რამაზ გერლიანის ძმა - გუშინ დილის შემდეგ ჩემი ძმის ტელეფონი გამორთულია - ავჭალის პოლიციასთან, სადგომზე ნაპოვნია მისი მანქანა, რომლის კარი ღია იყო, გასაღები კი მანქანაში იდო

„ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის“ დირექტორის, რამაზ გერლიანის ძმის, რომანოზ გერლიანის ინფორმაციით, მისი ძმის გაუჩინარებასთან დაკავშირებით განცხადება ავჭალის პოლიციის სამმართველოში გუშინ შეიტანეს.

როგორც გერლიანის ძმამ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, მისი ძმის ტელეფონი ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლის შესახებ „ფეისბუქ“ პოსტის გამოქვეყნების შემდეგ გაითიშა.

მისივე ინფორმაციით, რამაზ გერლიანის კუთვნილი ავტომობილი ავჭალის პოლიციის სამმართველოს წინ, ღია მდგომარეობაში შეამჩნიეს.

„გუშინ დილით არის ეს პოსტი გამოქვეყნებული. როგორც კი ვნახე, დავრეკე და ტელეფონი გათიშული ჰქონდა. ამის შემდგომ, სულ გათიშული აქვს ტელეფონი, მოვახდინეთ რეაგირება და პოლიციის სამმართველოში განვაცხადეთ. საახლობლოში ვრეკავთ, ყველა ერთმანეთს ეკითხება და არ ვიცით სად არის ადამიანი.

ავჭალის პოლიციის სამმართველოს წინ არის სადგომი, ზუსტად იქ ვნახეთ ჩემი ძმის მანქანა და იმ განყოფილებაშივე შევიტანეთ განაცხადი. მანქანის კარი ღია იყო, გასაღებიც შიგნით დევს“, - აღნიშნა რომანოზ გერლიანმა.

ცნობისთვის, ეკონომიკურმა ექსპერტმა რამაზ გერლიანმა გაუჩინარებამდე გუშინ დილით „ფეისბუქ“ პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც შსს-ს თანამშრომელ გიორგი გოგნიაშვილს შანტაჟსა და კერძო საკუთრებაში შემოჭრაში ადანაშაულებს.

გერლიანის ცნობით, სამართალდამცველი 14 ნოემბერს საკუთარ ბინაში შეიარაღებული დახვდა და ცრუ მოტივით დაკითხა, მისივე თქმით, აღნიშნულ ფაქტზე პოლიციის სამმართველოს 35 დღის წინ მიმართა, თუმცა პასუხი არ მიუღია.

„ამ ნაგავმა პოლიციელმა ჩემივე ყოფილი ოჯახის წევრის გამოყენებით მოახერხა, ჩემს კერძო საკუთრებაში, ჩემს სამუშაო და ჩემი შვილების სამყოფელ სივრცეში ვირთხასავით შემოღწევა. 14 ნოემბერს შეიარაღებული დამხვდა ჩემს ბინაში თავხედურად და ცრუ მოტივით დაკითხვა მომიწყო, მომაყენე შეურაცხყოფა, განადგურებული ვარ!

როგორც ჩანს, პოლიციის მუნდირის გამოყენებით აგროვებდა პერსონალურ ინფორმაციას, როგორც საპოლიციო სისტემით, ასევე სხვადასხვა საშუალებით, ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების შესახებ. სავარაუდოდ, მოქმედებს დავალება/დაკვეთით. საფუძვლიანია ეჭვია, რომ ჩემ მონაცემებს გადაცემდა/ყიდიდა მესამე პირზე (ებზე). არ არის გამორიცხული, რომ ჩემს მიმართ იყენებდა თვალთვალის, მიყურადების და კონტროლის სხვა სისტემებს...

დამარცხება გინდოდათ, მე განადგურებული ვარ.

დისკრედიტაცია გინდოდათ - ფსკერზე ვარ.

ჩემზე ზეგავლენა და მართვა გინდოდათ - ვერ მიიღებთ.

კანონი დუმს. ჩემთვის ყველაფერი სულერთია. ისე ვარ, მინდა მეც დავდუმდე, ოღონდ სამუდამოდ“, - წერს რამაზ გერლიანი.

რამაზ გერლიანის საკითხთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში კომენტარი ჯერჯერობით არ კეთდება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა