ჯო ბაიდენი - 6 იანვარს კაპიტოლიუმზე თავდასხმა ამერიკის დემოკრატიაზე თავდასხმა იყო - ტრამპი არა უბრალოდ ყოფილი პრეზიდენტი, არამედ დამარცხებული ყოფილი პრეზიდენტია

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპი "დამარცხებული ყოფილი პრეზიდენტია". ამის შესახებ ბაიდენმა 6 იანვრის კაპიტოლიუმზე თავდასხმის წლისთავისადმი მიძღვნილ გამოსვლაში განაცხადა.

ბაიდენმა არაერთხელ დაგმო ტრამპის როლი კაპიტოლიუმზე თავდასხმაში, თუმცა თავის გამოსვლაში მას ერთხელაც არ უხსენებია ის სახელით და მას "ყოფილ პრეზიდენტად" მოიხსენიებდა.

„პირველი კენჭისყრის დაწყებამდეც კი, ყოფილი პრეზიდენტი პრევენციულად თესავდა ეჭვს არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით. ის არ არის უბრალოდ ყოფილი პრეზიდენტი, ის არის დამარცხებული ყოფილი პრეზიდენტი. უბრალოდ არ არსებობს მტკიცებულება, რომ არჩევნების შედეგები არაზუსტი იყო", - განაცხადა ბაიდენმა.

ბაიდენის თქმით, ტრამპი პირად ინტერესებს უფრო მნიშვნელოვნად მიიჩნევს, ვიდრე ქვეყნის ინტერესებს.

„აი სიმართლე: ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა შექმნა და გაავრცელა ტყუილების ქსელი 2020 წლის არჩევნების შესახებ. მან ეს გააკეთა იმიტომ, რომ აფასებს ძალაუფლებას პრინციპზე მეტად. იმიტომ, რომ საკუთარ ინტერესებს უფრო მნიშვნელოვანად მიიჩნევს, ვიდრე მისი ქვეყნის ინტერესებს. იმიტომ, რომ მისი ეგო მისთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩვენი დემოკრატია ან ჩვენი კონსტიტუცია", - აღნიშნა ბაიდენმა.

ბაიდენის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტი „თეთრი სახლის ოვალური კაბინეტის მახლობლად მდებარე კერძო სასადილო ოთახში, ყველაფერს ტელევიზორში უყურებდა და საათობით არაფერს აკეთებდა, როცა პოლიციას თავს დაესხნენ, სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა და კაპიტოლიუმი ალყაში იყო".

ბაიდენმა ასევე დასძინა, რომ აღნიშნული ხალხი „აქ პატრიოტიზმისა და პრინციპის გამო არ მოსულა“.

"ისინი აქ გაბრაზებულები მოვიდნენ. არა ამერიკის სამსახურში, არამედ ერთი ადამიანის სამსახურში", - განაცხადა ბაიდენმა, რითაც ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპზე მიანიშნა.

ბაიდენის თქმით, 6 იანვარს კაპიტოლიუმზე თავდასხმა ამერიკის დემოკრატიაზე თავდასხმა იყო.

კაპიტოლიუმის შენობაში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მომხრეები გასული წლის 6 იანვარს შეიჭრნენ, რათა შეეჩერებინათ ბაიდენის არჩევნებში გამარჯვების დამოწმება. მომხდარი დაპირისპირების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს