ნიკა გვარამია მის საქმეზე მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის აცილებას ითხოვს

„მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ნიკა გვარამია მისი, კახაბერ დამენიასა და ზურაბ იაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის აცილებას ითხოვს.

აღნიშნული შუამდგომლობა გვარამიამ სასამართლო პროცესზე დააყენა.

ნიკა გვარამიამ მოსამართლეს სხდომათა დარბაზში მონიტორზე ფოტოსურათი აჩვენა, სადაც ლაშა ჩხიკვაძე სასულიერო პირთან - მამა მიქაელთან და ზაზა გველესიანთან ერთად არის გადაღებული.

გვარამიამ მოსამართლეს ჰკითხა, ეთქვა, თუ ვინ არის ზაზა გველესიანი მისთვის და სად მუშაობს ის ახლა, რაზეც ჩხიკვაძემ განაცხადა, რომ ის მისი ბავშვობის მეგობარია და სავარაუდოდ, ერთ-ერთ ტელევიზიაშია.

ნიკა გვარამიას განმარტებით, აღნიშნული პირი „რუსთავი2“-ის ჰოლდინგის დირექტორია, ის დასაკითხ მოწმეთა სიაში იყო, თუმცა მოსამართლემ ის მოწმეთა სიიდან ამოიღო, თუმცა მოსამართლემ აღნიშნა, რომ ეს მოწმე ბრალდების მხარემ უდავოდ ცნო და ამიტომ მოიხსნა ის დასაკითხ პირთა სიიდან.

„რა ტიპის მეგობრობა გაკავშირებთ“?- კითხა გვარამიამ მოსამართლეს.

„ბავშვობის მეგობარია, კომუნიკაცია გვაქვს მეგობრობის შინაარსში რაც არის, ვხვდებით ხოლმე ერთმანეთს“,- განაცხადა ჩხიკვაძემ, რასთან დაკავშირებითაც გვარამიამ მას ჰკითხა, თუ რატომ არ განმარტა მან თავის დროზე, რომ მოწმედ მყოფი პირი მისი მეგობარია.

„ინფორმაციის გაცვლის შესაძლებლობა გაქვთ და ის წარმოადგენს კომპანიას, რომელიც დაზარალებულად არის ცნობილი. აქამდე მხარეებისთვის რატომ არ გააკეთეთ განმარტება?“- ჰკითხა გვარამიამ. აღნიშნულთან დაკავშირებით კი მოსამართლემ განმარტა, რომ „მეგობრობას აქვს ფორმატი, რაც არ ნიშნავს, რომ ვინმეს საქმესთან დაკავშირებით ესაუბრება“.

„თქვენო ღირსებავ, თქვენი მეგობარი ვერ ამოიცანით საქმეში, მოწმეების ნუსხაში? იყავით თუ არა ვალდებული მხარეებისთვის განგემარტათ, რომ მოწმეთა ნუსხაში თქვენი ახლო მეგობარი იყო?

შუამდგომლობის მოთხოვნაა თქვენი აცილება, ეს ფაქტი საეჭვოს ხდის ობიექტურობას და მიუკერძოებლობას. ჩვენ ვფიქრობთ, მიზანმიმართულად გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას აპირებთ“, - განაცხადა გვარამიამ.

„ბრალდების მხარემ სხვა მოწმეებთან ერთად ის პროცედურა, რაშიც იღებდა ბატონი ზაზა მონაწილეობას, დაცვის მტკიცებულების ფორმატში ცნო უდავოდ. საუბარია მხოლოდ პროცედურულ მოქმედებებზე, რომელშიც მონაწილეობა მიიღო. მოწმესთან დაკავშირებით არანაირი ვალდებულება არ მაქვს, რომ განმარტება გავაკეთო, მოწმე არ არის მხარე. თუ დადგებოდა ასეთი საკითხი და ბატონი ზაზა გამოცხადდებოდა მოწმედ დასაკითხად, შესაძლოა შესაბამისი განმარტება გამეკეთებინა“, - განაცხადა მოსამართლე ჩხიკვაძემ.

ნიკა გვარამიამ მოსამართლეს ასევე კიდევ ერთი ფოტოსურათი წარუდგინა, სადაც მოსამართლე ზაზა გველესიანის შვილის ნათლობაზეა გადაღებული.

შეგახსენებთ, გენერალურმა პროკურატურამ გასული წლის 6 სექტემბერს, „რუსთავი 2“-ის საქმეზე ბრალი ნიკა გვარამიას, ასევე „რუსთავი 2“-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორს კახა დამენიასა და „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორს ზურაბ იაშვილს წაუყენა. ნიკა გვარამიას ბრალად ედება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების გაფლანგვა, კომერციული მოსყიდვა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. ნიკა გვარამიას ასევე ბრალი ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში. გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 40 000-ლარიანი გირაო შეეფარდა, ამასთან, მას ქვეყნიდან გასვლის უფლება შეეზღუდა. კახა დამენიას გამოძიება სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში ედება, რაც ჩადენილი იქნა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. დამენიას აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. მას ასევე, აეკრძალა სახელმწიფო საზღვრის დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე. რაც შეეხება ზურაბ იაშვილს, მას ბრალი ედება კომერციულ მოსყიდვასა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში. იაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა