დავით უსუფაშვილი - იქნებ რეგლამენტში ჩავწეროთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევის შემთხვევაში, ეს თანამდებობა პარტიის წევრობას ამ ვადით აჩერებს

მჯერა, რომ ამ ინსტიტუტის შებღალვა პარლამენტის თავმჯდომარის სკამში მხოლოდ ვინმე გავრილოვის ჩაჯდომით არ ხდება. იგივე ზიანი ადგება ამ ინსტიტუტს ამ სკამიდან სწორად დამჯდარი ადამიანების არასწორად ადგომით, - ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, დავით უსუფაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რითაც პარლამენტის თავმჯდომარეობის პოსტიდან კახა კუჭავას წასვლას გამოეხმაურა.

მან ასევე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარეობის ახალ კანდიდატს, შალვა პაპუაშვილს, რომელსაც დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცებენ.

„ამ პარლამენტში სულ რაღაც 6 თვის განმავლობაში მეორედ გავხდით თავმჯდომარის სავარძლიდან ადამიანის არასწორად ადგომის მოწმე. ამ თანამდებობაზე მყოფ პირს პოლიტიკური გუნდის დღის წესრიგის განხორციელება კი არა, საქართველოს სახელმწიფოს თანამეთაურობა, ქვეყნის მოქალაქეების და სახელმწიფოს წარმომადგენლობა ევალება. ამ სავარძელში ჩაჯდომით ის აღარ არის ინდივიდი, ოჯახის წევრი, მეგობარი და პოლიტიკური გუნდის წევრი. ის ხდება სახელმწიფო კაცი და სახელმწიფო ქალი, შესაბამისად, არამარტო ამ სავარძელში უნდა იქცეოდეს სახელმწიფო კაცის და სახელმწიფო ქალის მსგავსად, არამედ იქედან ადგომის დროს და ამის შემდეგაც. ძალიან ვწუხვარ, რომ ჩემთვის პიროვნულად ორ ძალიან პატივსაცემ, კვალიფიციურ ადამიანს ასე არასწორად მოუწია აქედან ადგომა და ზიანი მიაყენა ქვეყანას, ჩვენს ინსტიტუტს და ჩვენს ხვალინდელ დღეს. ასე კნინდება პარლამენტის დანიშნულება, სუვერენიტეტი და მისი როლი. მერე გვიკვირს, რატომ აღარ ესმით ჩვენს მოქალაქეებს ან არჩევნები რატომ ტარდება და რატომ შემოვდივართ ამ დარბაზში. როგორ შეიძლება პარლამენტის თავმჯდომარე, რომელმაც ოპოზიციის წარმომადგენელთა მადლობაც კი მიიღო გაწეული საქმიანობისთვის დღეს აქ დარბაზში არ იყოს და არ გვეუბნებოდეს, რაშია საქმე, სად წავიდა? რატომ წავიდა? სად არის ის უფრო მნიშვნელოვანი საქმე, რომელიც მან უნდა გააკეთოს? არ შეიძლება ასეთ ვითარებაში ჩავაყენოთ საკუთარი გუნდი, ამომრჩეველი და საკუთარი თავი“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ „ლელოს“ ფრაქციასთან ერთად, ის მხარს ვერ დაუჭერს პაპუაშვილის კანდიდატურას.

„შალვა არის ძალიან კვალიფიციური სპეციალისტი, ის შრომისუნარიანია და ძალიან ბევრი ისეთი თვისებით არის შემკული, რომ მასთან მიხაროდა კოლეგიალური ურთიერთობა და განწყობილი ვიყავი ასეთივე ურთიერთობისთვის, მაგრამ ვერც მე გაძლევთ ხმას „ლელოს“ ფრაქციის წევრებთან ერთად. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თქვენი დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარეობის დღეებში, გუშინ და გუშინწინ რა მოხდა პარლამენტში -საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა (მდინარაძემ) განაცხადა, რომ ჩაშალა ბიუროს სხდომა, რომელზეც ოპოზიციას ჰქონდა საკანონმდებლო ინიციატივის დადგენილი წესით შემოტანილი წინადადება, რომ სახელმწიფო ინსპექტორის საკითხზე ალტერნატიული კანონპროექტი დარეგისტრირებულიყო. მგონი, თქვენც არ მიბრძანდით იმ სხდომაზე, ანუ ამით მონაწილეობა მიიღეთ ოპოზიციის დაბლოკვაში.

მეორე ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი - შემოტანილია რეზოლუციის პროექტი ჩვენი ევროინტეგრაციის და ნატო-ში გაწევრიანების თაობაზე. იმ ფონზე, როდესაც რუსეთიდან გახშირდა სრულიად უპრეცედენტო სიმწვავის განცხადებები, რომ საქართველოს ნატო-ში არ შევუშვებთო. ეს საკითხი ბიუროზე იყო განხილული, მაგრამ როდესაც ჩატარდა საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომა, ეს საკითხი დღის წესრიგში აღარ იყო და გადავიდა თებერვლისთვის. ამის გაკეთება ხვალვე შეიძლება, რათა ამ პარლამენტში მყოფმა წევრმა იმ თემაში, რომელიც ყველას გვაერთიანებს, ერთად მხარი დავუჭიროთ ჩვენი ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესებს“, - აღნიშნა უსუფაშვილმა.

პაპუაშვილისადმი მიმართვის დროს დავით უსუფაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ის მოხარული იქნება, რაც შეიძლება მალე იძულებული იყოს აღიაროს, რომ შეცდა და სჯობდა მისთვის მხარი დაეჭირა.

„ბატონო შალვა, უნდა გავიაზროთ, რომ არა, ხალხო, ჩვენ არ ვართ მხოლოდ ჩვენი მხარდამჭერების წარმომადგენლები. ჩვენმა მხარდამჭერებმა მთელი ქვეყნის საპატრონოდ აგვირჩიეს. მთავარი ამოცანა სწორედ ესაა, რომ ვინც მხარს არ გიჭერს იმის თავმჯდომარეც უნდა იყო. იქნებ იფიქროთ იმაზე, რაც მე თავის დროზე ვერ გავაკეთე და მერე გვიანი იყო. ამ პრობლემებს რომ თავი დააღწიოთ, იქნებ რეგლამენტში ჩაწეროთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევის შემთხვევაში ეს თანამდებობა პარტიის წევრობას ამ ვადით აჩერებს. ის არ უნდა იყოს დატვირთული იმ პოლიტიკურ პროცესებში, რომელიც არ აძლევს საშუალებას იყოს პროცესის ნეიტრალური წარმმართველი და მომგვარებელი. სხვა შემთხვევაში იქნება იგივე მდგომარეობა, რომელიც წინ ვერ წაგვიყვანს“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა