იაგო კაჭკაჭიშვილი - ვერ ვხედავ იმის პერსპექტივას, რომ სააკაშვილის გავლენა გაიზარდოს პოლიტიკურ პროცესებზე ან მან პატიმრობას თავი ვადამდე დააღწიოს, თუმცა  სადაც სააკაშვილია, იქ სიურპრიზებს ყოველთვის უნდა მოველოდეთ

საშინაო პოლიტიკის აქტუალურ საკითხებსა და პრობლემებზე „ინტერპრესნიუსი“ სოციოლოგ იაგო კაჭკაჭიშვილს ესაუბრა.

- ბატონო იაგო, დამკვირვებელთა ნაწილი თვლის, რომ ადგილობრივი არჩევნების დასრულების შემდეგ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი კი არა, პოლიტიკური სტრატეგიების კრიზისია და არა სახელმწიფოს მართვის.

მიუხედავად ამისა, ფორმალურად არჩევნებს თითქმის იგივე შედეგი ჰქონდა, რაც ადრე, მაგრამ ყველაფერში იგრძნობა ცვლილებების აუცილებლობა. ამაზე მიუთითებს ის ვითარება, რომელიც რიგ მუნიციპალიტეტებში და დიდი ქალაქების საკრებულოებშია.

როგორ შეაფასებდით საშინაო პოლიტიკაში არსებულ ვითარებას ადგილობრივი არჩევნების შემდეგ?

- ადგილობრივი არჩევნების შემდეგ, საქართველოში ვითარება კიდევ უფრო მეტად დაძაბული და ქაოსური გახდა - ხელისუფლება ძირითადად იმითაა დაკავებული, რომ თავი გადაირჩინოს და ოპონენტების დემონიზაცია მოახდინოს, ხოლო ოპოზიციას თითქოს საჭე მოეშალა და ხან ერთი და ხან მეორე მიმართულებით აწყდება.

იქმნება შთაბეჭდილება, რომ ადგილობრივი არჩევნები ერთგვარი „ბოლო ამოსუნთქვა“ იყო ოპოზიციისთვის, რისთვისაც მან ყველა რესურსი გაიღო და რადგან ამ ამოსუნთქვას ხელშესახები წარმატებისთვის არ მიუღწევია, ახლა დიდ შესვენებაზეა ნაძალადევად გასული.

ადგილობრივი არჩევნების შემდეგ, საქართველოში ვითარება კიდევ უფრო მეტად დაძაბული და ქაოსური გახდა - ხელისუფლება ძირითადად იმითაა დაკავებული, რომ თავი გადაირჩინოს და ოპონენტების დემონიზაცია მოახდინოს, ხოლო ოპოზიციას თითქოს საჭე მოეშალა და ხან ერთი და ხან მეორე მიმართულებით აწყდება

ოპოზიციის რესურსების ამოწურვას უთუოდ შეუწყო ხელი სააკაშვილის ჩამოსვლამ და, განსაკუთრებით, მისმა შიმშილობამ. სრულიად ოპოზიციური ძალისხმევა ბოლოს იმაზე კონცენტრირდა, რომ გადაეყვანათ მოშიმშილე სააკაშვილი მულტიპროფილურ კლინიკაში და როგორც კი ეს მოხდა, ოპოზიციამ თითქოს მისია და ორიენტირი დაკარგა.

საბოლოო ჯამში, ეს პოლიტიკურ კრიზისს კიდევ უფრო მეტად ამწვავებს, რადგან პოლიტიკურმა აქტორებმა „დაივიწყეს“ფუნქცია, რომ იზრუნონ მოსახლეობის ძირითადი საჭიროებების დაკმაყოფილებაზე.

- დამკვირვებელთა უმეტესობა თანხმდება, რომ ქვეყანაში სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური ვითარება კარგა ხანია რთულია და იგი ასეთივედ რჩება.

მეტიც, ილუზიაა იმის მტკიცება, რომ სააკაშვილის ჩამოსვლამ მკვეთრად გააუარესა პოლიტიკური მდგომარეობა ქვეყანაში, რადგან ქვეყანაში კარგა ხანია პრინციპში არაფერი იცვლება და ჩვენ ვაგრძელებთ ამ განგრძობით კრიზისში ცხოვრებას. თქვენი დაკვირვებით ჩვენი ამ განგრძობადი კრიზისის მიზეზი სავარაუდოდ რა შეიძლება იყოს?

- ჩემი აზრით, განგრძობადი კრიზისის მიზეზი ჩაბეტონებული ე.წ. ორპოლუსიანობაა, როდესაც ძირითადი პოლიტიკური ენერგია იხარჯება „ქართული ოცნებისა“ და „ნაცმოძრაობის“ ურთიერთგაშავებასა და შეუთავსებლობის დემონსტრირებაზე და ძირითადი ყურადღების მიღმა რჩება მოსახლეობისთვის მტკივნეული, საბაზისო პრობლემების მოგვარება. ჩვენც, ამომრჩევლები, განზრახულად თუ განუზრახველად, ამ უპერსპექტივო ორთაბრძოლაში ვართ გარეულები და გაჭედილებიც.

განგრძობადი კრიზისის მიზეზი ჩაბეტონებული ე.წ. ორპოლუსიანობაა, როდესაც ძირითადი პოლიტიკური ენერგია იხარჯება „ქართული ოცნებისა“ და „ნაცმოძრაობის“ ურთიერთგაშავებასა და შეუთავსებლობის დემონსტრირებაზე და ძირითადი ყურადღების მიღმა რჩება მოსახლეობისთვის მტკივნეული, საბაზისო პრობლემების მოგვარება. ჩვენც, ამომრჩევლები, განზრახულად თუ განუზრახველად, ამ უპერსპექტივო ორთაბრძოლაში ვართ გარეულები და გაჭედილებიც

თითქოს შეიქმნა ე.წ. ალტერნატიული პოლიტიკური ნიშა, ამომრჩეველთა დაახლოებით 20-25%-იანი დაფარვით. თუმცა, ჯერჯერობით, ასეთ ალტერნატივებს არ ხელეწიფება დამოუკიდებელი დღის წესრიგისა და პოლიტიკაში სტაბილური ფონის შექმნა.

ალტერნატიული პოლიტიკური ძალები, საკუთარი „სინედლის“ და მასობრივი მხარდაჭერის არქონის გამო, ხშირად იძულებულნი ხდებიან „ნაცმოძრაობის“ ორბიტაზე შეაბიჯონ და შემდეგ ამ ორბიტისგან დისტანცირებისთვის იბრძოლონ.

ალტერნატიული პოლიტიკური ძალები, საკუთარი „სინედლის“ და მასობრივი მხარდაჭერის არქონის გამო, ხშირად იძულებულნი ხდებიან „ნაცმოძრაობის“ ორბიტაზე შეაბიჯონ და შემდეგ ამ ორბიტასთან დისტანცირებისთვის იბრძოლონ

თუ დავაკვირდებით, უკვე წლებია, პოლიტიკური სპექტრი, იშვიათი გამონაკლისის გარდა, აქცენტს აკეთებს მოქალაქეების ნეგატიურ მობილიზაციაზე, როდესაც ბიძინას, მიშას ან ვინმე სხვის სიცუდეზე ხდება აპელირება და ამომრჩეველს აღარ აქვს პოზიტიურ პოლიტიკოსებზე და პოლიტიკაზე „დამაგრების“ შესაძლებლობა - „მე ხმა იმიტომ უნდა მომცე, რომ სხვა არ ვარგა“.

ასეთი ტაქტიკა ნიჰილისტურ განწყობებსაც აძლიერებს, როდესაც მოქალაქეთა ნაწილი ნდობას კარგავს პოლიტიკური კლასის მიმართ და თავის „ნაჭუჭში“ იკეტება, ან ქვეყანას ტოვებს.

ფაქტია, რომ ქვეყანაში დოვლათის, როგორც მატერიალური, ისე სულიერი, შექმნაში არ არის ჩაბმული მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი. დაუსაქმებელთა ჯგუფი იზრდება და, შესაბამისად, იზრდება სოციალური აქტიურობისგან გაუცხოებულ მოქალაქეთა რაოდენობაც.

- საზოგადოების გარკვეულ წრეებში პოლარიზაცია რომ არსებობს, ფაქტია. მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ხალხი მზადაა არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა, მაგრამ, ბარიკადებზე დგომის სურვილს ბევრი არ ავლენს.

სულ ცოტა ხნის წინ ბევრი წუხილს გამოთქვამდა რომ საზოგადოებაში დიდი იყო სამოქალაქო დაპირისპირების ალბათობა. პოლარიზაციის გამო სამოქალაქო დაპირისპირების ალბათობა კვლავ არსებობს?

- სამოქალაქო დაპირისპირება მარტო იარაღით დაპირისპირებას არ ნიშნავს, ვერბალური და ფსიქოლოგიური დაპირისპირებაც არსებობს, რომელიც არანაკლებ დამანგრეველი შეიძლება იყოს, ვიდრე ფიზიკური ომი.

სამწუხაროდ, საზოგადოების დიდი ნაწილი განსხვავებულების მიმართ ზიზღითა და მიუღებლობით საზრდოობს. ამის სხვადასხვა მტკიცებულება არსებობს - 5 მაისის მოვლენები, სოციალურ ქსელებში, მედიაში უხვად გამოყენებული სიძულვილის ენა და სხვ. შეიხედეთ რეზო ამაშუკელის ფეისბუქ გვერდზე, ეს ადამიანი, რომელიც ცნობილი პოეტია, თითქმის ყოველ თვე დებს ვიდეო მიმართვებს, რომლებიც „გატენილია“ ზიზღითა და შეურაცხყოფით. და ამ ვიდეოებს ასობით მომწონებელი ჰყავს.

მოქალაქეებმა დავკარგეთ ჩვენგან განსხვავებულებთან თანამშრომლობისა და ურთიერთგაგების უნარ-ჩვევები და მზად ვართ, ავიტანოთ მხოლოდ ისინი, ვინც შენიანია და ჩვენს გემოვნებაში ჯდება.

სამწუხაროდ, საზოგადოების დიდი ნაწილი განსხვავებულების მიმართ ზიზღითა და მიუღებლობით საზრდოობს... მოქალაქეებმა დავკარგეთ ჩვენგან განსხვავებულებთან თანამშრომლობისა და ურთიერთგაგების უნარ-ჩვევები და მზად ვართ, ავიტანოთ მხოლოდ ისინი, ვინც შენიანია და ჩვენს გემოვნებაში ჯდება

ადამიანების დიდი ნაწილი დღევანდელ საზოგადოებაში მზად არის, გაუსწორდეს ყველას, ვინც მათ არ ეთანხმება და არანაირ მზაობას არ ამჟღავნებს კომპრომისისთვის. არადა, კომპრომისების გარეშე ნებისმიერი ურთიერთობა უნაყოფოა და არაფრის მომტანი.

- ახლა აქტუალურად განიხილება საყოველთაო შერიგების თემა. ამ თემაზე ჯერ ციხის საკნიდან, ხოლო შემდეგ გორის ჰოსპიტლიდან დაიწყო საუბარი მესამე პრეზიდენტმა სააკაშვილმა. ხელისუფლებამ მისი ეს ინიციატივა „ციხიდან თავის დაძვრენის“ მცდელობად შეაფასა.

სულ ცოტა ხნის წინ შერიგების ინიციატივა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გააჟღერა. ფაქტია, რომ შერიგების სურვილი არც პოლიტიკურ სპექტრში შეიმჩნევა და არც საზოგადოებაში.

ზურაბიშვილის ინიციატივაზე მმართველი გუნდის რეაქცია ასეთი იყო, ყველას შეურიგდებით „ნაციონალების“ გარდა. არადა, სააკაშვილის მხარდამჭერები რომ 540 ათასზე მეტნი არიან, ფაქტია.

ვითარებაში, როცა დაპირისპირებული მხარეები შერიგების პროცესზე ხან ერთს ამბობენ, ხან მეორეს, გაუგებარია ვინ ვის უნდა შეურიგდეს, ვინ შეიძლება იყოს შერიგების გარანტორი, ასეთ ფონზე რამდენად რეალისტურად გამოიყურება შერიგების იდეა?

- ნაკლებად მომწონს ტერმინი „შერიგება“, რადგან ის უფრო დაშორებული მეგობრების ან მეუღლეების ერთად ხელახლა შეყრას, ანუ მეგობრობის ან სიყვარულის „აღდგენას“ გულისხმობს.

სამოქალაქო და პოლიტიკურ აქტივობებს უფრო ისეთი ეპითეტები შეესაბამება, როგორებიცაა შეთანხმება, თანამშრომლობა, თანაცხოვრება, „კოჰაბიტაცია“ და სხვა. ეს უაღრესად მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევები და პროცესები მაღალ სოციალურ და პოლიტიკურ კულტურაზე მეტყველებს და შეუძლია მოიტანოს უსაფრთხოება და განვითარება.

სამოქალაქო და პოლიტიკურ აქტივობებს უფრო ისეთი ეპითეტები შეესაბამება, როგორებიცაა შეთანხმება, თანამშრომლობა, თანაცხოვრება, „კოჰაბიტაცია“ და სხვა. ეს უაღრესად მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევები და პროცესები მაღალ სოციალურ და პოლიტიკურ კულტურაზე მეტყველებს და შეუძლია მოიტანოს უსაფრთხოება და განვითარება

ჩემი აზრით, შეთანხმება და თანამშრომლობა, რათა ის შედგეს, უნდა დაეფუძნოს, სულ მცირე, ორ პრინციპს: ა) კომპრომისს და ) სამართლიანობას. შეთანხმება ვერ იქნება სრულყოფილი, თუ ის მხოლოდ კომპრომისს მოითხოვს და არა დაშვებული, ზოგჯერ საბედისწერო, შეცდომების აღიარებას და მათზე პასუხისმგებლობის აღებას. შეთანხმება არ გულისხმობს ყველაფრის ჩამოწერას, სუფთა ფურცლიდან დაწყებას.

მეორე მხრივ, შეთანხმება გულისხმობს რაღაც გადაცდომებზე „თვალის დახუჭვას“, კონტექსტის გათვალისწინებას, ამნისტიას და ა.შ.

სამართლიანობასა და კომპრომისს შორის ბალანსზე უნდა გადიოდეს შეთანხმება და თანამშრომლობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ფუჭი, მხოლოდ ჰაერში გასროლილი დაპირება იქნება. არის თუ არა დღეს, ერთი მხრივ, ხელისუფლება, ხოლო, მეორე მხრივ, „ნაცმოძრაობა“ მზად ასეთი ბალანსის მისაღწევად? სამწუხაროდ, არა!

სამართლიანობასა და კომპრომისს შორის ბალანსზე უნდა გადიოდეს შეთანხმება და თანამშრომლობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ფუჭი, მხოლოდ ჰაერში გასროლილი დაპირება იქნება. არის თუ არა დღეს, ერთი მხრივ, ხელისუფლება, ხოლო, მეორე მხრივ, „ნაცმოძრაობა“ მზად ასეთი ბალანსის მისაღწევად? სამწუხაროდ, არა!

- იმის გათვალისწინებით რომ გორის ჰოსპიტალში მყოფი მესამე პრეზიდენტი ახერხებს პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნას, აქტუალურად რჩება მესამე პრეზიდენტის მომავალი - გამოჯანმრთელების შემდეგ მას ციხეში გადაიყვანენ, თუ სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაუშვებენ.

როგორც სააკაშვილი ამბობს, მისი ქვეყნიდან წასვლა გამორიცხულია. არადა, ახლა მედიკოსების მტკიცებით სააკაშვილს სასწრაფოდ სჭირდება სერიოზული ფსიქო-ნევროლოგიური რეაბილიტაცია.

სავარაუდოდ, როგორ განვითარდება პროცესები სააკაშვილის მომავალთან დაკავშირებით და რა გავლენას იქონიებს იგი ჩვენს საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე?

- ვფიქრობ, რომ მიხეილ სააკაშვილმა მიმდინარე პოლიტიკაზე სერიოზული ზეგავლენის რესურსი ამოწურა. მისი „დრაივი“ თანდათან სუსტდება. სააკაშვილმა მისი პერსონის მნიშვნელოვანი რეაბილიტაცია მოახდინა ჯერ მისი არაორდინარული ჩამოსვლით, შემდეგ ციხეში ფაქტობრივად თავისი ფეხით შესვლით და მერე - შიმშილობით. თუმცა, ყველა ეს ძალისხმევა არ აღმოჩნდა საკმარისი იმისთვის, რომ „სააკაშვილის ფაქტორს“ ახალი რევოლუციური სიტუაცია შეექმნა და თუნდაც ვადამდელი არჩევნების დანიშვნა გამოეწვია.

ვფიქრობ, რომ სააკაშვილმა მიმდინარე პოლიტიკაზე სერიოზული ზეგავლენის რესურსი ამოწურა... მისი „დრაივი“ თანდათან სუსტდება... მისი ძალისხმევა არ აღმოჩნდა საკმარისი იმისთვის, რომ „სააკაშვილის ფაქტორს“ ახალი რევოლუციური სიტუაცია შეექმნა და თუნდაც ვადამდელი არჩევნების დანიშვნა გამოეწვია

რევოლუციის მდინარეში ქართული საზოგადოება, სააკაშვილის ლიდერობით, მეორედ ვეღარ შევიდა. საქართველოს საზოგადოების დიდი ნაწილი სოლიდარული აღმოჩნდა სააკაშვილის, როგორც პოლიტიკური რეჟიმის მსხვერპლის მიმართ. ეს სოლიდარობა კიდევ უფრო გაამძაფრა მისმა შიმშილობამ და საპატიმროში დაბულინგებამ.

თუმცა, მეორე მხრივ, მოქალაქეების დიდი ნაწილი გულგრილი ან რეზისტენტულია გადაწყვეტილების მიმღებ აქტორად სააკაშვილის პოლიტიკაში დაბრუნების მიმართ. არსებობს რისკი, რომ სააკაშვილის მიმართ ლოიალობა „ნაცმოძრაობის“ ორთოდოქსი ამომრჩევლების წრეში შენარჩუნდეს.

ყოველ შემთხვევაში, მე ვერ ვხედავ ვერც იმის პერსპექტივას, რომ ციხეში მყოფი სააკაშვილის გავლენა გაიზარდოს პოლიტიკურ პროცესებზე და ვერც იმას, რომ მან პატიმრობას თავი ვადამდე დააღწიოს. თუმცა, იმასაც მივეჩვიეთ უკვე, რომ სადაც მიხეილ სააკაშვილია, იქ სიურპრიზებს ყოველთვის უნდა მოველოდეთ.

- საერთაშორისო ასპარეზზე არსებული ვითარება საკმაოდ რთული და სახიფათოა. ასეა არა მხოლოდ უკრაინის საზღვრებთან რუსული ჯარის არსებობის გამო, არამედ იმიტომაც, რომ აშშ-ს, დასავლეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები გაურკვეველია და პუტინის რუსეთი სულ უფრო არაპროგნოზირებად ქვეყნად ხდება.

თქვენი დაკვირვებით საერთაშორისო ასპარეზზე მიმდინარე პროცესები რა გავლენას ახდენს საზოგადოებრივ განწყობებზე და საშინაო პოლიტიკაზე?

- საქართველოს უსაფრთხოება და დამოუკიდებლობა დღეს კვლავ მყიფეა და სერიოზულ მხარდაჭერას ითხოვს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან. საბედნიეროდ, ნატოსა და ევროკავშირში გაერთიანება ისევ ძირითად საგარეო ორიენტირებად რჩება და ჩვენი სახელმწიფოებრიობის ყველაზე მნიშვნელოვან ფარს წარმოადგენს.

მხოლოდ საერთაშორისო მხარდაჭერისა და შიდა დემოკრატიის სიმბიოზით შეძლებს საქართველო გაუმკლავდეს მსოფლიოში და ჩვენს რეგიონში არსებულ გამოწვევებს

გულდასაწყვეტი ისაა, რომ საქართველოს შიდა პოლიტიკა ჯერ კიდევ ვერ ახერხებს იმას, რომ ზემოაღნიშნული საგარეო ორიენტირების წარმატებით ხორცშესხმას დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობით, როგორც აუცილებელი წინაპირობით, უპასუხოს.

მხოლოდ საერთაშორისო მხარდაჭერისა და შიდა დემოკრატიის სიმბიოზით შეძლებს საქართველო გაუმკლავდეს მსოფლიოში და ჩვენს რეგიონში არსებულ გამოწვევებს.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო