კობა გვენეტაძე - ინფლაციაზე მოქმედი ერთჯერადი ფაქტორები გლობალურად უფრო ხანგრძლივი და ძლიერი გამოდგა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე რეფინანსირების განაკვეთის გაზრდის მიზეზებთან დაკავშირებით „ფეისბუქში” განმარტებას აკეთებს.

„რადგანაც რამდენჯერმე დაისვა შეკითხვა ეროვნული ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების დროულობასთან დაკავშირებით, მსურს კიდევ ერთხელ შევეხო ამ საკითხს.

პირველ რიგში, ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ ცენტრალური ბანკები მხოლოდ იმ შემთხვევაში მიმართავენ ამ ნაბიჯს, როდესაც ინფლაციის ზრდა მუდმივი ფაქტორებითაა გამოწვეული. მაგალითად, თუ მსოფლიო ბაზარზე ნავთობი გაძვირდა (რაც დროებითი ფაქტორია) და ამის გამო ინფლაცია საქართველოში გაიზარდა, ამ დროს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება - ანუ სესხის მომსახურების ხარჯების გაზრდა - კონტრპროდუქტიულია, ჩვენ ამით ვერც ნავთობის ფასებზე მოვახდენთ რაიმე ზემოქმედებას და სესხებსაც ტყუილად გავუძვირებთ მოსახლეობას. თუმცა, თუ არის იმის რისკი, რომ მსოფლიო ბაზარზე საქონლის გაძვირების გამო ინფლაცია მოლოდინების ზრდაზე (რაც უკვე მუდმივ ფაქტორს წარმოადგენს) მოახდენს გავლენას, ამ შემთხვევაში, მომავალში ინფლაციის ზრდის თავიდან ასაცილებლად, პოლიტიკის გამკაცრება უკვე აუცილებელი ხდება.

ახლა, საქართველოს შემთხვევაში ინფლაციაზე მოქმედ დროებით და მუდმივ ფაქტორებს შორის განსხვავებას შევხედოთ. 2021 წლის დასაწყისიდან ინფლაციის ზრდის მიზეზი, ძირითადად, მასზე მოქმედი დროებითი ფაქტორების (როგორებიცაა საერთაშორისო სასაქონლო, ნავთობის და ტრანსპორტირების აშშ დოლარით გამოხატული ფასების ზრდა, რომელიც მუდმივად მაღალი ტემპებით ვერ გაგრძელდება) შედეგი იყო, რაზეც, როგორც ზემოთ შევთანხმდით, ცენტრალური ბანკები, როგორც წესი, არ რეაგირებენ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ასეთი დროებითი ფაქტორები ინფლაციის საშუალო და გრძელვადიან მოლოდინებზე ახდენს გავლენას (და ამით “დროებითობას“ კარგავს კიდეც).

ეროვნული ბანკის შეფასება აჩვენებს, რომ წელს ინფლაცია 3%-იან ნიშნულზე მაღლა, ძირითადად, ზემოხსენებული დროებითი ფაქტორების გამოა (ინფლაციის ის ნაწილი, რომელიც დროებითი ფაქტორებით არ განისაზღვრება, დიაგრამაზე მწვანე ხაზით არის მოცემული). თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ერთჯერადი ფაქტორები გლობალურად უფრო ხანგრძლივი და ძლიერი გამოდგა, ვიდრე თავდაპირველად ჩანდა. ამან კი, თავის მხრივ, ინფლაციის საშუალო და გრძელვადიანი მოლოდინების მატების რისკები გაზარდა. ამასთან, მიუხედავად გამკაცრებისა, საკრედიტო აქტივობა კვლავ მოსალოდნელზე ძლიერია, რასაც ფისკალური სტიმულიც (მაგალითად, კოვიდ-19-ის ფონზე გაზრდილი დახმარებები/სუბსიდიები) ემატება და რამაც ჯამში დეკემბრის მონეტარული პოლიტიკის სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის დამატებით გამკაცრების აუცილებლობა გააჩინა. ამასთან, 2021 წელს 10%-იანი რეალური ეკონომიკური ზრდის მოლოდინია რაც, სხვა თანაბარ პირობებში, პრო-ინფლაციურია და ასეთი მაღალი ზრდის მოლოდინი წლის დასაწყისში არავის ჰქონია. საბოლოოდ, ამიტომ მოვედით დღევანდელ მკაცრ მონეტარულ პოლიტიკამდე, რომლის მიზანია, რომ ინფლაციის წლევანდელი ზრდა მართლაც დროებითი აღმოჩნდეს”, - ნათქვამია ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განმარტებაში, რომელსაც Facebook გვერდზე აქვეყნებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა