ნატოს მხარდაჭერა უკრაინის მიმართ არ წარმოადგენს მუქარას რუსეთისადმი. ნატო უკრაინის გვერდით დგას, ყველა მოკავშირე მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას , - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა უკრაინის პრეზიდენტთან, ვლადიმერ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთის მიერ უკრაინის საზღვართან ძალების მობილიზება ძირს უთხრის ევროპის უსაფრთხოებას.
„ძალების ამ ზრდას არ აქვს გამართლება. ეს არის პროვოკაციული, და დესტაბილიზაციის გამომწვევი და ძირს უთხრის ევროპის უსაფრთხოებას“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა რუსეთს დეესკალაციისკენ მოუწოდა.
„მოვუწოდებთ რუსეთს, დაუბრუნდეს დიპლომატიას, განმუხტოს სიტუაცია და პატივი სცეს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. უკრაინის წინააღმდეგ ნებისმიერი შემდგომი აგრესია მძიმე შედეგებს გამოიწვევს და მაღალი ფასი ექნება“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.