ირაკლი ხმალაძე - ოპოზიციას უნდა გაამწვავოს და ნეგატიურად მიაწოდოს საზოგადოებას რეფორმა - ვერ დამისახელებთ განვითარებულ ქალაქს თუ ქვეყანას, სადაც სააბონემენტო გადახდის სისტემა არ არის დანერგილი

თუ უფრო აქტიურია მგზავრი ფასი უფრო დაბალი გამოდის - ეს არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის აქტიურ მოხმარებაზე ორიენტირებული, წამახალისებელი გადახდის სისტემა, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ყველა განვითარებულ ქალაქში მსგავსი სატარიფო სისტემა მოქმედებს და ოპოზიცია ხელოვნურად ცდილობს ვითარების გამწვავებას.

„ბარათი ერთჯერადი არ არის, ერთჯერ მოუწევს მგზავრს ყიდვა და ამ ბარათზე მუდმივად შეიძლება დაირიცხოს სხვადასხვა პაკეტები. ასევე, ბარათი ერთხელ დადებიდან 15 წუთის განმავლობაში არააქტიურ რეჟიმში გადადის, რაც გამორიცხავს, რომ ერთი ბარათით ერთდროულად რამდენიმე მგზავრმა ისარგებლოს. ჩვენ დღეს გვაქვს შეღავათიანი ბარათების სისტემა, სადაც ანალოგიური მოდელი მუშაობს და იქაც ზუსტად ისეთივე შეზღუდვაა.

ბანკებთან გვაქვს საუბარი და მიდის მუშაობა იმაზე, რომ შესაძლებელი იყოს აბონემენტის პაკეტის ბარათზე მიბმა. ასეთ შემთხვევაში აბონემენტის პლასტიკური ბარათის ქონა და ტარება არ მოუწიოს ადამიანს და პირდაპირ საბანკო ბარათს მიაბას კონკრეტული სამგზავრო პაკეტი.

მეტრომანების მოხმარება ჯერ კიდევ დარჩება იმიტომ, რომ მგზავრების მიერ დარიცხულია თანხა და შესაბამისად ამ ბარათების მოხმარება გარკვეული დროის განმავლობაში შესაძლებელია.

ერთჯერადი მგზავრობის ცნება საერთოდ აღარ არის, სისტემაში შემოვიდა ულიმიტო პაკეტები და შეიცვალა მთლიანად პროდუქტის სახეობა, აქამდე თუ იყო მეტრო-ავტობუსი, ახლა არის მეტრო-ავტობუსი-მიკროავტობუსი. შემოვიდა ვადიანი ბარათები, ერთი წლიდან დაწყებული 90 წუთით დასრულებული, სხვადასხვა ფასის ვადიანი პაკეტები. პაკეტის არჩევანიდან და მგზავრობის რაოდენობიდან გამომდინარე სხვადასხვა სცენარი ჯდება, ამიტომ ვამბობთ, რომ ეს არის მომხმარებლის, მგზავრის ნებაზე დაფუძნებული გადახდის სისტემა. იქიდან გამომდინარე თუ რამდენად აქტიურად აპირებს სამგზავრო ბარათის გამოყენებას, აქტიურობის შესაბამისად განპირობებულია ფასი, თუ უფრო აქტიურია მგზავრი ფასი უფრო დაბალი გამოდის. ეს არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის აქტიურ მოხმარებაზე ორიენტირებული, წამახალისებელი გადახდის სისტემა. შეძენილი თუ გაქვთ ერთწლიანი ბარათი, ნაკლებად ჩნდება იმის სურვილი, რომ იმგზავროთ ბარათით ვინაიდან, წინასწარ გადახდილი გაქვთ და დამატებით აღარ იხდით, ყოველი მომდევნო მგზავრობა იმ ერთი წლის განმავლობაში თქვენთვის არის ულიმიტოდ უფასო, შესაბამისად ეს არის ერთგვარი წამახალისებელი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოხმარების თვალსაზრისით.

ჩვენ უზრუნველვყავით ტექნიკურად ის შესაძლებლობა, რომ თუ არ უნდა მგზავრს აბონემენტის შეძენა, შესაძლებელია დღეს არსებული მეტრომანითაც გადახდა და ასევე საბანკო ბარათითაც შესაძლებელია 90 წუთიანი აბონიმენტის შეძენა.

სტუდენტური ფასდაკლება იმოქმედებს, მოსწავლეებისთვისაც იქნება, სოციალურად დაუცველებისთვისაც იქნება, ომის ვეტერანებისთვისაც. რეალურად 33% ჩვენი მომხმარებლების არის შეღავათიანი მგზავრობის კატეგორია, 320 ათასზე მეტი ადამიანი სარგებლობს უფასო და შეღავათიანი ტარიფებით.

ოპოზიციას უნდა რომ გაამწვავოს და ძალიან ნეგატიურად მიაწოდოს საზოგადოებას ეს რეფორმა. ვერ დამისახელებთ განვითარებულ ქალაქს თუ ქვეყანას, სადაც სააბონემენტო გადახდის სისტემა არ არის დანერგილი“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა