ყოფილმა პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა თავად გადაწყვიტა ყაზახეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის პოსტი ყასიმ-ჟომართ თოყაევისთვის გადაეცა, რადგან არეულობა მოითხოვდა "სწრაფ" და "მკაცრ" რეაგირებას. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ნაზარბაევის პრესმდივან აიდოს უკიბაის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც მედია წერს, აქამდე ამ საკითხში სიცხადე არ იყო.
"ამიერიდან მე ვარ ყაზახეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელი", - განაცხადა თოყაევმა 5 იანვარს ქვეყანაში საპროტესტო აქციებისა და ალმათის არეულობის ფონზე. პოსტი ნაზარბაევის უვადოდ ჰქონდა მინიჭებული. თოყაევს არ განუმარტავს, თუ რატომ დატოვა პოსტი ყოფილმა პრეზიდენტმა.
ნაზარბაევს, როგორც პირველ პრეზიდენტს, დღემდე აქვს ერის ლიდერის - ,,ელბასის“ სტატუსი.
„ელბასი მთელი ეს დღეები იყო ნურ-სულთანში და მხარს უჭერდა სახელმწიფოს მეთაურს. თუმცა, სიტუაცია ძალიან რთული იყო და ამიტომ თავად "ელბასმა" გადაწყვიტა უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა გადაეცა პრეზიდენტისთვის, რადგან კარგად იცოდა, რომ არეულობები და ტერორი მოითხოვდა სწრაფ, მკაცრ და უკომპრომისო პასუხს ქვეყნის ხელმძღვანელობისგან", - განაცხადა ნაზარბაევის პრესმდივანმა.
მისი თქმით, მედიასა და სოციალურ ქსელებში „პირველი პრეზიდენტის შესახებ ცრუ ჭორებისა და პროვოკაციული ჩანაწერების დიდი რაოდენობით გავრცელება“ უნდა ჩაითვალოს პოლიტიკური სიტუაციის დესტაბილიზაციისა და „სახელმწიფოს კონსტიტუციური საფუძვლების შელახვის მცდელობად“.