ევროპარლამენტარებმა ალექსეი ნავალნის ქალიშვილს, მამისთვის განკუთვნილი ჯილდოს გადაცემის შემდეგ  სიტყვით გამოსვლისას რამდენჯერმე ტაში დაუკრეს, მიმართვის ბოლოს კი ევროპელი დეპუტატები მას ფეხზე წამოუდგნენ

ხვალ, დასავლეთის ნახევარზომებით შთაგონებული დიქტატორები, ათასობით ადამიანს გადაიყვანენ ევროკავშირის საზღვარზე, დააძალებენ ქალებსა და ბავშვებს, რომ შტურმი განახორციელონ სასაზღვრო ბარიერებზე და ჩუმად იოცნებებენ, რომ ვინმეს ესროლონ, ან გაჭყლიტონ ხალხმრავლობაში. დაე, პრაგმატიკოსებმა გვიპასუხონ, რა დაუჯდება ეს პოლონეთს, ლიეტუვას, ან მთლიანად ევროკავშირს, - ამის შესახებ ალექსეი ნავალნის ქალიშვილმა დარია ნავალნაიამ ევროპარლამენტში განაცხადა, სადაც მას მამისთვის განკუთვნილი პრიზი, სახაროვის ჯილდო გადასცეს.

„დიდი პატივია ვიდგე აქ 20 წლის სტუდენტი, რომელმაც ბევრი არაფერი იცის პოლიტიკაზე. როდესაც პირველად გავიგე, რომ მამაჩემმა სახაროვის პრიზი მოიპოვა, ორი მიზეზის გამო ძალიან ბედნიერი ვიყავი, პირველი, ეს არის მისი დამსახურების აღიარება და რაც ყველაზე მთავარია, ეს არის სიგნალი ათობით მილიონი ადამიანისთვის ჩემს ქვეყანაში, რომლებიც განაგრძობენ ბრძოლას რუსეთის უკეთესი ბედისთვის. მეორე მიზეზი კი ცოტა უხერხულია, მამაჩემი იღებს ამ ჯილდოს ევროპარლამენტისგან და როდესაც ასეთ ჯილდოს იღებ ევროპარლამენტისგან, შენ გაქვს შესაძლებლობა, ისაუბრო მის წინაშე.

მე დავდივარ სხვადასხვა კონფერენციებსა და სამიტებზე, გამოვდივარ სიტყვით მამაჩემის სახელით. მაშინ როცა ის ციხეში ზის, მე ვაგრძელებ მოგზაურობას და სტატიების წაკითხვას იმაზე, თუ როგორ მძიმე პირობებში იმყოფება მამაჩემი. ამ ყველაფრისთვის ბევრს ვერაფერს იზამ, ამიტომ მე ვმოგზაურობ და ვსაუბრობ, ის კი განაგრძობს ციხეში ყოფნას.

ეს მხოლოდ ალექსეი ნავალნის არ ეხება. სად არიან გასული წლის ლაურეატები, ბელარუსის ოპოზიციის წევრები ახლა? ძირითადად ციხეში. სად არის მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის 2010 წლის ლაურეატი ლუი სიობო? ის დაიღუპა ციხეში და მე ვეკითხები ჩემს თავს, რატომ არის ასეთი რთული მათი დახსნა ტყვეობიდან, ვინც ადამიანის უფლებებისთვის იბრძვის? რატომ აგდებენ მათ კვლავ ციხეებში არა მხოლოდ მთელს მსოფლიოში არამედ გეოგრაფიულად ევროპულ ქვეყნებშიც, 21-ე საუკუნეში?

ევროპა დიდი და ბევრისშემძლეა. ევროპელი მოქალაქეების ნება გამოიხატება ევროპარლამენტის წევრების რეზოლუციებში, რომლებიც არის ზუსტი, სწორი და სამართლიანი რეზოლუციები, რომლებსაც მხარს უჭერს გაერთიანებული სამეფო, აშშ, ავსტრალია, ახალი ზელანდია და მთელი თავისუფალი სამყარო. მაგრამ მამაჩემის მსგავსი ადამიანები განაგრძობენ ციხეებში ყოფნას და უყურებენ, როგორ აგდებენ სულ უფრო და უფრო მეტ თანამოაზრეს გისოსებს მიღმა.

ბევრჯერ გამიგია და დარწმუნებული ვარ, კიდევ გავიგებ, შესაძლოა ამ ცერემონიების შემდეგაც დერეფანშიც კი : „იცი, დაშა მესმის, რატომ განიცდი ასე, რადგან ეს შენს ოჯახს ეხება, მაგრამ რეალურ სამყაროში ჩვენ გვიწევს ვიყოთ უფრო პრაგმატულები.“ და იმ დერეფნებში მე თავს დავაქნევ და ვიტყვი : „დიახ, რა თქმა უნდა“. სხვა რის თქმა შემიძლია? მე ვარ 20 წლის სტუდენტი და თავს კომფორტულად არ ვგრძნობ გამოცდილ და პასუხისმგებლიან პრაგმატიკოსებთან კამათისას.

თუმცა მე აქ გამოვიყენებ იმ უპირატესობას, რომ მიკროფონი ჩემს ხელშია და ვერავინ წამართმევს მას, პერსონალურად არავისთან მომიწევს კამათი და თავს არ ვიგრძნობ არათავაზიანად. მსურს, შევეწინააღმდეგო ამ პრაგმატიზმს. ეს არის სახაროვის პრიზი და ანდრია სახაროვი იყო ალბათ, ყველაზე ნაკლებად პრაგმატული ადამიანი პლანეტაზე. არ მესმის, რატომ არ შეუძლიათ მათ, ვინც დიქტატორებთან პრაგმატულ ურთიერთობას უჭერს მხარს, გადაშალონ ისტორიის წიგნები? ეს ძალიან პრაგმატული გადაწყვეტილება იქნებოდა. თუკი ასე მოიქცევიან, მიხვდებიან გარდაუვალ პოლიტიკურ წესს: ტირანებისა და დიქტატორების დამშვიდება და დაშოშმინება არასდროს მუშაობს. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი ადამიანი ეცდება თავის მოტყუებას იმ იმედით, რომ მორიგი გიჟი, რომელიც ძალაუფლებას ებღაუჭება, წესიერად მოიქცევა დათმობებითა და ფლირტით - ეს არასდროს მოხდება,“- განაცხადა დარია ნავალნაიამ.

მან გააკრიტიკა პრაგმატულად მოაზროვნე პოლიტიკოსები, რომლებიც დიქტატურული რეჟიმების მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის წინააღმდეგ მხოლოდ მკაცრი განცხადებებით შემოიფარგლებიან.

„ავტორიტარული ძალაუფლების არსი ფსონების მუდმივი ზრდაა, ასევე აგრესიის ზრდა და ახალი მტრების ძიება. მათ, ვინც ოდესღაც ამბობდნენ, „მოდით, ნუ მოვახდენთ ზეწოლას ლუკაშენკოზე და გავაგრძელოთ დიალოგი“, როცა სცემდა ადამიანებს და მათ გისოსებს მიღმა აქცევდა, მიაღწიეს, რომ ახლა ვინმეს წინააღმდეგ განაჩენის გამოსატანად ლუკაშენკოს სამგზავრო თვითმფრინავის გაჩერება უწევს.

კიდევ ერთი რამ, რისი გაკეთებაც პრაგმატიკოსებს გარკვეული მიზეზებით არ სურთ არის ის, რომ აიღონ კალკულატორი და დაითვალონ, რა უჯდებათ ევროპელ გადასახადების გადამხდელებს მათი პრაგმატიზმი.

წლების განმავლობაში პუტინთან ფლირტმა მათ აჩვენა, რომ საკუთარი რეიტინგის გასაზრდელად, მას შეუძლია ომი დაიწყოს, რა დაუჯდება ევროპას ომი უკრაინაში? ახლაც კი, ამდენი ამბის ფონზე, როდესაც რუსული ჯარები უკრაინის საზღვრისკენ მიდიან, რეალურად არავინ საუბრობს ამაზე. ვერანაირი პრაგმატული სავაჭრო თანამშრომლობა ვერ გამოისყიდის იმ პირდაპირ დანაკარგს, რომელიც მოგვიწევს. რომ არ ვახსენოთ იმ დროის ფასი, რაც დასავლელმა პოლიტიკოსებმა დახარჯეს პრობლემების მოგვარებაზე, ნაცვლად იმისა, რომ თავიანთი ქვეყნების საკითხებზე ეზრუნათ.

ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ბორის ნემცოვი ზურგში სროლით მოკლეს კრემლის სიახლოვეს. მოდის პრაგმატიკოსი და ამბობს, „ჩვენ ბევრს ვერაფერს ვიზამთ, მოდით შემოვიფარგლოთ მკაცრი განცხადებებით და განვაგრძოთ საუბარი. შემდეგ კლავენ მეორეს, მესამეს, მეოთხეს ბერლინის ცენტრში კლავენ, მეხუთეს ბრიტანეთში, შემდეგ აფეთქებენ საწყობებს ევროპაში და ხოცავენ ქიმიური იარაღით.

ჩვენ უკვე ვიცით, რომ რეალური ტერორისტული ჯგუფი შეიქმნა პუტინის სპეცსამსახურებში, რომელიც ხოცავს ჩემი ქვეყნის მოქალაქეებს, ყველანაირი სასამართლოს გარეშე, სამართლიანობის გარეშე.

მათ კინაღამ მოკლეს დედაჩემი, თითქმის მოკლეს მამაჩემი და ვერავინ მოგვცემს გარანტიას, რომ ხვალ არ დაიღუპებიან ევროპელი პოლიტიკოსები კარის სახელურზე უბრალოდ ხელის შეხებით.

ახლა თქვენ ზრდით პოლიციის ბიუჯეტს, აძლევთ ბევრ ფულს სპეცსამსახურებს, ხარჯავთ მილიარდებს მომწამვლელი ნივთიერებების აღმოსაჩენი საშუალებების დასახვეწად და ეს არის პრაგმატიზმის შედეგები.

„ნუ განვახორციელებთ ზეწოლას, ჩვენ ფრთხილად უნდა მოვიქცეთ და არ გავაბრაზოთ ისინი,“- ამბობს პრაგმატიკოსი და ხვალ, დასავლეთის ნახევარზომებით შთაგონებული დიქტატორები, ათასობით ადამიანს გადაიყვანენ ევროკავშირის საზღვარზე, დააძალებენ ქალებსა და ბავშვებს, რომ შტურმი განახორციელონ სასაზღვრო ბარიერებზე და ჩუმად იოცნებებენ, რომ ვინმეს ესროლონ, ან გაჭყლიტონ ხალხმრავლობაში. დაე, პრაგმატიკოსებმა გვიპასუხონ, რა დაუჯდება ეს პოლონეთს, ლიეტუვას, ან მთლიანად ევროკავშირს? ისინი მიპასუხებენ, რა გინდა? ისინი არიან სუვერენული სახელმწიფოები, ჰყავთ თავიანთი მთავრობები, ჩვენი შესაძლებლობები ძალიან შეზღუდულია. ატომური ომის დაწყებას გვთავაზობთ იმისთვის, რომ პოლიტპატიმრები გავათავისუფლოთ? რა თქმა უნდა, არ გთავაზობთ ომის დაწყებას. თუმცა აღვნიშნავ, რომ ომი დაიწყო, თუმცა წარუმატებლად და მას რეალური მსხვერპლი ჰყავს. ისინი იყენებენ როგორც კიბერ, ასევე ქიმიურ იარაღს.

ფაქტი რომ ევროპული ბანკები თავისუფლად ათეთრებენ პუტინის და მისი მეგობრების კორუფციულ მილიარდებს, რუსეთისა და ბელარუსის მაღალჩინოსნების 99%-ს, რომლებიც ჩართულები არიან დანაშაულებში, საშუალება აქვთ თავისუფლად იმოგზაურონ ევროპაში, ყველაფერი ეს აშკარა ნიშნებია, რომ გადაწყვეტილების ბევრი მიმღები არც კი ცდილობს, პატარა ბრძოლები მაინც მოიგოს ამ ომში.

დროა, პირდაპირ ითქვას, რომ პრაგმატიზმის ნიშნის ქვეშ ცინიზმი, თვალთმაქცობა და კორუფციაა.

იდეალიზმსა და პრაგმატიზმს შორის მუდმივი ბრძოლაა, მძიმე ბრძოლაა ევროპულ პოლიტიკაში, მაგრამ პრაგმატიზმის მხარეს დგომაც არ უნდა ნიშნავდეს შენი იდეების ღალატს.

როცა მამას მივწერე და ვკითხე, რა უნდა მეთქვა, მან მიპასუხა, თქვი, რომ „ვერავინ გაბედავს რუსეთი და პუტინის რეჟიმი ერთმანეთთან გაათანაბროს. რუსეთი ევროპის ნაწილია და ჩვენ ვისწრაფვით, რომ მისი ნაწილი გავხდეთ, მაგრამ ჩვენ ასევე გვსურს, ევროპაც ისწრაფოდეს, იმ პრინციპებისკენ, რომელიც მისი საფუძველშია. ჩვენ არ გვინდა იმ კანცლერებისა და მინისტრების ევროპა, რომლებიც ოცნებობენ, რომ მიიღონ სამსახური პუტინის სახელმწიფო კომპანიაში ან იცურონ ოლიგარქის იახტებით.

დღეს მამაჩემის, ალექსეი ნავალნის ნაცვლად ამ გასაოცარი პრიზის მიღებისას მადლობას გიხდით და თქვენი სახით მივესალმები იდეებისა და პრინციპების ერთგულ ევროპას.

მე მჯერა ევროკავშირის მომავლის და მჯერა, რომ ერთ დღეს ჩემი ქვეყანა მისი ნაწილი იქნება,“- აღნიშნა ნავალნის ქალიშვილმა.

მან ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლა შემდეგი სიტყვებით დაასრულა : „თავისუფლება ალექსეი ნავალნის!

აღსანიშნავია, რომ ალექსეი ნავალნის ქალიშვილს, დარია ნავალნაიას ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას რამდენჯერმე ტაში დაუკრეს, მიმართვის დასრულების შემდეგ კი მას ევროპარლამენტარები ფეხზე წამოუდგნენ და მისი განცხადებების მიმართ დამოკიდებულება ასე გამოხატეს.

ემილ ავდალიანი - ყველაფერი რეგიონში საქართველოს უფრო მზარდ როლზე მოასწავებს, საჭიროა მხოლოდ შექმნილი ვითარების სწორად გამოყენება
ქართული პრესის მიმოხილვა 18.08.2022
ალექსეი გარანი - პუტინს უნდა რომ უკრაინა დათმობებზე წავიდეს, მაგრამ უკრაინა მშვიდობის სანაცვლოდ, ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული საკითხებით ვაჭრობას არ აპირებს
„ევროპელი სოციალისტების” წევრები, დავით ზილფიმიანი და ზაზა მიქაძე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
კომპანია PSP ფარმაცევტული სექტორის განვითარებაზე კონცენტრირდება და არაპროფილური ბიზნესებიდან გამოდის
კახა ოქრიაშვილი - საერთაშორისო იზოლაცია, უვიზო მიმოსვლის შეჩერება, ტოტალური გაღატაკება - აი, ეს მოაქვს ბატონ ივანიშვილს
გავლენიანმა საერთაშორისო ბიზნეს გამოცემა Global Finance-მა 2022 წლის გამარჯვებულები გამოავლინა