ნინო კალანდაძე - უკრაინა დღეს იმდენად მძლავრი თემაა, რომ არ მგონია, სამიტზე საქართველოს დასჯის საკითხი წამოწიონ, მაგრამ ჩვენი ხელისუფლების ქმედებები შეფასდება კრიტიკულად

უკრაინა იმდენად მძლავრი თემაა დღის წესრიგში, რომ არ მგონია, დღეს ის დრო იყოს, როცა სამიტზე საქართველოს დასჯას წამოწევენ წინა "პლანზე", ეს რუსეთის მისამართითაც არასწორი გზავნილი იქნება, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, ნინო კალანდაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა, რითაც აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის მოლოდინებთან დაკავშირებულ კითხვას უპასუხა.

თუმცა ნინო კალანდაძის განცხადებით, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე საქართველოს ხელისუფლების ქმედებები კრიტიკულად შეფასდება.

"მგონია, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედებები შეფასდება კრიტიკულად, ეს კრიტიკული შეფასება ნიშნავს, რომ ჩვენ დაახლოების გზაზე პროგრესს ვერ ვაჩვენებთ და შესაბამისად, ისინიც ამ ერთიანობის მექანიზმს ვერ აამუშავებენ.

დემოკრატიის გზაზე პროგრესი უნდა იყოს, ჩვენ თუნდაც ნელა, მაგრამ წინ უნდა მივდიოდეთ და ეს პროგრესი არ არის სახეზე. პირიქით, უკუსვლაა, მათივე შეფასებებით. ეს საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებია, რომელსაც ისინი უპირატესად იღებენ მხედველობაში. შეუძლებელია, რომ ეს არ იქნას ასახული.

წახალისების მექანიზმებზე იქნება მსჯელობა. საქართველო იქნება სამეულის ფარგლებში განხილული და ვფიქრობ, რომ "more is more" მექანიზმს მაინც აამუშავებენ, რაც ნიშნავს, რომ სახელმწიფოს მეტი ინტეგრაცია, მეტ შედეგს მისცემს თავად დასავლეთს რეგიონში, ამ პრინციპითაც იმოქმედებენ, დიდი ალბათობით“, - განაცხადა ნინო კალანდაძემ.

ნინო კალანდაძის თქმით, საქართველოს ნატოში ინტეგრაციისთვის საქართველოს ხელისუფლება არა თუ არ აქტიურობს, არამედ „მის წილს არ ასრულებს იმისთვის, რომ ეს საკითხი საერთოდ აქტუალური იყოს ნატოს წევრი ქვეყნებისთვის“.

„დღეს, სამწუხაროდ, ნატოში გაწევრიანების საკითხი დღის წესრიგიდან იმთავითვე მოხსნილია. მოხსნილია პირველ რიგში იმიტომ, რომ, ვიდრე არ არის ტერიტორიული მთლიანობის საკითხები მოგვარებული, ნატოს წევრი სახელმწიფოებისთვის ამ ფორმით გაფართოების პერსპექტივა იმთავითვე არ განიხილება და მეორე კომპონენტის არ არსებობის გამო, რომელიც გულისხმობს, რომ საქართველოს ხელისუფლება არა თუ არ აქტიურობს, არამედ პრაქტიკულად მის წილს არ ასრულებს იმისთვის, რომ ეს საკითხი საერთოდ აქტუალური იყოს ნატოს წევრი ქვეყნებისთვის.

დასავლეთი არის წევრი სახელმწიფოების ერთობა და ამ წევრ სახელმწიფოებში არიან ადამიანები, რომლებიც ინდივიდუალურად და დამოუკიდებლად მსჯელობენ. დასავლეთში არიან მთელი რიგი ქვეყნები და ასევე ინდივიდუალური წარმომადგენლები, რომლებიც იმთავითვე, მათი სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, სკეპტიკურად უყურებენ საქართველოს დასავლურ ინტეგრაციას. იქ ერთიანი პოზიცია არ არსებობს და ამ დავაში რაც მეტ შესაძლებლობას მისცემ სკეპტიკურად განწყობილ პოლიტიკოსებს, რომ იდავონ თქვენი გაწევრიანების საწინააღმდეგოდ, მით მეტი შანსია, რომ ეს არ მოხდეს. ჩვენ თუ ჩვენს საშინაო დავალებებს ყველაფერს კარგად ვასრულებთ, რჩება მხოლოდ ტერიტორიული მთლიანობის საკითხი, რომლის უკანაც უბრალოდ რუსეთი დგას, მაშინ გაცილებით უკეთ არის ჩვენი საქმე, ვიდრე მაშინ, როდესაც ჩვენ ამ სკეპტიკურად განწყობილ ადამიანებს კიდევ დამატებით სალაპარაკოს ვაძლევთ, რომ მოიცა კაცო, იქ სადაც პრეზიდენტებს ციხეში სვამენ, საჯაროდ ათრევენ, ზეწოლის ფაქტებია, ჟურნალისტებს არბევენ და რადიკალურ ჯგუფებს აძლიერებენ, ლიბერალურ ღირებულებებს მიიჩნევენ მტრულ ღირებულებად, მაშინ ჩვენ ამ ადამიანებთან რა საერთო გვაქვს, მათთან რა უნდა ვილაპარაკოთ, ჩვენს მოკავშირეებს ვაცლით სასაუბროს, ჩვენი დაცვა სულ უფრო რთული ხდება“, - განაცხადა ნინო კალანდაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა