ირაკლი კობახიძე საკონსტიტუციო ცვლილებებზე - საკითხი დახურული არ არის, გართულება არაფერზე გვაქვს, ერთადერთი წინაპირობაა დავინახოთ, რომ პარტიებს პოლარიზაციის ხარისხის შემცირება სურთ - თუნდაც ბოიკოტი მოხსნან

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მსჯელობა გაგრძელდება და ერთადერთი წინაპირობა, რაც მმართველ გუნდს აქვს არის ის, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა ქვეყანაში პოლარიზაციის ხარისხის შემცირების სურვილი აჩვენონ.

მმართველი პარტიის თავმჯდომარესა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს მაგალითად საპარლამენტო ბოიკოტის შეწყვეტა მოჰყავს.

„გვქონდა განხილვა - შეხვედრა, სადაც კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ, რომ არცერთი საკითხი დახურული არ არის. ჩვენ მსჯელობას ვაგრძელებთ. ანუ არ გვაქვს ჩვენ გართულება არაფერზე. ერთადერთი ლოგიკური წინაპირობა რაც გვაქვს არის ის, რომ დავინახოთ, რომ პოლიტიკურ პარტიებს სურთ პოლარიზაციის ხარისხის შემცირება. თუნდაც ბოიკოტი მოხსნან პირობითად“, - განაცხადა მან.

კობახიძის განცხადებით, გადაწყვეტილების მიღებისას ოპოზიციური პარტიების მიმართ პასუხისმგებლობით იმოქმედებენ.

„დრო გვაქვს ბევრი, 2024 წლამდე სამი წელია. ჩვენ ყველას მიმართ ვიმოქმედებთ პასუხისმგებლობით. რა თქმა უნდა ამ კონკრეტულ საკითხთან მიმართებით, „ნაცმოძრაობის“ მიმართ ჩვენი დამოკიდებულება განისაზღვრება მათი ქცევით. სხვა პარტიებს რაც შეეხება, ჩვენ ვაფასებთ იმ კონსტრუქციულ დამოკიდებულებას , რომელიც მათი მხრიდან ვლინდება საპარლამენტო მუშაობაში, აქედან გამომდინარე ესეც იქნება ცალკე ჩვენი მხრიდან მხედველობაში მიღებული, როცა საბოლოო გადაწვეტილებას მივიღებთ“, - განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძემ გადაცემაში 19 აპრილის შეთანხმებაზე და შემდეგ უკვე მათი მხრიდან დოკუმენტის ანულირებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ სრული აბსურდი იყო, როცა 100 დღის მანძილზე ბარიერგადალახულმა 4 -მა პარტიამ ხელი არ მოაწერა შეთანხმებას.

„რაც შეეხება 19 აპრილის შეთანხმებას, თავისი ვადებით ბოლომდე მივყვებოდით ამ შეთანხმებას. შემდეგ მოხდა ანულირება მას შემდეგ, რაც 100 დღის თავზეც კი „ნაცმოძრაობამ“ და 3-მა სხვა ბარიერგადალახულმა პარტიამ, ოპოზიციონერი დეპუტატების ნახევარზე მეტმა შეთანხმებას ხელი არ მოაწერა. წარმოიდგინეთ, სრული აბსურდი იყო: როცა პოლარიზაციაზეა საუბარი, ვიცით, რომ არის ორპოლუსიანი მოცემულობა; აქეთ არის „ქართული ოცნება“, იქით - „ნაცმოძრაობა“; არის რაღაც პოლიტიკური შეთანხმება, რომლის მიზანია თითქოს, დეპოლარიზაცია; ამ შეთანხმებას ერთი მხარე აწერს ხელს და არ აწერს - მეორე. მოხდა ანულირება“, - განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება კითხვას, საერთაშორისო პარტნიორების საელჩოების ხელმძღვანელების მიერ გაკეთებულ შეფასებებთან დაკავშირებით, რომელიც 19 პარილის შეთანხმების გარშემო კეთდებოდა, კობახიძე ამბობს, რომ ოპოზიციის მისამართით, რომელთაც ხელი არ მოაწერეს შეთანხმებას, მკაცრი გაფრთხილებაც კი არ ყოფილა.

„ეგრე სად არის. 100 დღე ხელს არ აწერდნენ, მოწოდებაც კი არ ყოფილა, მკაცრი მოწოდება „ნაცმოძრაობის“ მიმართ, „ევროპული საქართველოს“, „პატრიოტთა ალიანსის“ მიმართ, „ლეიბორისტული პარტიის“ მიმართ, რომ მათ მოეწერათ ხელი ამასთან დაკავშირებით. შეცდომაზე კი არ არის საუბარი, მათ (ოპოზიციამ) შეგნებულად გადადგეს ეს პოლიტიკური ნაბიჯი და მიიღეს პასუხი, ლოგიკური პასუხი, ადეკვატური პასუხი, ღირსეული პასუხი“, - განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, მსგავსმა საქციელმა დაგიმკვიდრათ თუ არა თქვენ „გადამგდები“ პოლიტიკური ძალის სახელი, კობახიძე პასუხობს:

„რანაირად. ოპოზიციონერი დეპუტატების ნახევარზე მეტი არ აწერდა ხელს დოკუმენტს და ბარიერგადალახული პარტიიდან - 4. ჩვენ უბრალოდ გავედით შეთანხმებიდან“.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა