ჟოზეფ ბორელი - რუსეთის ქმედებებმა აღმოსავლეთ უკრაინასა და  საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში,  ევროპაში უსაფრთხოების მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება გამოიწვია

რუსეთის ქმედებებმა, კერძოდ ყირიმის უკანონო ანექსიამ, მისმა როლმა აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის გაღვივებაში, ისევე როგორც მისმა ქმედებებმა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში, დნესტრისპირეთის რეგიონში და ლუკაშენკოს რეჟიმის მხარდაჭერამ, ევროპაში უსაფრთხოების მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება გამოიწვია, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეფ ბორელი აცხადებს, რითაც ის რუსეთის მიერ გამოქვეყნებულ უსაფრთხოების ხელშეკრულებების პროექტებს გამოეხმაურა.

„სულ ახლახანს, რუსეთის სამხედრო ძალების ზრდამ უკრაინის საზღვრებთან და უკანონოდ ანექსირებულ ყირიმში შექმნა ახალი საფრთხეები და შეჭრის შიში. ევროკავშირი ერთგულია ევროპის უსაფრთხოების მიმართ, რომელიც ეფუძნება ეროვნული სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის ძირითად პრინციპებზე. დღეს ევროპის უსაფრთხოება საფრთხის ქვეშაა,“- ნათქვამია ბორელის განცხადებაში.

მისივე თქმით, ნატოს აქვს მთავარი როლი ევროპაში მშვიდობის უზრუნველყოფაში.

„პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ერთად, ევროკავშირმა გარკვევით მიანიშნა, რომ მკაცრად უპასუხებს უკრაინის სუვერენიტეტის ნებისმიერ დარღვევას. ამავდროულად, ევროკავშირს მიაჩნია, რომ დიალოგი, მოლაპარაკება და თანამშრომლობა ერთადერთი საშუალებაა დავების დასაძლევად და მშვიდობის დასამყარებლად. ევროპაში უსაფრთხოების შესახებ ნებისმიერი რეალური დისკუსია უნდა ეფუძნებოდეს და აძლიერებდეს ეუთოს და გაეროს ვალდებულებებს, რომელიც ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის ნამდვილი საყრდენია, და არ გამოიწვიოს მათი ეროზია. ასეთი დისკუსია უნდა იყოს ინკლუზიური და ყველა დაინტერესებული მხარის ინტერესების გათვალისწინება უნდა მოხდეს. ევროკავშირი ითანამშრომლებს როგორც შეერთებულ შტატებთან, ასევე ნატოსთან, რათა უზრუნველყოს ინტერესების წარდგენა ევროპის უსაფრთხოების შესახებ რუსეთთან ნებისმიერ შესაძლო დისკუსიაში.

ნატოს შეთავაზება ნატო-რუსეთის საბჭოს გამართვის შესახებ ევროპული უსაფრთხოების ხელშეკრულებების პროექტების საპასუხოდ, რომელიც რუსეთმა გასულ კვირას გამოაქვეყნა, მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ნატოს აქვს მთავარი როლი ევროპაში მშვიდობის უზრუნველყოფაში. ევროკავშირს სურს ითანამშრომლოს მოკავშირეებთან, ისევე როგორც მის პარტნიორებთან, ჩვენს კონტინენტზე არსებული უსაფრთხოების სიტუაციის გადასაჭრელად,“- აღნიშნულია განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა