ბექა ლილუაშვილი უმრავლესობას სახელმწიფო ინსპექტორი სამსახურის გაუქმებაზე - სამწუხაროდ, თქვენ არ გეყოფათ პოლიტიკური გამბედაობა და არ იტყვით რეალურად, რატომ ხდება ამ ინიციატივის დაჩქარებულად განხილვა

სამწუხაროდ, თქვენ არ გეყოფათ პოლიტიკური გამბედაობა და არ იტყვით რეალურად, რატომ ხდება ამ ინიციატივის დაჩქარებულად განხილვა, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა პარლამენტის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ნიშანდობლივია, რომ ესეთ მნიშვნელოვან საკითხზე, სადაც ფაქტობრივად, ყველა მხარე, გარდა „ოცნებისა’’ ითხოვს ჩართულობის გაზრდას, არათუ, იზიარებენ „ოცნების’’ პარლამენტის წევრები ამ მოწოდებას, არამედ პირიქით, თავისი მანდატის ფარგლებში ირიდებენ პასუხისმგებლობას ჩართულობისგან.

„უბრალოდ მინდოდა კითხვა დამესვა, ალბათ რიტორიკული, რა ინსტრუქტაჟია მიღებული ესეთი დეპუტატებში, რომ ფორმალურად მაინც ერთი კითხვა არ დაისვა ამ საკითხთან დაკავშირებით.

ახლა, რაც შეეხება ძირითად საკითხს. ჩვენ მთელი დღის განმავლობაში, საკითხებიდან გამომდინარე ვსაუბრობთ ინსტიტუციებზე, ქვეყნის ინსტიტუციურ განვითარებაზე და ძლიერ დამოუკიდებელ სახელმწიფო ინსტიტუტებზე, როგორც დემოკრატიის და დემოკრატიზაციის პროცესის ფუნდამენტზე, თუმცა მემგონი კიდევ ერთხელ უნდა ვთქვათ, რომ ყველა ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტი უნდა ემსახურებოდეს თითოეულ მოქალაქეს და სახელმწიფოს საერთო ინტერესებს და უნდა იყოს პრიორიტეტულად გამოყენებული, მათ შორის, საქართველოს პარლამენტი და საქართველოს პარლამენტის თითოეული ინსტრუმენტი, რომელსაც ის ფლობს, მათ შორის, დაჩქარებულად საკითხის განხილვა", - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

მისი თქმით, სახელმწიფო ინსტიტუტზე, რომლის მიმართაც არ გამოთქმულა არცერთი პრეტენზია არცერთი პლატფორმის მხრიდან, გარდა „ქართული ოცნებისა“, ახდენს ე.წ. რეფორმას, შტურმს სახელმწიფო ინსტიტუტზე, დაჩქარებული წესით.

"ახლა მე რამდენიმე ფაქტს მოვიყვან და თან შევაჯამებ რაღაც საკითხებს, მათ შორის, გარკვეულ სოციალურ-ეკონომიკურსაც. სამწუხაროდ, მძიმე ფაქტების მოყვანა მომიწევს. ყოველდღიურად, სამწუხაროდ, კოვიდინფექციით იღუპება 80-მდე ადამიანი, ჯამურად 13 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე დავკარგეთ. საშუალოდ ყოველდღიურად 117 ადამიანი კარგავს სამსახურს, 2021 წლის განმავლობაში და ამდენივე ოჯახი შემოსავლის წყაროს. ყოველდღიურად საშუალოდ 277 ადამიანი ემიგრაციაში მიდის საზღვარგარეთ ოჯახისთვის ლუკმა-პურის საშოვნელად. მიმდინარე წლის დასაწყისიდან, ყოველდღიურად დღემდე საშუალო საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი იზრდება 293 ადამიანით. ფასების ზრდაზე აუცილებლად უნდა გავჩერდე. ეს მაჩვენებელი 13%-ს შეადგენს, რომელიც ბოლო 10 წლის ისტორიული მაქსიმუმია. აქვე აღსანიშნავია, რომ იმ პროდუქტებზე, რომელიც ყველაზე ხშირი მოხმარებისაა, მაგალითად ზეთზე 70%-ით საშუალოდ წლიურად გაზრდილია ფასი. ბადრიჯანზე 50%-ით; შაქარზე 31%-ით და ა.შ.

ასევე, ჩვენი ქვეყნის მცოცავი ოკუპაციის პრობლემის შედეგად უქმნის უმძიმეს პრობლემებს საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოქალაქეებს ეს პროცესი. ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესის შეფასებები გამოთქმული ჩვენი პარტნიორებისგან ყოველდღიურად მძიმდება. ანუ, საერთო ჯამში, ეს პატივცემულო პარლამენტის წევრებო, არის ყოველდღიური ფასი, რასაც ჩვენი სახელმწიფო იხდის იმაში, რომ მათ შორის, საქართველოს პარლამენტი, რომ ყოველდღიურად არ მუშაობს და ახდენს ამ საკითხების დეპრიორიტეტიზაციას მაშინ, როდესაც სახელმწიფო ინსტიტუტზე, რომლის მიმართაც არ გამოთქმულა არცერთი პრეტენზია მისი ამ 2 ფუნქციით არსებობის განმავლობაში, არცერთი პლატფორმის მხრიდან, გარდა "ქართული ოცნებისა", ახდენს ე.წ. რეფორმას, შტურმს სახელმწიფო ინსტიტუტზე, დაჩქარებული წესით. მე შემიძლია მოგიყვანოთ რამდენიმე მაგალითი, თქვენ ვერ მომიყვანთ ვერცერთ მაგალითს, როდესაც მოხდა იმ ჩემს ზემოთ ჩამოთვლილ საკითხებზე დაჩქარებული წესით საპასუხო პარლამენტის მიერ, თავისი მანდატის ფარგლებში ინიციატივის განხორციელება, მაგრამ მოხდა მაგალითად, თვითმმართველობის კოდექსში ცვლილებების შეტანა, იმისთვის, რომ ბიუროკრატიული ხარჯები მაქსიმალურად გაზრდილიყო, მათ შორის, ყველაზე მეტად "ოცნების" წარმომადგენლებისთვის, მათ შორის, ჩვენი ინიცირებული კანონპროექტი, რომელიც დაჩქარებული წესით მოვითხოვეთ ინიცირება, ფარულობასთან დაკავშირებით, არ იქნა განხილული. მაგალითად, ასევე დაჩქარებულად მიმდინარეობს საერთაშორისო სასამართლოების შესახებ კანონის პროექტის განხილვა, სადაც ფაქტობრივად, კანონის არსი მდგომარეობს იმაში, რომ მოხდეს გავლენის ჯგუფების გაძლიერება სასამართლოში, როდესაც არ ხდება არც დაჩქარებულად და არც დაუჩქარებლად ჩვენი ინიციატივის განხილვა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმირებასთან დაკავშირებით. ამიტომ, მე დარწმუნებული ვარ, ეს კითხვაც რიტორიკული იქნება, იმიტომ, რომ სამწუხაროდ, თქვენ არ გეყოფათ პოლიტიკური გამბედაობა და არ იტყვით რეალურად, რატომ ხდება ამ ინიციატივის დაჩქარებულად განხილვა”, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა