დავით ბაქრაძე - დღეს ბადრი ჯაფარიძემ, მამუკა ხაზარაძემ და ავთო წერეთელმა სისტემა დაამარცხეს - მინდა სამივეს მივულოცო სისტემაზე გამარჯვება

სასამართლოს გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რამდენად აბსურდული იყო ის საქმე, რომელსაც პროკურატურა ედავებოდა ამ ხალხს - დღეს ბადრი ჯაფარიძემ, მამუკა ხაზარაძემ და ავთო წერეთელმა დაამარცხეს სისტემა, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, რითაც სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

როგორც მან აღნიშნა, გადაწყვეტილება, რომელიც სასამართლომ მიიღო, იურიდიულად სრული ნონსენსია.

„ის, რაც მოვისმინეთ, არის სისტემის მარცხი, რადგან იურიდიულად მოხდა სრული ნონსენსი - ერთი არარსებული დანაშაულიდან მოხდა გადაკვალიფიცირება მეორე არარსებულ დანაშაულზე, რომელზეც საერთოდ საქმეც არ ყოფილა აღძრული და მიესაჯათ არარსებული სასჯელი, რომელიც არ არსებობს ხანდაზმულობის გამო. სისტემა აღმოჩნდა ძალიან მძიმე მდგომარეობაში. ერთი მხრივ, საქმე იყო იმდენად აბსურდული და თითიდან გამოწოვილი, რომ ამ ადამიანებს ამ სასამართლომაც კი ვერ მიუსაჯა პატიმრობა, მეორე მხრივ, პროკურატურამ ბოლომდე უკან არ დაიხია და შეეცადა რაღაც ფორმით დაედანაშაულებინა ეს ხალხი. ეს აჩვენებს სისტემურ კრახს, იმას, რომ ეს საქმე იყო თავიდან ბოლომდე პოლიტიკურად მოტივირებული და მინდა მივულოცო სამივეს სისტემაზე გამარჯვება. დღეს დამარცხდა სისტემა და ეს არის გამარჯვება ყველა იმ ადამიანის, ვისაც სურს, რომ მომავალში ასეთი პოლიტიკური საქმეები, ასეთი ხელოვნური ბრალდებები და ასეთი სამარცხვინო შემთხვევები ქვეყანაში აღარ ხდებოდეს, საქართველოში არსებობდეს მართლაც თავისუფალი სასამართლო,“ - განაცხადა ბაქრაძემ.

შეგახსენებთ, რომ ბრალდებულები - მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი სასამართლომ დამნაშავედ ცნო, თუმცა, მოსამართლემ სამივე მათგანს მუხლის კვალიფიკაცია შეუცვალა და ისინი ჯგუფურ თაღლითობაში ცნო დამნაშავედ. თითოეულ მათგანს თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ 7 წლის ვადით, თუმცა, მუხლის ხანდაზმულობის გამო, ისინი დანიშნული სასჯელისგან გათავისუფლდნენ.

კერძოდ, მოსამართლის გადაწყვეტილებით, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს წარდგენილი ბრალდება, სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რაც ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის გულისხმობდა, გადაუკვალიფიცირდათ სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, რაც დიდი ოდენობით ჯგუფურ თაღლითობას გულისხმობს.

რაც შეეხება ავთანდილ წერეთელს, მას ბრალი წარდგენილი ჰქონდა სისხლის სამართლის კოდექსის 25/194-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" და მესამე ნაწილის "ბ" ქვე პუნქტით, რაც უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას გულისხმობდა. მას მოსამართლის გადაწყვეტილებით ბრალი 25/180-ე მუხლის მეორე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, რაც დიდი ოდენობით ჯგუფურ თაღლითობაში დახმარებას გულისხმობს.

ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულების მიმართ შეფარდებული გირაო გაუქმდა, ასევე გაუქმდა დადებული ყადაღებიც.

ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარდგენილი ჰქონდათ ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით). მათ ბრალი 2019 წლის 24 ივლისს წარედგინათ.

რაც შეეხება ავთანდილ წერეთელს, პროკურატურა ბიზნესმენს ბადრი ჯაფარიძისთვის და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავებოდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა