მამუკა კაციტაძე - შემრიგებლის უკან ავტორიტეტი უნდა იდგეს, პრეზიდენტის უფლებამოსილება კი საერთოდ "გაკრეჭილია" - 2022 წლის პირველ იანვარს კულტურა და ნიჭიერება არ დაგვებერტყება, მაგრამ იმედს არ ვკარგავ, რომ უკეთესობა იქნება

არ მომწონს შერიგების იდეა, შერიგება არა, შეთანხმებაა მთავარი, - ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, მამუკა კაციტაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

როგორც ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა აღნიშნა, ახლა ხელისუფლება შეთანხმებაზე უარს ამბობს, მაგრამ ოპოზიციას შეუძლია, ეს „არა“ „ხო“-თი შეაცვლევინოს, რაც ბევრჯერ მომხდარა.

„არ მომწონს ეს იდეა და იმ „მაგრამ“-ების რიგში ვარ, რომლებიც ე.წ. შერიგების გვერდით სვამენ კითხვას. არ მიმაჩნია, რომ დღევანდელი პოლიტიკური სპექტრი და საზოგადოება მზად იყოს შერიგებისთვის. როდესაც საუბარია შერიგებაზე, ეს ბუნებრივად მომწიფებული პროცესი უნდა იყოს. ტერმინს შევცვლიდი და ალბათ, უფრო შეთანხმებაზე უნდა ვიფიქროთ. ხოლო შეთანხმება არის პროცესი, როდესაც მხარეებს ერთამანეთი სჭირდებათ. მიკვირს, როდესაც ოპოზიციის მხრიდან გაჩნდა ეს ტერმინი, მათ შორის სააკაშვილის მხრიდან. თუ ერთი მხრივ, ხელისუფლებას ვეუბნები, რომ „არ მომწონხარ,“ „არ მომწონს შენი საგარეო პოლიტიკური კურსი“, „არ მომწონს შენს მიერ ნამართი ქვეყანა,“ „არ მომწონს კორუფციული ჭაობი, რომელშიც შენ ხარ“ - ამას როგორ უნდა შეურიგდე, ან ის, როგორ უნდა შეგირიგდეს, თუ ასეთია?! როდესაც შეთანხმებაზეა საუბარი, აქ მარტივად არის თამაშის წესები. ჩვენ კი ნუ მოვიგონებთ ახალს, თუ დავიწყეთ მოგონება, თქვენ სათქვენოს მოიგონებთ, მე საჩემოს, ბოლოს მაინც არაფერი გამოვა.

არა შერიგება, შეთანხმებაა მთავარი. მხარეები წერენ მათთვის ყველაზე აქტუალურ და მნიშვნელოვან საკითხებს. ერთი მხარე წერს, რომ „მიხეილ სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს“, მეორე წერს, რომ „სანამ სააკაშვილი ბოდიშს არ მოიხდის, მანამდე ეს საკითხი არ დგება“. ამ ორი საკითხის დაახლოება შეიძლება, სწორედ დაახლოებაზე უნდა ვიფიქროთ. თუ ერთი მხარის მოთხოვნა სრულად შესრულდა მეორის იგნორირების ხარჯზე, ამით შეთანხმება არ მოხდება. როდესაც მე, როგორც ოპოზიცია მივმართავ ხელისუფლებას, რომ „შევთანხმდეთ ამ საკითხზე, რადგან ეს არის პრობლემატური“ და ვიღებ პასუხად, რომ „სულ არ მჭირდება შენთან შეთანხმება, ისედაც კარგად ვგრძნობ თავს“, - ჩემი ამოცანაა, რომ დაგაჭირვო ჩემი თავი, რომ ჩემს პრობლემაზე დაფიქრდე და აქედან გამომდინარე, დაფიქრდე იმ შეთანხმებაზე, რომელსაც გთავაზობ. როდესაც მე ხელისუფლებას ვეუბნები, რომ „შევთანხმდით“ და ის მპასუხობს „არა“, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს „არა“ შეიცვალოს „ხო“-თი და ასეთი რამ ბევრჯერ მომხდარა“, - განაცხადა მამუკა კაციტაძემ.

რაც შეეხება უშუალოდ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომელმაც დიალოგის დაწყების მზადყოფნა გამოთქვა, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი არ არის ისეთი ძლიერი, რომ ორი ერთმანეთთან უკიდურესად დაპირისპირებული პოლიტიკური ძალა შეარიგოს.

„პრეზიდენტი, ინსტიტუციონალურად, არ არის იმ ძალის მქონე, რომელიც შეძლებდა უკიდურესად დაპირისპირებული მხარეების შერიგებას და პიროვნულადაც მისი რეიტინგი და გავლენა როგორც პოლიტიკურ, ასევე საზოგადოებრივ წრეებში, არ არის იმ რანგის, რომ ასე დაპირისპირებული პოლიტიკური ძალების მომრიგებელი აღმოჩნდეს, თუმცა, მოდერაციის მსგავსი, რაც მაქსიმუმია, შეიძლება იტვირთოს“, - აღნიშნა კაციტაძემ.

კაციტაძის განცხადებით, შემრიგებლის ავტორიტეტი უნდა იდგეს, რაც ასე არ არის. მისი შეფასებით, დღეს პრეზიდენტის უფლებამოსილება „გაკრეჭილია“.

"სად უნდა შეხვდეს სამი პრეზიდენტი - გორში, გლდანის #18-ში, რუსთავის #12-ში, პრეზიდენტის რეზიდენციაში თუ კიდევ სხვაგან სადმე? მესამე პრეზიდენტი მნიშვნელოვნად განსხვავდება სხვებისაგან; თავის დროზე, ინსტიტუციურად, სააკაშვილი ძლიერი პრეზიდენტი იყო და ტიპაჟიც სხვა იყო, მარგველაშვილი თითქმის იგივე უფლებების იყო, ის ტიპაჟიც სხვა იყო, დღეს საერთოდ გაკრეჭილია პრეზიდენტის უფლებამოსილება და ტიპაჟიც სხვა არის. აქედან გამომდინარე, შემრიგებლის უკან ავტორიტეტი უნდა იდგეს, რაც სამწუხაროდ არ არის", - განაცხადა კაციტაძემ.

რაც შეეხება მოლოდინებს, კაციტაძის თქმით, იმედს არ კარგავს, რომ მომავალ წელს უკეთესი ვითარება იქნება.

„გვინდა ვიცხოვროთ რაღაც სხვანაირად, თან ვიცხოვროთ კარგად და ეს ასე არ გამოვა და არც გამოდის 30 წელია, ჩვენდა საუბედუროდ. ცუდ მდგომარეობაში ვართ და არ მთავრდება მიდგომები საკითხების მიმართ, იმიტომ ვართ იმ მდგომარეობაში, როგორშიც ვართ. არ მაქვს იმის იმედი, რომ 2022 წლის პირველ იანვარს დაგვებერტყება კულტურა და ნიჭიერება, მაგრამ იმედს არ ვკარგავ იმისა, რომ იქნება უკეთესობა ამ ყველაფრის გათვალისწინებით”, - აღნიშნა კაციტაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა