რევაზ სოხაძე საზოგადოებრივ ტრანსპორტში სააბონემენტე სისტემის შემოღებაზე - ჩვენი კოლეგები ცდილობენ ეს საკითხი პოპულისტურად გამოიყენონ და ხალხი უარყოფითად განაწყონ

თბილისის საკრებულოს ურბანული კომისიის თავმჯდომარის რევაზ სოხაძის განცხადებით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში სააბონემენტე სისტემის შემოღება იმ სატრანსპორტო პოლიტიკის ნაწილია, რასაც თბილისის მერია ახორციელებს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ოპოზიციაში ცდილობენ, რომ ეს საკითხი პოპულისტურად გამოიყენონ.

"ეს გადაწყვეტილება არის იმ დიდი სატრანსპორტო პოლიტიკის ნაწილი, რასაც ჩვენ ბოლო 4 წლის განმავლობაში მიზანმიმართულად ვატარებთ. თბილისის მერიის და საკრებულოს მიზანი არის ის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრიორიტეტიზაცია მოვახდინოთ და გაცილებით მეტმა ადამიანმა გამოიყენოს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ვიდრე ეს დღემდე ხდებოდა. სააბონემენტე სისტემის შემოღება ემსახურება იმას, რომ ბევრმა ადამიანმა ისარგებლოს უკვე განახლებული საზოგადოებრივი ტრანსპორტით. ყველა დაგვეთანხმება, რომ თბილისში ამ მიმართულებით მდგომარეობა რადიკალურად გაუმჯობესდა. ავტობუსების პარკი მთლიანად შეცვლილია, მომავალ წელსაც იგეგმება ავტობუსების შემოყვანა ისევე, როგორც სამარშუტო ტაქსების. ჩვენ ეს გადაწყვეტილება უნდა განვიხილოთ როგორც ამ რეფორმის ერთ-ერთი რგოლი, რომელიც ჩვენს ქალაქში ტარდება. ჩვენი კოლეგები ცდილობენ პოპულისტურად გამოიყენონ ეს საკითხი და გარკვეულწილად ხალხი უარყოფითად განაწყონ. არ არსებობს რეფორმა, რომლითაც ყველა კმაყოფილია, თუმცა, კარგად გვახსოვს იგივე ტაქსების რეფორმა, როდესაც ასევე დიდი აჟიოტაჟი იყო ატეხილი, მაგრამ დღეს მგონი ყველა ვხედავთ, რომ ეს რეფორმა წარმატებით მიმდინარეობს",-განაცხადა სოხაძემ.

ცნობისთვის, მომავალი წლიდან დედაქალაქში ერთჯერადად მგზავრობის საფასური გაორმაგდება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა