მამუკა გამყრელიძე - თუ ოპოზიცია შეძლებს უჩვენოს დასავლეთს თავისი ძალა და სანდოობა, დასავლეთი მის მხარეს უფრო მყარად და მკვეთრად დადგება, ვიდრე დღეს დგას

პარტია „ევროპელი დემოკრატების“ გენერალური მდივანი მამუკა გამყრელიძე პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის შესაძლებლობების და ე.წ. შერიგების პროცესის პერსპექტივის შესახებ საუბრობს.

- როგორ შეაფასებთ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით დაწყებულ შერიგების პროცესს, რა პერსპექტივა აქვს ამ მოლაპარაკებებს, შედგება .. ეროვნული თანხმობა?

- ნებისმიერი პროცესის შეფასებისას ძალიან მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ რა არის ამ პროცესის მიზანი. როდესაც გვესაუბრებიან შერიგებაზე, ეროვნულ თანხმობაზე და აბსოლუტურად გაუგებარია შინაარსი და მიზანი, ნებისმიერი საუბარი ან შეხვედრები არის ფუჭი და ფიქცია, რომელსაც არ აქვს შედეგი. მთავარია შეთანხმება მოხდეს კანონის განუხრელ დაცვაზე, სასამართლო და სამართალდამცავი სისტემის ძირეულ რეფორმაზე, მათ განთავისუფლებაზე პოლიტიკური ზეწოლისგან, რის შემდეგაც ქვეყანაში აღარ იქნება არც დევნა და არც ის სისტემური პრობლემები, რაც გვაქვს.

ჩემი აზრით, ე.წ შერიგების პროცესი და ის მესიჯები, რომელსაც აჟღერებს პრეზიდენტი, მიმართულია დასავლეთის ყურადღების მისაპყრობად. ის პოლიტიკური ფიგურები, როგორც არის მოქმედი პრეზიდენტი, ან თუნდაც ყოფილი პრეზიდენტი და ის პოლიტიკოსები, ვინც ამ პროცესში მონაწილეობენ, არ არიან ქართულ პოლიტიკურ სივრცეში გადაწყვეტილებების მიმღები ადამიანები, შესაბამისად, ეს პროცესი არ მიგვიყვანს არანაირ შედეგამდე, თუ არ იქნება „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობის და პირადად ბიძინა ივანიშვილის ნება, რომელიც დარწმუნებული ვარ, დიდი ყურადღებით აკვირდება ამ პროცესს. თუ სახელისუფლებო გუნდი განწყობილია ისე, რომ შერიგება არ მოხდეს, ესე იგი შერიგება არ იქნება.

- ასე ძლიერია დღეს ხელისუფლების პოზიციები, რომ ამ კომპრომისზეც კი არ მოინდომოს წასვლა, რაც პოლიტიკური სპექტრის ნაწილს მძიმე კრიზისის განმუხტვის შესაძლებლობად მიაჩნია?

- ხელისუფლების პოზიციები ძლიერი ნამდვილად არ არის, მაგრამ სამწუხაროდ, არც ოპოზიციის პოზიციებია ძლიერი. ოპოზიციამ მთელი რესურსი თვითმმართველობის არჩევნებს შესწირა. ფინანსური რესურსის გარდა, დახარჯა ნდობის რესურსი და გაანიავა ის ინტერესი, რაც არსებობდა ამომრჩეველში. ბოლო წერტილი აღმოჩნდა მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა, რამაც აბსოლუტურად არია სიტუაცია და მივიღეთ ის რადიკალური შედეგი, რაც მივიღეთ. დღეს საზოგადოება მიხვდა, რომ რადიკალიზმი არჩევანის გაკეთების დროს არის შეცდომა, ამიტომაც არის ის ფრუსტრირებული.

30 წლის განმავლობაში მოქალაქეთა პოლიტიკური კულტურა გაიზარდა. ჩვენ უკვე აღარ ვუშვებთ ისეთ შეცდომებს, რასაც ვუშვებდით, მაგრამ საზოგადოებაში არის კიდევ ის ნაწილი, რომელიც აბსოლუტურად ინერტულია პროცესების მიმართ იმ მძიმე სოციალური პრობლემებიდან გამომდინარე, რაც დღეს ქვეყანაშია. ოპოზიციის პრობლემა ესეც არის. ჩვენ ვერ ვახერხებთ მომხრეების დაცვას, რომლებიც ხშირად მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო მზად არიან გარკვეული თანხის სანაცვლოდ ხმა სახელისუფლებო პარტიას მისცენ. არჩევნებისშემდგომმა პოლარიზებამ, სიძულვილის ენის და შავი „პიარის“ გაღვივებამ ორივე დაპირისპირებული ბანაკიდან, მუდმივმა ძახილმა, ჩვენ დღეს გავიმარჯვებთ და დავასრულებთ ხელისუფლებას, რისი საფუძველიც არ ჩანს, დაღალა საზოგადოება. ადამიანებს აღარ უნდათ ხმის მიცემა ხელისუფლებისთვის, მაგრამ არ უნდა ხმის მიცემა არც ოპოზიციისთვის, რადგან მასში ვერ ხედავს ვერც ძალას, ვერც სიმართლეს, თუმცა გრძნობს ცვლილებების აუცილებლობას.

ფაქტია, რომ ამ ეტაპამდე ხელისუფლებამ ყველა რაუნდი მოუგო ოპოზიციას. შერიგება დღეს მთავარი ოპოზიციური ძალის და მასთან მეტად თუ ნაკლებად აფილირებული პოლიტიკური ძალების ინტერესებში შედის, ეს ბუნებრივიცაა, როდესაც მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაშია. თუმცა პროცესებს არ უნდა შევხედოთ მიხეილ სააკაშვილის პერპექტივიდან. რთულია იმის პროგნოზირება, როგორ დასრულდება მესამე პრეზიდენტის საკითხი, ასე ჩანს, რომ ეს პროცესი თავიდან ბოლომდე „ქართული ოცნების“ კეთილ ნებაზეა დამოკიდებული, ვინაიდან, საზოგადოებაში არ ჩანს ისეთი აქტივობა, რომელიც აიძულებს ხელისუფლებას რაიმე დათმობებზე წავიდეს. ხელისუფლებამ ბოლო თვეებში არაერთხელ აჩვენა, რომ მას შეუძლია გაუძლოს ოპოზიციის ზეწოლას. მმართველ გუნდს ჰქონდა ყველაზე რთული მომენტი, როდესაც დათანხმდა შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერას და სავარაუდოდ, აპირებდა კიდეც ამ პირობების შესრულებას, მაგრამ სამწუხაროდ, ოპოზიციამ მისცა მას შესაძლებლობა გასულიყო ამ შეთანხმებიდან, რადგან მოხდა შარლ მიშელის დოკუმენტის პირობების დარღვევა ჯერ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, როცა მათ არ მოაწერეს ხელი შეთანხმებას, რაც ჩემი აზრით იყო უდიდესი ტაქტიკური და სტრატეგიული შეცდომა. ეს შემდეგ გამოიყენა „ქართულმა ოცნებამ“ და საერთოდ გამოვიდა შეთანხმებიდან, რითიც დაზიანდა და ჩიხში შევიდა პოლიტიკური პროცესი. ახლა ძალიან რთულად წარმომიდგენია ხელისუფლებამ ვალდებულებების შესრულება დაიწყოს. დღეს მის ხელშია გასაღები საით წაიყვანს პოლიტიკურ პროცესს.

- რა მიგაჩნიათ არსებული ჩიხური ვითარებიდან გამოსვლის შესაძლებლობად? არის ეს ვადამდელი არჩევნების იდეა, რაც უფრო და უფრო იშვიათად ისმის?

- ჩემი აზრით, ვადამდელი არჩევნების თემა, რომელიც მუდმივად მუსირებს არასასურველია ოპოზიციისთვის, რადგან ასეთი ნიჰილისტური ფონის პირობებში შეუძლებელია ოპოზიციამ გამარჯვება შეძლოს. ჩემი აზრით ახლა პოლიტიკური პროცესი გადავა რუტინულ მშვიდ ვითარებაში, მოხდება ახალი კავშირების ჩამოყალიბება, კონსტრუქციების გადალაგება, რომ ხელისუფლებაზე შეტევა მოხდეს ყველა ფრონტიდან. დარწმუნებული ვარ, რომ ხელისუფლების პოზიცია უფრო და უფრო შესუსტდება. კარგა ხანია ქვეყანაში უმძიმესი სოციალური მდგომარეობაა. მარტო თბილისში უფასო სასადილოებში 42 ათასამდე ადამიანი იკვებება, რაც სრულიად ასახავს არსებულ მძიმე სიტუაციას. ტოტალური ინფლაცია, ფასების ზრდა საკვებზე, პირველადი მოხმარების საგნებზე, საწვავზე, კომუნალურ გადასახადებზე - არ შეიძლება ასეთმა მძიმე სოციალურმა პირობებმა არ გამოიწვიოს საზოგადოების რადიკალური გაღიზიანება. ამ პერიოდში უკვე ვეღარ იმუშავებს „მიშა მოვას“ ლოზუნგი, ვეღარც „ნაციონალური მოძრაობის“ დემონიზირება გაჭრის, რადგან ხალხი მიხვდა, რომ ეს პარტია არ წარმოადგენს ეგზისტენციალური საშიშროებას, როგორც მათ წარმოედგინათ.

რაც შეეხება თავად პოლიტიკური პროცესის განვითარებას, კრიზისის ერთადერთი გზა არის ცენტრის, იმ პარტიების გაძლიერება, რომლებიც არ მიეკუთვნებიან არც ერთ და არც მეორე რადიკალურ მხარეს. ძალიან მნიშვნელოვანია ძალაუფლების გადანაწილების პროცესი, ეჭვი მაქვს, რომ ამ ეტაპზე „ქართული ოცნება“ ამ ნაბიჯს არ გადადგამს, მაგრამ მე აბსოლუტურად ვარ დარწმუნებული, რომ მომავალი არჩევნები ასეთი ზეწოლის ქვეშ და ასეთი განლაგებით ვეღარ ჩატარდება.

- რა რესურსი აქვს ცენტრში მყოფ პარტიებს გაძლიერების და ერთ ცენტრად ქცევისთვის?

- ცენტრში მყოფი პარტიების რესურსი ბევრად უფრო მაღალი იყო მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლამდე, მაგრამ ამ ფაქტმა საზოგადოებაზე იმოქმედა როგორც გარკვეულმა კატალიზატორმა რადიკალური განწყობებისთვის და საზოგადოებაში შემოიტანა მცდარი განცდა, რომ შესაძლოა მოხდეს მაქსიმალური დაპირისპირება და ხელისუფლება ან ფონზე შეიძლება შეიცვალოს. ეს ასე არ აღმოჩნდა და მივიღეთ ის განწყობა რაც დღეს არის. ჩვენ ზოგადად გვჩვევია პროცესების შეფასება ემოციურად, მაგრამ რაც არ უნდა იყოს, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული ემოციები განელდება. ასეთ შემთხვევაში უფრო და უფრო გაიზრდება ინტერესი ცენტრში მყოფი პარტიების მიმართ. საზოგადოება ხედავს, რომ დაპირისპირებით რაიმე უპირატესობის მიღწევა შეუძლებელია. შუა ხაზის გაძლიერებამ და ორ რადიკალურ ცენტრთან ერთად ახალი არარადიკალური ძლიერი ცენტრის შექმნამ შესაძლებელია სრულიად შეცვალოს სიტუაცია.

უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება, დასავლეთ პარტნიორებთან მუშაობა, რადგან მათ უკვე აღარ აქვთ იმის ილუზია, რომ „ქართული ოცნებისგან“ რამე გამოვა, შესაბამისად, მათ მოუწვეთ ოპოზიციაში უფრო სანდო პარტნიორების მოძიება. თუ ოპოზიცია შეძლებს უჩვენოს დასავლეთს თავისი ძალა, საინტერესო მესიჯები და იდეები, სანდოობა. ამ შემთხვევაში დასავლეთი ოპოზიციის მხარეს უფრო მყარად და მკვეთრად დადგება, ვიდრე დღეს დგას.

საზოგადოებაში არსებობს განწყობა, რომ თითქოს ყველა ოპოზიციური პარტია „ნაციონალურ მოძრაობათან“ არის აფილირებული. ეს განწყობა უნდა გადატყდეს. ამომრჩეველმა უნდა დაინახოს, რომ ოპოზიციური პარტიები არის არა მარტო რადიკალურ ფლანგზე, არამედ ცენტრშიც და ეს პარტიები სრულიად სხვა მესიჯებს აჟღერებენ, სრულიად სხვა განწყობა აქვთ რადიკალური პარტიებისგან განსხვავებით, უპირველესად კი მოწოდებული არიან იმ ერთობისა და კონსოლიდაციისთვის, რომლის საჭიროება და კონტურები უკვე ნათლად ჩანს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა