პროკურორი - თეიმურაზ ალასანია სასამართლოში დაკითხვაზე არ გამოცხადდა - ბევრი კითხვა არსებობს მასთან, ვიმედოვნებთ, გვექნება შესაძლებლობა მოვისმინოთ პასუხები

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბიძა, თეიმურაზ ალასანია, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში მოწმის სახით იყო დაკითხვაზე დაბარებული, სასამართლოში არ გამოცხადდა.

როგორც პროკურორმა მიხეილ სადრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, თემურ ალასანია საქართველოში არ იმყოფება, რის გამოც სასამართლომ საკითხი განუხილველად დატოვა.

მიხეილ სადრაძის განმარტებით, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე თაღლითობის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებული დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება სსკ-ის 180-ე და 194-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები.

პროკურორის თქმით, სწორედ ამ საქმესთან დაკავშირებით იქნა დაბარებული თეიმურაზ ალასანია. მისი თქმით, საქმე ეხება 2012 წლამდე პერიოდში ხელოვნურად შექმნილი სამართლებრივი პრობლემის მოგვარების და იმ დროინდელ ხელისუფლებასთან ურთიერთობის დარეგულირების სანაცვლოდ ერთ-ერთი ბინზესმენისგან 1 მლნ აშშ დოლარის თაღლითურად, მოტყუებით დაუფლების და ამ თანხის სავარაუდო გათეთრების ფაქტს.

“სწორედ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გამოკითხვაზე დაბარებული იქნა თეიმურაზ ალასანია მიმდინარე წლის 20 დეკემბერს, თუმცა, მან უარი განაცხადა საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებაზე. შესაბამისად, მისი უარი იყო ის სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც ბრალდების მხარემ მივმართეთ სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მისი დაკითხვის შუამდგომლობით. ეს შუამდგომლობა სასამართლომ დააკმაყოფილა. დღევანდელ სხდომაზე წესით და რიგით უნდა მომხდარიყო მისი მოწმის სტატუსით დაკითხვა. თუმცა ის სასამართლოში არ გამოცხადდა. შესაბამისად, ერთადერთი გადაწყვეტილება რაც შეიძლება სასამართლოს მიეღო იყო ის, რომ ეს საკითხი განუხილველად დატოვა. ვიდრე ეს პროცესი განხორციელდებოდა, ბუნებრივია, ჩვენ მოწმესთან, მის ადვოკატთან გვქონდა კომუნიკაცია, ეს იყო 18 დეკემბერს. მასთან კომუნიკაციის შესაბამისად შემოვიტანეთ შუამდგომლობა, ვინაიდან, ვიცოდით, რომ ის დღეს, წესით საქართველოში უნდა ყოფილიყო და მონაწილეობა უნდა მიეღო დაკითხვაში. თუმცა ფაქტია, რომ არ არის სასამართლოში. აქედან გამომდინარე, ეს მოცემულობაა მხოლოდ. ფაქტია, რომ დღეის მოცემულობით არ არის საქართველოში. თუმცა, ბუნებრივია, ბევრი კითხვა არსებობს თეიმურაზ ალასანიასთან. შესაბამისად, ვიმედოვნებთ, რომ ჩვენ გვექნება შესაძლებლობა სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით დაისვას ყველა ლეგიტიმური კითხვა მის წინაშე და მოვისმინოთ შესაბამისი პასუხები”, - აცხადებს მიხეილ სადრაძე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა