია და არა სახელმწიფოს მართვის... ფორმალურად არჩევნებს თითქმის იგივე შედეგი ჰქონდა, რაც ადრე, მაგრამ ყველაფერში იგრძნობა ცვლილებების აუცილებლობა

- ხელისუფლება კი ცდილობს, რომ „ნაცმოძრაობაზე“ და სააკაშვილზე ნაკლებად ისაუბროს, მაგრამ, ვხედავთ, რომ უწევს, რადგან ფაქტია, რომ საშინაო პოლიტიკაში დღის წესრიგს სწორედ ციხეში მყოფი სააკაშვილი ქმნის.

ხელისუფლება ცდილობს თავისი დღის წესრიგი ჰქონდეს, მაგრამ, რჩება შთაბეჭდილება, რომ იგი ამას ვერ ახერხებს კოვიდის უხეირო მართვის, ეკონომიკასა და სხვა სფეროებში აშკარა ჩავარდნებისა და ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან რბილად რომ ვთქვათ, გაუგებარი დამოკიდებულების გამო.

ამ თემებიდან ზოგიერთს ჩვენ შევეცდებით შევეხოთ, მაგრამ მანამდე ალბათ სწორი იქნება თუ საშინაო პოლიტიკაში ჩამოყალიბებულ ზოგიერთი ასპექტებზე გავაგრძელებთ საუბარს.

ყველაფერ ამის ფონზე მესამე პრეზიდენტს ჰქონდა მისსავე სასამართლოზე გამოსვლის საშუალება. სააკაშვილის მხარდამჭერი ოპოზიცია ითხოვს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს, სააკაშვილის გათავისუფლებას. მანამდე ისინი ითხოვდნენ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანას. სააკაშვილმა განაცხადა, რომ წყვეტს მკურნალობას და ითხოვს კლინიკაში გადაყვანას. რჩება შთაბეჭდილება, რომ თავად მესამე პრეზიდენტი და ოპოზიციის ნაწილი ხშირად ცვლიან სამომავლო გეგმებსა და ბრძოლის ტაქტიკასა და სტრატეგიას.

როგორ შეაფასებდით იმ პროცესებს, რაც სააკაშვილსა და ოპოზიციის აქტიურობას უკავშირდება?

- ოპოზიციაზე ლაპარაკის დროს სულ უფრო ხშირად მახსენდება ფრაზა, რომლითაც ერთხელ შეაფასეს ქართული პოლიტიკური ბატალიები უცხოელებმა - „ეს კინო უკვე ნანახი გვაქვსო“.

ამჟამად, თითქოს არ უნდა ყოფილიყო „დე ჟა ვიუს“ განცდა, რადგან უნიკალური სიტუაცია შეიქმნა სააკაშვილის ჩამოსვლით და დაპატიმრებით, მაგრამ მომაბეზრებელი ერთფეროვნების გრძნობა მაინც ჩნდება საზოგადოებაში, რის გამოც დაიკარგა ინტერესის აქციების მიმართ.

სააკაშვილმაც ახალი არაფერი შემოიტანა ქართულ პოლიტიკაში, მხოლოდ მისი პატიმრობის თემა დაემატა ხელისუფლების მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს, პოლიტიკური სტრატეგია და რიტორიკა დარჩა უცვლელი.

ოპოზიციას ამდენი წელია ხელისუფლების შეცვლა უნდათ ერთი ხერხით - მიტინგით, სადაც ერთსა და იმავეს იძახიან ერთი და იგივე ინტონაციით ერთი და იგივე ადამიანები და, რაც მთავარია, უშედეგოდ. დუღს ქართული პოლიტიკური ცხოვრება, ოღონდ არანაირი კერძი არ კეთდება ამ დუღილით, მხოლოდ ქროლდება პოლიტიკის მიმართ საზოგადოების ინტერესი.

დუღს ქართული პოლიტიკური ცხოვრება, ოღონდ არანაირი კერძი არ კეთდება ამ დუღილით, მხოლოდ ქროლდება პოლიტიკის მიმართ საზოგადოების ინტერესი

- ცალკე საუბრის თემაა ის, რომ სააკაშვილი ჯერ პოლიტიკურ ძალებს შორის შერიგების იდეით გამოვიდა, მაგრამ, მას შემდეგ, როცა ამ შეთავაზებაზე ხელისუფლებამ პრაქტიკულად უარი თქვა, შემდეგ განაცხადა, რომ „ივანიშვილის მოკავშირე საახალწლო გოჭი და საცივია“ და დეკემბერში დიდი აქციები დაანონსა.

იმაზე, თუ რატომ თქვა უარი მმართველმა გუნდმა შერიგების იდეაზე, ბევრი ითქვა. ამის პარალელურად, აქტუალურად რჩება მესამე პრეზიდენტის მომავალი - გამოჯანმრთელების შემდეგ მას ციხეში გადაიყვანენ თუ სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაუშვებენ. როგორც სააკაშვილი ამბობს, მისი ქვეყნიდან წასვლა გამორიცხულია.

სავარაუდოდ, როგორ განვითარდება პროცესები სააკაშვილის მომავალთან დაკავშირებით და რა გავლენას იქონიებს იგი ჩვენს საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე?

- სააკაშვილის მომავალზე რომ იმსჯელო, გასაგები უნდა იყოს მისი ნაბიჯები ახლო წარსულში. მე არ მესმის რა მიზანს ისახავდა მისი ჩამოსვლა კონტეინერით. თუ უნდოდა საპატიმრო გადაექცია პოლიტიკურ ტრიბუნად, ღიად მოვიდოდა საზღვართან, არ გადმოიპარებოდა.

თუ რევოლუციის ორგანიზება სურდა და ამიტომ გადმოიპარა, აქ თავის მომხრეებს დაუკავშირდებოდა და მომართავდა საბრძოლველად. მისი ჩამოსვლა არცერთ ამ სქემაში არ თავსდება. ამიტომ გამიჩნდა ვარაუდი, რომ მისი მოგზაურობის მიზეზი უკრაინაშია, იქიდან გამოექცა რაღაცას, და არა საქართველოში. აქ ახალი პოლიტიკური რეალობის შექმნის გეგმა, ვვარაუდობ, რომ მას არ ჰქონდა. ამ ვარაუდებს მეტ-ნაკლებად მიმყარებს მისი ჩამოსვლის თბილისური ნაწილიც.

თბილისში სააკაშვილის სხვადასხვა პროტესტი პატიმრობაში მისი ყოფნის საკითხებს ეხება და არა - ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების შეცვლას. ახლაც მისი ახლობლები აქცენტს აკეთებენ იმაზე, რომ ძლიერი ფსიქოტროპული საშუალებებით ხელისუფლებამ მისი ფსიქიკური მდგომარეობა გააუარესა. რიგითი პატიმრისთვის ეს ვერსია შეიძლება გამოდგეს პირობების გაუმჯობესებისთვის, მაგრამ პოლიტიკოსი სააკაშვილისთვის ეს ვერსია დათვური სამსახურია - როგორც პოლიტიკოსს უტეხენ სახელს, პოლიტიკურ ბრძოლაში ცოტა ადამიანი გაჰყვება ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანს.

რაც მთავარია ეს ყალბი ვერსიაა, „ვარდების რევოლუციის“ ავტორი ემოციური არის როგორც ყველა, მაგრამ ამასთანავე პრაგმატული, მკაფიო აზროვნების პატრონია დღესაც. ამიტომ მის ფსიქიკურ აშლილობაზე აგებული ვერსია არც მართალია და არც პოლიტიკურად გამართლებული.

„ვარდების რევოლუციის“ ავტორი ემოციური არის როგორც ყველა, მაგრამ ამასთანავე პრაგმატული, მკაფიო აზროვნების პატრონია დღესაც. ამიტომ მის ფსიქიკურ აშლილობაზე აგებული ვერსია არც მართალია და არც პოლიტიკურად გამართლებული

თუ მაინც ფსიქოლოგიური პრობლემების ვერსია გაიტანეს და სააკაშვილს ან აქ ან უცხოეთში უმკურნალებენ, ამ ფონზე მისი პოლიტიკური წონა ძალიან შემცირდება.

თუ ფსიქიატრიულ ვერსიას თავს დაანებებენ და სააკაშვილი სრულად მოიხდის სასჯელს, ის საზოგადოებისთვის სულ უფრო მნიშვნელოვან პოლიტიკურ ფიგურად ჩამოყალიბდება, რომელიც გავლენას მოახდენს ბევრ პროცესზე, თუ მოისურვა.

- ისეთი პირი უჩანს, სააკაშვილის საქმეებზე სასამართლო პროცესები კიდევ კარგა ხანს გაგრძელდება და მის ირგვლივ პროცესები პირდაპირ თუ ირიბად ასახვას პოვებს საშინაო პოლიტიკაზე.

ფაქტია, რომ სასამართლო პროცესები განახლდა ხაზარაძე-ჯაფარიძის, წერეთლისა და გვარამიას წინააღმდეგ. ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმის უცნაურობა იმაშია, რომ სადაო საქმეს არც მომჩივანი ჰყავს და არც დაზარალებული, მეტიც იმას რასაც ედავებიან, საერთაშორისო ექსპერტების დასკვნებით „ფულის გათეთრებას“ ადგილი საერთოდ არ ჰქონია.

ხაზარაძე არ გამორიცხავს, რომ მას, ხაზარაძესა და წერეთელს დაიჭერენ, მაგრამ ბრძოლა გაგრძელდება. ტვ „პირველის“ მფლობელი ვატო წერეთელი არ გამორიცხავს, ხელისუფლება ცდილობს მისთვის ფინანსური პრობლემების შექმნას და საბოლოდ ტვ „პირველის“ ჩამორთმევას. ჯაფარიძემ სასამართლოზე გახარიას მიერ გადაცემული წერილი გაიხსენა, რომელშიც წერია, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძეს უნდა უზრუნველყოთ ტვ“პირველის“ „იმედის“ ტრენდზე გადასვლა.

გასაგებია, რომ ჩვენ იურისტები არ ვართ, მაგრამ რჩება შთაბეჭდილება რომ „ქართული ოცნება“ ხშირ შემთხვევაში ისე იქცევა, რომ წინა ხელისუფლება, ყოველ შემთხვევაში ხაზარაძე-ჯაფარიძისა და წერეთლის პროცესები სწორედ ასე აღიქმება..

- როგორც თქვენ აღნიშნეთ, იურისტები არ ვართ და მეც მიჭირს მტყუან-მართლის გარჩევა, მიჭირს იმის პროგნოზი, თუ რამდენად რეალურია „იმედის“ დრამის განმეორება. თუმცა, მაშინდელი და დღევანდელი მედია-სიტუაცია განსხვავებულია.

„იმედი“ არცერთი პარტიის ინტერესს არ იცავდა, როცა გირგვლიანის საქმიდან დაწყებული ბევრი სიმართლე გამოიტანა სინათლეზე და გაღვივა საპროტესტო მუხტი სააკაშვილის ხელისუფლების მიმართ.

ტვ-პირველი კი პარტიული ტელევიზიაა. მისი დაცვა მედიის თავისუფლებას არ იცავს, იცავს პოლიტიკური პარტნიორის არჩევის თავისუფლებას. ეს ცოტა სხვა რამ არის და, თანაც, ნაკლებად ამაღელვებელი.

- გვერდს ვერ აუვლით ჯანდაცვის მინისტრ ტიკარაძის გადადგომასა თუ გადაყენებას. ქვეყანაში კოვიდი არაეფექტურად რომ იმართებოდა, ამაზე გარდაცვლილთა სტატისტიკა და ინფიცირებულთა საკმაოდ დაბალი მაჩვენებელიც მეტყველებს. ფაქტია, რომ პანდემიის გამო ქვეყანამ იმაზე მეტი მოქალაქე დაკარგა, ვიდრე 1992-1993 წლის აფხაზეთის ომში.

სამედიცინო სფეროში ჩახედული ადამიანები იმაზე ამახვილებენ ყურადღებას, რომ ტიკარაძის მინისტრობისას კოვიდის მართვაში უამრავი შეცდომა იყო დაშვებული, ნახევარმილიონიანი აპლიკაცია, უბრალოდ ჩამოიწერა, მიიღებოდა არათანმიმდევრული, ურთიერთგამომრიცხავი გადაწყვეტილებები, ამის ფონზე კი პრაქტიკულად ვაქცინაციის კამპანია ჩავარდა.

მეტიც, ბევრი იმაზეც საუბრობს, რომ ტიკარაძე კი არ უნდა გადამდგარიყო, არამედ უნდა გაეთავისუფლებინათ, მაგრამ ასე არ მომხდარა. როგორც ჩანს, იმიტომ, რომ იგი აქტიურად იყო ჩართული კოვიდის „პოლიტიკურ მართვაში.“ თქვენ როგორ აღიქვით ტიკარაძის „გადადგომა“ და მმართველი პარტიის საბჭოში დასაქმება?

- მე არანაირად არ აღვიქვამ ტიკარაძის გადადგომას, ველი ახსნას. ტიკარაძის ამბავი ერთ-ერთი მკაფიო მაგალითია საზოგადოების მიმართ ხელისუფლების უპასუხისმგებლობის. ჯანდაცვის მინისტრი მიდის თანამდებობიდან ეპიდემიის ფონზე და იმაზე არავინ იწუხებს თავს, რომ საზოგადოებას აუხსნას ამ ცვლილების მიზეზები.

არანაირად არ აღვიქვამ ტიკარაძის გადადგომას, ველი ახსნას. ტიკარაძის ამბავი ერთ-ერთი მკაფიო მაგალითია საზოგადოების მიმართ ხელისუფლების უპასუხისმგებლობის

ადრეც ასე იყო. მინისტრები ინიშნებოდა და თავისუფლდებოდა საზოგადოებასთან ახსნა-განმარტების გარეშე. წესით, ხელისუფლებას უნდა სჯიდეს საზოგადოება მისი არად ჩაგდებისთვის, მაგრამ ვერ დავსჯით, სანამ ალტერნატიული პარტიები არ იქნება,... ოღონდ, ეს უკვე სხვა საუბრის თემაა.

- არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა ჩვენი დასავლელი პარტნიორების მიმართ არა ერთი ზომაზე მეტად უტაქტო და გაუგებარი განცხადებები აკეთეს.

"ოცნების" წარმომადგენლების მხრიდან ამერიკელი და ევროპელი სტრატეგიული პარტნიორების მიმართ აგდებულმა დამოკიდებულება და ქილიკმა იმდენად მიიღო სისტემურ ხასიათი, ეტყობა თბილისის მერს უნდოდა თანაპარტიელებს არ ჩამორჩენოდა, მაგრამ, როგორც ჩანს, მეორე დღეს მიხვდა და აშშ- სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს ერიკა ოლსონს, რომელიც წინა დღეს არ იცოდა ვინ იყო, ბოდიში საჯაროდ მოუხადა.

არადა, ქალბატონმა ერიკა ოლსონმა განაცხადა - „ამერიკას აწუხებს ის, რომ მთავრობის მოქმედებებმა ძირი გამოუთხარა ზოგიერთ დემოკრატიულ პროცესს. მმართველმა პარტიამ პირობა დადო, რომ საარჩევნო და სასამართლო რეფორმებს განახორციელებდა და სურთ იხილონ ამ პირობების შესრულების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები“.

დამკვირვებელთა ნაწილი თვლის, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერების ამგვარი რიტორიკა სიბრიყვე კი არა, ხელისუფლების პოლიტიკის ნაწილია. თქვენი დაკვირვებით რასთან გვაქვს საქმე?

- ხელისუფლების პოლიტიკის ნაწილი რომ იყოს დაპირისპირება დასავლეთთან, ეს იქნებოდა სიბრიყვე. ოპოზიცია ცდილობს, რომ სიტყვის ასეთი შებრუნება რუსეთუმეობად გამოაცხადოს, მაგრამ ამ დონეზე არ ხდება პოლიტიკური კურსის გამოვლენა.

სააკაშვილი რუსეთს აძაგებდა და დასავლეთს აქებდა, მაგრამ ომიც და სტრატეგიული ობიექტების გასხვისებაც რუსეთის სასარგებლოდ წარმართა. ამდენად, რეალურ პოლიტიკას ასახავს არა სიტყვა, არამედ საქმე.

ხელისუფლების მხრიდან დასავლელი პარტნიორების მიმართ კრიტიკული რიტორიკა კამათის მანევრად მიმაჩნია, ხოლო დასავლეთთან ჩვენი კამათი ძველი ამბავია.

ხელისუფლების მხრიდან დასავლელი პარტნიორების მიმართ კრიტიკული რიტორიკა კამათის მანევრად მიმაჩნია, ხოლო დასავლეთთან ჩვენი კამათი ძველი ამბავია

ადრე საქართველო სთხოვდა დასავლეთს, რომ უარი ეთქვათ კოსოვოს აღიარებაზე. არ დაგვიჯერეს და მოხდა აფხაზეთის ტრაგედია. რომ დაეჯერებინათ, გადავრჩებოდით. აქედან გამომდინარე, საჭიროა კამათი და უნდა ვიყოთ მზად კამათისთვის მაშინაც, როცა კამათი გვიწევს მეგობართან.

- ხელისუფლება აცხადებს, რომ საუკეთესო საარჩევნო კანონმდებლობა შექმნა, არადა ბოლო არჩევნებმა გვანახა, რომ მასაც ბევრი ხარვეზები აქვს. რაც შეეხება მართლმსაჯულებას, ხელისუფლება აცხადებს, რომ ამ მიმართულებითაც იგი ყველაფერს შესანიშნავად ასურელებს.

ვითარებაში, როცა მსოფლიო პოლიტიკაში ისეთი პროცესებია, რომ საქართველოს მომავალი სულ უფრო მეტად ხდება მათზე დამოკიდებული, გაქვთ განცდა, რომ მმართველი გუნდი ვაშინგტონიდან მიღებულ გზავნილს გაითვალისწინებს, პირობას შეასრულებს და საარჩევნო კანონმდებლობისა და სასამართლოს რეფორმებში კორექტივებს შესატანს?

- საერთოდ, როგორაც თქვენთან არაერთხელ მითქვამს, მიმაჩნია, რომ არსებითად ცუდი კონსტიტუცია გვაქვს, რასაც ყურადღებას არ აქცევს დასავლეთი. განა შეიძლება, რომ საქართველო იყოს საპარლამენტო რესპუბლიკა, ანუ პარტიები მართავდნენ ქვეყანას, როცა ქვეყანაში ძლიერი პარტიები არაა?! ეს ხომ ქვეყანას ავტომატურად მიიყვანს ერთპარტიულ მმართველობამდე?!

განა შეიძლება, რომ საქართველო იყოს საპარლამენტო რესპუბლიკა, ანუ პარტიები მართავდნენ ქვეყანას, როცა ქვეყანაში ძლიერი პარტიები არაა?! ეს ხომ ქვეყანას ავტომატურად მიიყვანს ერთპარტიულ მმართველობამდე?!

ასეც ხდება, ოღონდ ამ ხარვეზს ჩვენთან ვერ ამჩნევს ამერიკა, თუმცა თავისთან იგი შემჩნეულიც აქვს და გამოსწორებულიც.

რაც შეეხება იმ შენიშვნებს, რასაც ჩვენ გვაძლევენ, მრჩება შთაბეჭდილება, რომ ისინი სიღრმეში ჩახედვის გარეშე, დემოკრატიის სტერეოტიპული ვარიანტიდან არის აღებული.

შენიშვნები კი სწორია, მაგრამ შეიძლება ნაკლებად ეფექტური იყოს არსებითი ცვლილებების გარეშე. რეალური კონკურენცია საპრეზიდენტო მმართველობის პირობებში თავისთავად მოუვლიდა ამ ტიპის საკითხებს.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა