სენატორები ჯო ბაიდენს - მნიშვნელოვანია, აშშ-მა აჩვენოს სიმამაცე და უარი თქვას პუტინის მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე - უკრაინის საკითხზე გადაწყვეტილება არ შედგება უკრაინის გარეშე, ეს უნდა გავრცელდეს საქართველოს შემთხვევაშიც

ამერიკელი სენატორები აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ღია წერილით მიმართავენ, სადაც აღმოსავლეთ ევროპელი მოკავშირეებისა და პარტნიორების მიმართ მხარდაჭერას გამოხატავენ.

წერილს ხელს აწერენ, როგორც „დემოკრატი“, ასევე „რესპუბლიკელი“ სენატორები, მარკო რუბიო, ჯინ შაჰინი, თომას ტილისი, კრისტოფერ კუნსი, ჯონი ერნსტი, ჯეფრი მერკლი, მაილ რაუნდსი, კორი ბუკერი და ჯონ ბარასსო.

სენატორები აცხადებენ, რომ უკრაინის საზღვრებთან კრიზისი რუსეთმა ხელოვნურად შექმნა და ვლადიმერ პუტინი უარს აცხადებს რუსეთის მეზობლების ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვაზე. ამერიკელი კანონმდებლები აცხადებენ, რომ მათთვის მიუღებელია რუსეთის მიერ გასაჯაროებული „უსაფრთხოების გარანტიები“, რაც ნატო-ს შემდგომი გაფართოების შეწყვეტას მოიცავს.

„მნიშვნელოვანია, რომ აშშ-მა აჩვენოს სიმამაცე და უარი თქვას პუტინის მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე. რუსეთს არ აქვს ვეტოს უფლება ჩრდილოატალანტიკური ალიანსის გაფართოებაზე. ამას მხოლოდ ნატო-ს წევრები გადაწყვეტენ. აშშ, მისი მოკავშირეები და პარტნიორები მხარს უჭერენ პრინციპს, რომ უკრაინის საკითხზე გადაწყვეტილება ან დისკუსია არ შედგება უკრაინის გარეშე. ეს უნდა გავრცელდეს საქართველოს შემთხვევაშიც. ნატო-ს კარი ღია რჩება იმ ევროპული ქვეყნებისთვის, რომლებიც მზად არიან და სურთ, შეასრულონ ნატო-ს წევრობის ვალდებულებები და, რომელთა წევრობასაც წვლილი შეაქვს ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებაში“, - წერია განცხადებაში.

ამერიკელი კანონმდებლების თქმით, ისინი მხარს უჭერენ თანამშრომლობას მოკავშირეებთან, განსაკუთრებით ნატო-სა და ევროკავშირში, რათა პუტინის აგრესიულ ქმედებებს წინააღმდეგობა გაეწიოს და ევროპაში წესებზე დამყარებული წესრიგის შენარჩუნების მიმართ აშშ-ის ერთგულება აჩვენონ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა