ქართული პრესის მიმოხილვა 30.12.2021

როგორი იყო პოლიტიკური თვალსაზრისით 2021 წელი და რას უნდა ველოდოთ მომავალში

როგორ იქნება 2022 წელი საქართველოსა და მსოფლიოსთვის - რა მოვლენები გველის

“ომიკრონი” ყველა რეკორდს ხსნის - რა საფრთხე ელის დაბალი ვაქცინაციის ქვეყნებს

* * *

როგორი იყო პოლიტიკური თვალსაზრისით 2021 წელი და რას უნდა ველოდოთ მომავალში

“2021 წელი შიდა და გარე პოლიტიკის თვალსაზრისით საკმაოდ დატვირთული იყო, ამას დაემატა რთული პანდემიური სიტუაციაც, ანალიტიკოსთა აზრით, გარე პრობლემებიდან მთავარი რუსული აგრესიის შეკავება იყო, ამ მხრივ უკრაინასთან კონტექსტში მომდევნო წელს უფო მძიმეს პროგნოზირებენ. რაც შეეხება მიმდინარე წლის შიდა პოლიტიკურ პრობლემას, მათი შეფასებით ეს პოლარიზაციის მაღალი ხარისხია და იმედს გამოთქვამენ, რომ 2022 წელს ეს პრობლემა მეტ-ნაკლებად მოგვარდება... პოლიტიკური თვალსაზრისით 2021 წელი შეაჯამა “რეზონანსთან” კონფლიქტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა, რომელიც ამბობს, რომ მიმდინარე წელს ამ მხრივ სიკეთეები არ ყოფილა, არც ქვეყნის შიგნით და არც გარეთ, 2024 წლამდე კი მნიშვნელოვან ცვილებებს არ ელოდება. რაც შეეხება ანალიტიკოს გია აბაშიძის პოლიტიკური წლის შეჯამებას, იგი აცხადებს, რომ 2021 წელი ამ მხრივ უკეთესი იყო, ვიდრე 2020 და იმედოვნებს, რომ 2022 წელი მიმდინარე წელზე კარგი იქნება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით როგორი იყო პოლიტიკური თვალსაზრისით 2021 წელი და რას უნდა ველოდოთ მომავალში.

“პოლიტიკური თვალსაზრისით 2021 წელს არავითარი სიკეთეები არ ყოფილა და სამწუხაროდ ამას არც 2022 წელს არ ველოდები. პირიქით, მომავალ წელს უკრაინის მიმართ რუსეთის გააგრესიულობას ველოდები. საომარი კონტექსტიდან არა, მაგრამ სიტუაციის დამძიმებიდან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ეს ჩვენც შეგვეხება. ანუ, საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწევს, რომ რუსეთს რაღაცეებში ანგარიში გაუწიოს, რაღაცეები დაუთმოს და ეს დათმობა შესაძლოა საქართველოს კონტექსტიც იყოს. არ ველოდები რომ დასავლეთი და ნატო უკან წაიღებს ვალდებულებას, რომ საქართველო ნატოში გააწევრიანოს, მაგრამ ჩვენც ხომ არაფერს არ ვაკეთებთ, ისინიც არაფერს არ გააკეთებენ და ეს ვითარება საერთოდ გაიყინება და გაჩერდება. შიდა კონტექსტიდან გამომდინარე 2021 წელი სამარცხვინო იყო, როცა “ოცნება” შარლ მიშელის შეთანხმებიდან გამოვიდა და ევროპა გადააგდო, ერთადერთი სანდო გვყავს ამერიკა და ევროპა. “ოცნება” ხელისუფლებაშია, მეტი ვალდებულებები აქვთ და გაუმართლებელი იყო”, აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.

“ოპოზიცია 2021 წელს ძალიან სუსტი იყო, ადგილობრივი არჩევები ჩააფლავეს, ამას დაუკავშირეს რეფერენდუმი, რაც უაზრობა იყო. ვერავინ ვერ გაიგო რა იყო, რა რეგიონებშიც ოპოზიციამ წარმატება მოიპოვა, მაგალითად სამეგრელოში, ანაკლიის პროექტის გამო მოსახლეობას მეტი მოტივაცია მიეცა. დანარჩენ რეგიონებში ოპოზიციას არაფერი ხედვა არ ჰქონდა, “ოცნებისგან” განსხვავებული ვერაფერი ვერ შესთავაზა, ამიტომაც ყველგან ჩაფლავდა. ოპოზიციამ ხელიდან გაუშვეს უნიკალური შანსი, რომ ადგილობრივი არჩევნები ჩაეტარებინათ და აქცენტი გაეკეთებინათ გზებზე, წყლებზე და ა.შ. ამის ნაცვლად იყო საუბარი პუტინზე და ივანიშვილზე, რაც ამომრჩევლისთვის უცნაური იყო, ამიტომ ესაა ოპოზიციის სინდისზე, რომ “ოცნებამ” უშრომველად და უმტკივნეულოდ გაიმარჯვა. 2021 წელი ამ მხრივ ყველაზე უფრო უღიმღამო წელი იყო, 2024 წლამდე ვერავითარ გამოსავალს ვერ ვხედავ”, - დაასკვნის ზაქარეიშვილი.

“2021 წელი საერთო ჯამში პანდემიის გამო, როგორც საქართველოსთვის, ისე მსოფლიოსთვის დალხენილი ნამდვილად არ იყო, თუმცა, სწრაფი ეკონომიკური განახლება საგრძნობი იყო, რაც მეტ იმედს იძლევა, რომ 2022 წელი სოციალურ ეკონომიკური თვალსაზრისით კიდევ უფრო უკეთესი გახდება. ამის იმედს თავად პრემიერი ღარიბაშვილი და მთავრობა იძლევა, რომელსაც ათწლიანი პროგრამები აქვთ შემუშავებული. პოლიტიკური რყევები, როგორც მოსალოდნელი იყო შენარჩუნდა, იმ დესტრუქციული ძალის გამო, რომელიც ჯერჯერობით მოსახლეობის მრავლათასიანი მხარდაჭერით სარგებლობს, თუმცა არა უმრავლესობის. წლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ექსპრეზიდენტის ციხეში გამწესება, დღიდან მისი გაქცევისა, მისი ქმედებები ბუნებრივია, საქართველო-უკრაინის ურთიერთობებს არყევდა და სხვადასვა პრობლემებს ქმნიდა, რადგან ის და თავის გარემოცვა საქართველოს ხელისუფლებასა და სახელმწიფოზე მუდმივად დეზინფორმაციას ავრცელებენ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია აბაშიძე.

“ასევე, გამოვყოფდი ძალიან გამჭვირვალედ და დემოკრატიულად ჩატარებულ ადგილობრივ არჩევნებს, იყო ხარვეზები, მაგრამ ეს ევროპის მრავალ ქვეყანაშია. 2021 წელი საკმაოდ მნიშვნელოვცანი პოლიტიკური ცვლილებებით დაიწყო, იანვარში ბიძინა ივანიშვილმა ხელისუფლება და საჯარო პოლიტიკა დატოვა. თებერვალში გახარია ოპოზიციაში გადავიდა და რატომღაც ენმ-ს მოკავშირის ნიშა დაიკავა, რაც მისთვის დამღუპველი აღმოჩნდა”, - მიიჩნევს აბაშიძე.

“ასევე საინტერესო იყო ისიც, რომ მიუხედავად სოციალურ-ეკონომიკური სიძნელეებისა და პოლიტიკური რყევებისა, “ოცნებამ” ერთიანობა და გუნდური პრინციპით მუშაობა შეინარჩუნა. მიუხედავად დესტრუქციული ოპოზიციის დეზინფორმაციისა, 2021 წელს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე ავიდა. ხელისუფლების წარმომადგენელთა ვიზიტები დასავლეთში და დასავლელი პარტნიორების ვიზიტები საქართველოში ამის ცხადი მაგალითია. ყველაფერი ეს იმის იმედს იძლევა, რომ გაცილებით უკეთესი იქება 2022 წელი როგორც პოლიტიკური, ისე სოციალურ ეკონომიკური თვალსაზრისით, რადგან საზოგადოებას საკუთარი ჯიბე და მაცივარი აინტერესებს. ვიმედონებ, რომ 2022 წელი გამოსწორდება იმ მხრივ, რომ დაპირისპირება რაღაცა დოზით მაინც დაიწევს. საერთო ჯამში 2021 წელი გაცილებით უკეთესი იყო, ვიდრე 2020 წელი, მაგრამ 2022 წელი კიდევ უფრო უკეთესი იქნება”, - დასძენს რესპონდენტი.

როგორ იქნება 2022 წელი საქართველოსა და მსოფლიოსთვის - რა მოვლენები გველის

“მომავალი წელი ექსპერტებისთვის კოვიდ-19-თან ბრძოლაში გარდამტეხ თარიღად მიიჩნევა. მათი პროგნოზით 2022 წელ პანდემია დასრულდება და კოვიდი სეზონურ ვირუსად გარდაიქმნება. მსგავსი დადებითი მოლოდინები არ აქვთ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით. ანალიტიკოსთა შეფასებით მოვლენები უარეს ჩიხში შევა და ეკონომიკურად არასახარბიელო მდგომარეობა გვექნება. რუსეთი კი მომავალ წელსაც განაგრძობს საქართველოზე ჰიბრიდულ ომს და მისი სფეროების გავლენების გაზრდას მეზობელ ქვეყნებში, რაც საქართველოს ორმაგად დააზიანებს. 2021 წლის, პოლიტიკური აქტივობების მიუხედავად ყველაზე აქტიურ თემად კვლავ პანდემია რჩება. ამჟამინდელ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე და კოვიდ-19-ის 2022 წლის განვითარების სავარაუდო სცენარზე “რეზონანსთან” ჯანდაცვის საკითხების სპეციალისტი აკაკი ზოიძე საუბრობს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით როგორ იქნება 2022 წელი საქართველოსა და მსოფლიოსთვის - რა მოვლენები გველის.

“ექსპერტის შეფასებით 2021 წელი საქართველოსთვის ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით ძალიან რთული აღმოჩნდა, რადგან ვერ შეძლო სახელმწიფომ ვაქცინაციის მინიმალური 60%-იანი ბარიერის გადალახვა. შედეგად კი ძალიან მაღალი ლეტალობის მაჩვენებელი მივიღეთ. 2022 წლისთვის კი ამ შედეგის მნიშვნელოვნად შეცვლას ვარაუდობს. მისივე თქმით, მძიმე წლის მიუხედავად ოპტიმისტური განწყობით ხვდება ახალ წელს, რადგან ფიქრობ, რომ ამ წელს პანდემია დასულდება და ენდემიის პირობებში მოგვიწევს ცხოვრების გაგრძელება, რაშიც ყველაზე მნიშვნელოვნად ახალი შტამის “ომიკრონის” ცირკულაციას მიიჩნევს, რომელიც ბუნებრივი იმუნიტეტის შემქმნელ წყაროდ მოიაზრება. მომავალ წელთან დაკავშირებით ოპტიმისტურ პროგნოზს ვერ აკეთებს ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია. იგი ამბობს, რომ ახალი 2022 წელი საქართველოსთვის ძალიან რთულია როგორც საშინაო, ასევე, საგარეო პოლიტიკის მიმართულებით. ამ ყველაფერს კი რუსეთს და მის გავლენებს უკავშირებს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“2021 წლის შეფასება ბევრი წარმატების მიუხედავად, შეუძლებელია დადებითი შეფასებით აღწერო, რადგან ჩვენს ქვეყანაში ვერ შევძელით ამ წლის მიღწევების ვაქცინაციის სწორად გამოყენება, რამაც კატასტროფული შედეგი გამოიღო. აქედან გამომდინარე ვიტყვი, რომ ყველაზე დიდი ჩავარდნა ამ მიმართულებით გვქონდა, რის გამოც რამდენიმე ათასი ადამიანი დავკარგეთ. გარდაცვლილთა რაოდენობა და მიზეზები არ მაძლევს შესაძლებლობას ეს წელი რაიმე მიმართულებით დადებითად შევაფასო. არც ეკლესიამ, არც სახელმწიფომ და არც საზოგადოებამ სწორად და მნიშვნელოვნად ვერ გაიაზრეს ვაქცინაციის დანიშნულება, რის გამოც 2021 ვაფასებ, როგორც ჩვენი ქვეყნისთვის დიდი დანაკარგის მქონე წელს... ვფიქრობ, ომიკრონი რამდენიმე თვეში შეძლებს იმას, რასაც სხვა შტამების პირობებში რამდენიმე წელი დასჭირდებოდა. იგი ისევე სწრაფად ვრცელდება, როგორც ხმელ თივაზე ცეცხლი. ეს ყველაფერი კი უზრუნველყოფს ბუნებრივი იმუნიტეტის გამომუშავებას, როცა ადამიანი დაამარცხებს ვირუსს - მას უკვე ექნება საკმარისი ანტისხეულები”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას აკაკი ზოიძე.

“ასევე, ჯანმოს რეკომენდაციაა მოზრდილი მოსახლეობის 70%-ის ვაქცინაცია. ვფიქრობ, ამ მაჩვენებელს ზაფხულამდე მივაღწევთ, რადგან უკვე ყველა ხვდება, რომ ვაქცინაციას დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს. ვიმედოვნებ, გასულ წელს დაშვებული შეცდომები აღარ განმეორდება. ამავდროულად გამოვა მედიკამენტები, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვისაც ხელმისაწვდომი იქნება. ბუნებრივი იმუნიტეტი, აცრების გაზრდა და ახალი მედიკამენტები ერთდროულად შეძლებენ პანდემიის დასრულებას. კოვიდ-19 ისევე, როგორც აქამდე არსებული ოთხი კოვიდვირუსი გარდაიქმნება ენდემიად. ენდემიის დროს კი მხოლოდ რისკ ჯგუფებს დასჭირდებათ ვაქცინაცია. 2022 წლის ზაფხულიდან ისევე, როგორც მსოფლიო, ჩვენც შევძლებთ ჩვეულებრივი ცხოვრების რიტმში დაბრუნებას”, - დაასკვნის აკაკი ზოიძე.

“მიმდინარე წლის მოვლენები არ მაძლევს საშუალებას ვიფიქრო, რომ ახალი 2022 წელი გეოსტრატეგიულად მშვიდი გარემოს შექმნის წელი იქნება. გასულ წელს ეს გარემოება რთული და საკმაოდ მოწყვლადი იყო. ამის მაგალითია ისიც, რომ დასავლეთმა ინტერესი დაკარგა კავკასიის ქვეყნების მიმართ, რითაც სწრაფადვე ისარგებლმა ჩვენმა მტერმა რუსეთმა და მისი გავლენები კიდევ უფრო გააძლიერა. მოვლენების პარალელურად კი გამოიკვეთა სამი ჰეგემონი აქტორი, სადაც არც ერთი ქვეყანა არ იყო დასავლეთის - ეს პირდაპირი ინდიკაცია იყო იმის, რომ დასავლეთის საქართველოში შემოსვლას და განვითარებას ეწინააღმდეგებიან. გარდა რუსეთისა ჩვენი ქვეყნის მიმართ საკმაოდ დიდ ინტერესს იჩენს ჩინეთიც და ვფიქრობ ეს ქვეყნები სფეროების გავლენის განაწილებას გეგმავენ”, - განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

“რუსეთის მიერ განხორციებული ქმედებები უკრაინასთან მიმართებაში საკმაოდ მძიმეა. შესაძლოა ყოველდღე ველოდოთ ომს. ამასთანავე, უკრაინა რუსეთის მოსაგერიებლად სერიოზულად ემზადება. ეს ყველაფერი კი საქართველოსაც შეეხება, ვინაიდან საქართველო ისევე, როგორც უკრაინა შავი ზღვის აკვატორის ქვეყანაა. ჩემს დაფიქრებას იწვევს ის ფაქტიც, რომ პუტინმა ბოლოს გამართულ პრესკონფერნციაზე, კითხვაზე მართლა აპირებს თუ არა მოსკოვი კიევში შეჭრას, პასუხად უარი არ განაცხადა. აქედან გამომდინარე დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთი უკრაინის მიმართ 2022-ში მინიმუმ ჰიბრიდულ ომს მაინც განახორციელებს. ამასთანავე, 10 და 12 იანვარს რუსეთს აშშს-თან და ნატოსთან დიპლომატიური მოლაპარაკებები აქვს ჩანიშნული. ამ შეხვედრების შემდეგ კი რუსეთის პოზიციას დაზუსტებით გავიგებთ, შეიჭრება თუ არა უკრაინაში. ეს ყველაფერი საქართველოში მიმდინარე მოვლენებზეც მოახდენს გავლენას. 2022 წელსაც გაგრძელდება რუსეთის მიერ ჰიბრიდული ომი საქართველოს წინააღმდეგ. იგივე, მცოცავი ოკუპაცია, ადამიანების გატაცება და ა.შ.” - განაგრძობს მაისაია.

“ასევე, შეიძლება ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ვიხილოთ სახელმწიფო გადატრიალების სცენარი, რადგან მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის ურთიერთობა მეტად დაძაბულია. ცვლილებები გვექნება ეკონომიკური მიმართულებითაც, რაც ნელ-ნელა უკვე დაიწყო. გაზზე და საწვავზე საფასური რუსეთმა რეკორდულად გაზარდა, რამაც ჩვენთან ტრანსპორტის გაძვირება გამოიწვია. რუსეთი ამ ყველაფრით მისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნას ცდილობს, თუნდაც სხვისი გაღატაკება მისი გამდიდრების ხარჯზე. ჩვენი ხელისუფლება კი დაგვარწმუნებს, რომ ჩვენ არ ვღარიბდებით. პოლიტიკურად ვფიქრობ, რომ საქართველოს პოლიტიკური მოვლენები ჩიხშია შესული, თუნდაც სააკაშვილის საკითხთან მიმართებაში. პარალელურად ქვეყანაში გვაქვს პოლიტიზირებული საინფორმაციო ომი, ენმ-სა და ქართული ოცნების პარტიებს შორის რომელიც 2022 წელს გაგრძელდება. ასევე, აღსანიშნავია პრეზიდენტ ზურაბიშვილის ინიციატივა შერიგებასთან დაკავშირებით, რაზეც ვვარაუდობ, რომ მომავალი წლისთვის დადებით შედეგს გამოიღებს”, - დასძენს ვახტანგ მაისაია.

“ომიკრონი” ყველა რეკორდს ხსნის - რა საფრთხე ელის დაბალი ვაქცინაციის ქვეყნებს

“ომიკრონის” ელვისებურმა გავრცელებამ მსოფლიო დიდი საფრთხის წინაშე დააყენა. დეკემბრის მიწურულს ევროპასა და ამერიკაში ინფიცირების დღიური შემთხვევების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. საქართველოში წინასაახალწლოდ სამხრეთ აფრიკული შტამის შედარებით ცოტა შემთხვევებია, თუმცა, დაავადებათა კონტროლის ცენტრი აცხადებს, რომ გადაცემის ჯაჭვის კონტროლი ცოტა ხანში შეუძლებელი გახდება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “ომიკრონი” ყველა რეკორდს ხსნის - რა საფრთხე ელის დაბალი ვაქცინაციის ქვეყნებს.

“კოვიდ-19 პანდემიის ისტორიაში აშშ-ში რეკორდული დღიური მაჩვენებელი 512 553 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა საფრანგეთშიც - კორონავირუსის 179 807 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 300-მდე ადამიანის სიცოცხე ემსხვერპლა, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ აქ აცრების პროცენტული მაჩვენებელი მაღალია და მოსახლეობის 77% სრულად აცრილია, ჰოსპიოტალიზაციის მაჩვენელი დაბალია. “ომიკრონი” რომ მსოფლიოში ელისებურად ვრცელდება, ამას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებიც ცხადყოფს. გასული კვირის განმავლობაში, კორონავირუსით 4 985 093 ადამიანი დაინფიცირდა, 44 000-ზე მეტი კი გარდაიცვალა. ჯანმოს განცახდებით, აღნიშნული მონაცემები წინა კვირასთან შედარებით, ინფიცირებულთა რაოდენობა 11%-ით არის გაზრდილი, თუმცა ფატალური შემთხვევების მაჩვენებელი არ გაზრდილა. ამავე პერიოდში ინფიცირების ყველაზე მეტი, 1 185 653 შემთხვევა შეერთებულ შტატებში გამოვლინდა, მას მოსდევს გაერთიანებული სამეფო - 611 864 შემთხვევით, საფრანგეთი - 504 642 ინფიცირებულით, იტალია - 257 579 და გერმანია - 197 845 შემთხვევით.ინფიცირების ახალი შემთხვევების 57% ევროპის რეგიონზე მოდის”, - აღნიშნავს გამოცემა.

“საქართველო კი ახალ წელს „ომიკრონის" შემთხვევების დაბალი მაჩვენებლით ხვდება, თუმცა, სპეციალისტები ანალოგიურ ნახტომისებურ მატებას არ გამორიცხავენ. ამ დროისთვის ომიკრონის სულ 67 შემთხვევაა დადასტურებული. ქვეყანაში სულ 2 495 435 აიცრა, დღიურად აცრილია - 11 720. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი და ჯანდაცვის ექსპერტი ირაკლი ხმალაძე “რეზონანსთან” საუბარში აღნიშნავს, რომ თუ აცრების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად არ გაიზრდება, “ომიკრონის” ელვისებური გავრცელების პირობებში, საქართველოში არასახარბიელო სცენარია მოსალოდნელი”, - განაგრძობს გამოცემა.

“გადაცემა არ გაწყდება, სანამ ყველა არ იქნება აცრილი. ის კი არა, ბუსტერის ვადა შეამცირეს. მე არ ვიცი ეს პანდემია ასეთ პირობებში ომიკრონით დამთავრდება თუ კიდევ ახალი წამოვა, რადგან ვირუსი პიორველ რიგში აქტიურდება გადადებით. ვირუსი საქართველოშიც და საზღვარგარეთაც რა თქმა უნდა გაექცეოდათ, რადგან ათჯერ უფრო მეტი ადამიანი ინფიცირდება “ომიკრონით”, ვიდრე ინდური შტამით. შესაბამისად, ასეთ პირობებში გველის ის, რომ, ვინც არ აიცრება, მისი იმუნიტეტიდან გამომდინარე ან გადარჩება, ან ლეტალური გამოსავალი დადგება - აქ სხვა გზა არაა. მარტო ხელების ბანვა და პირბადე არ შეველის, მით უმეტეს იმ ხალხზე, რომელიც სხვადასხვა აქციებში გამოსვლებში მონაწილეობენ. აქციები და გამოსვლები საჭიროა, როცა ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით ყველაფერი კარგადაა. როცა ნებისმიერი შეკრება არის დიდი შანსი, რომ ვირუსი კიდევ უფრო გავრცელდეს, მე მაგალითად, ასეთ შეკრებებს კატეგორიულად ავკრძალავდი. მით უმეტეს არაკონტროლირებადს, სადაც ზოგს უკეთია პირბადე, ზოგს არა, ჩახუტებულები არიან. გუშინ, მაგალითად ავტობუსში ხალხი ისეთი გადატენილი იყო, აქ ადამიანმა გინდა გაიკეთოს პირბადე, გინდ არა. ჩვენ პირიქით ვიქცევით და ვირუსს ყველანაირად ვეხმარებით, რომ გავრცელდეს”, აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი ხმალაძე.

“ახალი წელი იმიტომაა ერთის მხრივ კარგი, რომ დღესასწაულია, მაგრამ მეორეს მხრივ ადამიანთა შეკრებები მოხდება და ინფიცირების მეტი შანსი იქნება და შემთხვევები გაიზრდება, ვიდრე შემცირდება. ჯერ არ მიგვიღწევია აცრილების და კოვიდგადატანილების იმუნიტეტის იმ პროცენტს, რომ ჩვენ ბედნიერი გეგმები დავსახოთ. ჯერჯერობით რასაც ვხედავ “ომიკრონი” ისეთი დამთრგუნველი არაა, როგორც ინდური შტამი, თუმცა, ვირუსი რაც უფრო მეტ ადამიანს გადაედება, უფრო მეტი შანსია, რომ გაძლიერდეს. გაძლიერდეს არა მხოლოდ მისი გადამდებლობის უნარი, არამედ ვირულენტურობაც, შესაბამისად დიდია შანსი იმისა, რომ მოიმატებს ე.წ. ციტოკინური შტორმი”, - დაასკვნის ხმალაძე.

“ომიკრონის” პირობებში მოსალოდნელ პროგნოზებზე საუბრობს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძრვანელის მოდგილე პაატა იმნაძე. ამბობს, რომ როცა ქვეყანაში ვაქცინების ხელმისაწვდომობაა და ადამიანები არ იცრებინ, თავს სასიკვდილოდ წირავენ. “არიან ულტრაკონსერვატორები, რომლებიც ქუჩაში გამოდიან ნუ გვცრითო და არიან ულტრალიბერალები, არავითარი შეზღუდვა არ გვინდაო. ბევრი რამ კი შეიძლებოდა, რა თქმა უნდა, მაგრამ ნამდვილად მე ცუდ სიზმარშიც ვერ წარმოვიდგენდი იმას, რომ ჩვენ სულ გვეშინოდა ზაფხულიდან მოყოლებული, რომ ვაქცინები გვექნებოდა თუ არა საკმარისი რაოდენობით, ახლა მილიონობით ვაქცინა ქვეყანაში გვაქვს და ადამიანები არ იცრებიან”, - ამბობს იმნაძე, რომლის თქმით, "ადამიანები სასიკვდილოდ სწირავენ თავის თავს", - დასძენს გამოცემა.

“მე სხვათა შორის ერთი-ორჯერ ვცადე, კომენტარებს არ ვშლი, რამდენიმესთან შევედი პოლემიკაში, მინდოდა, დამემტკიცებინა ფაქტებით და არგუმენტებით, რომ ვაქცინაცია სასიკეთოა და ჩვენს სიცოცხლეს იცავს, სამწუხაროდ დავრწმუნდი, რომ არავითარი აზრი არ აქვს. ეს არის ბევრი ქვეყნის პრობლემა, მით უმეტეს ჩვენნაირი ქვეყნის, რომელსაც აქვს მიდრეკილება შეთქმულების თეორიებისადმი”, - განაცხადა იმნაძემ. მან აღნიშნა ისიც, რომ ქვეყანაში “ომიკრონი შემოსულია, ჯერჯერობით უმრავლეს შემთხვევაში შესაბამისი სამსახურები ახერხებენ, რომ “ომიკრონის” თითოეული გადაცემის ჯაჭვს გაჰყვეს, მაგრამ ცოტა ხანში, ეს შეუძლებელი გახდება, როდესაც რაოდენობა მოიმატებს. მისივე თქმით, როგორც კი პირბადის ტარების მაჩვენებელმა დაიწია, გრიპიც გამოჩნდა, რაც დამატებით თავსატეხს უჩენს სამედიცინო სექტორს. “თუ გვინდა ეს ზამთარი მეტ-ნაკლებად ნორმალურად გავატაროთ, ეს არის პირბადის ტარება. “ბუსტერი” საჭიროა კორონასგან დასაცავად, 75%-მდე ადის კორონასგან დაცვა, თუ „ბუსტერი" გაქვს გაკეთებული. სიკვდილისაგან ორი დოზაც მშვენივრად იცავს, კვლევები უკვე გამოქვეყნდა. “სინოვაკი” და “სინოფარმი” მშვენივრად იცავს მძიმე მიმდინარეობისგან და სიკვდილისაგან „ომიკრონის" შემთხვევაშიც”, - ამბობს პაატა იმნაძე, რომლის აზრით, “რა თქმა უნდა, უკეთესი იქნება თუ “ბუსტერს” გაიკეთებენ, ეს დაცვას აძლიერებს”, - წერს სტატიის ავტორი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო