მსოფლიო ბანკი - 2023 წლის განმავლობაში გლობალური ეკონომიკური ზრდა შენელდება, რაც გაზრდის ვარდნის რისკს განვითარებადი ქვეყნებისთვის

მსოფლიო ბანკის გლობალური ეკონომიკის პერსპექტივების შესახებ უახლესი ანგარიშის თანახმად, 2023 წლის განმავლობაში გლობალური ეკონომიკური ზრდა შენელდება, რაც გაზრდის ვარდნის რისკს განვითარებადი ქვეყნებისთვის.

აღნიშნული ანგარიშის თანახმად, 2021 წლის განმავლობაში ძლიერი აღმასვლის შემდეგ გლობალური ეკონომიკა მკაფიოდ გამოხატული შენელების ფაზაში შედის COVID-19 -ის ახალი ვარიანტების და ინფლაციის, ვალის და შემოსავლების უთანასწორობის ფონზე, რასაც ეკონომიკის აღდგენისთვის საფრთხის შექმნა შეუძლია ფორმირებადი ბაზრების მქონე და განვითარებადი ქვეყნებისთვის.

ამავე ანგარიშის თანახმად, მოსალოდნელია გლობალური ეკონომიკური ზრდის სიჩქარის შემცირება 5.5. პროცენტიდან (2021 წელს) 4.1 პროცენტამდე (2022 წელს) და შემდეგ 3.2 პროცენტამდე (2023 წელს), მსოფლიოს მასშტაბით დაუკმაყოფილებელი მოთხოვნის შემცირების და ფისკალური და მონეტარული მხარდაჭერის ზრდის პარალელურად.

„ვარიანტ „ომიკრონის“ სწრაფი გავრცელება მიუთითებს, რომ პანდემია ახლო მომავალში სავარაუდოდ გააგრძელებს ეკონომიკური საქმიანობის ხელის შეშლას. ამასთან ერთად, წამყვანი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში ზრდის მნიშვნელოვანი დამუხრუჭება, აშშ-ს და ჩინეთის ჩათვლით, უარყოფით გავლენას იქონიებს საგარეო მოთხოვნაზე ფორმირებადი ბაზრების მქონე და განვითარებად ქვეყნებში. იმ დროს, როდესაც ბევრ განვითარებად ქვეყანაში მთავრობებს არ აქვთ მანევრირების შესაძლებლობა საჭიროების შემთხვევაში ეკონომიკური საქმიანობის მხარდასაჭერად, COVID-19 -ის ახალი შტამების გამოჩენას, მიწოდების ჯაჭვში არსებულ პრობლემებს, ინფლაციის წნეხს და მომატებულ ფინანსურ მოწყვლადობას მსოფლიოს დიდ ნაწილში ვარდნის რისკის ზრდა შეუძლია“, - აღნიშნულია ანგარიშში.

„მსოფლიოს ეკონომიკა ერთდროულად დგას COVID-19-ის, ინფლაციის და დარგობრივ პოლიტიკასთან დაკავშირებული გაურკვევლობის წინაშე, ხოლო მთავრობებს სახელმწიფო ხარჯებისა და მონეტარული პოლიტიკის წარმართვა მანამდე უცნობი, ახალი გარემოებების გათვალისწინებით უწევთ. უთანასწორობის ზრდა და უსაფრთხოების მიმართულებით არსებული გამოწვევები განსაკუთრებით საზიანოა განვითარებადი ქვეყნებისთვის“, - აღნიშნა მსოფლიო ბანკის ჯგუფის პრეზიდენტმა დევიდ მალპასმა.

მისივე თქმით, უფრო მეტი ქვეყნის დაყენება განვითარების ხელშემწყობ გზაზე, მოითხოვს შეთანხმებულ საერთაშორისო მოქმედებას და ეროვნული პოლიტიკიდან გამომდინარე საპასუხო ღონისძიებებათა ყოვლისმომცველ პაკეტს.

„ეკონომიკური ზრდის შენელება დაემთხვევა მზარდ განსხვავებას ფორმირებადი ბაზრების მქონე და განვითარებად ქვეყნებს შორის. მოწინავე ქვეყნებში მოსალოდნელია ზრდის შემცირება 5 პროცენტიდან (2021 წ) 3.8 პროცენტამდე (2022 წელს) და 2.3 პროცენტამდე (2023 წელს), რაც კლების მიუხედავად საკმარისი იქნება აღნიშნულ ქვეყნებში წარმოებული პროდუქციის და ინვესტიციების მოცულობის დასაბრუნებლად პანდემიამდე არსებულ დონეზე. თუმცა, ფორმირებადი ბაზრების მქონე და განვითარებად ქვეყნებში მოსალოდნელია ეკონომიკური ზრდის ვარდნა 6.3 პროცენტიდან (2021) 4.6 პროცენტამდე (2022 წელს) და 4.4 პროცენტამდე (2023 წელს). მოწინავე ეკონომიკის მქონე ყველა ქვეყანა 2023 წლისთვის წარმოებული პროდუქციის მოცულობის აღდგენას მიაღწევს; ხოლო ფორმირებადი ბაზრების მქონე და განვითარებად ქვეყნებში წარმოებული პროდუქციის მაჩვენებელი პანდემიამდელ დონეზე 4 პროცენტით ნაკლები იქნება. ბევრი მოწყვლადი ქვეყნისთვის ჩამორჩენა კიდევ უფრო ფართომასშტაბიანი აღმოჩნდება: წარმოებული პროდუქციის მოცულობა ქვეყნებში, რომლებიც კონფლიქტის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებიან, პანდემიამდელ მაჩვენებელზე 7.5 პროცენტით ნაკლები იქნება, ხოლო მცირე კუნძულ სახელმწიფოებში კი 8.5 პროცენტით ნაკლები.

მზარდი ინფლაცია, რომელიც განსაკუთრებულად მძიმე ტვირთად აწევს დაბალი შემოსავლის მქონე მშრომელებს, ზღუდავს ფულად-საკრედიტო პოლიტიკას. გლობალურად და მოწინავე ქვეყნებში ინფლაციის მაჩვენებელი უმაღლეს დონეს აღწევს 2008 წლიდან მოყოლებული. ფორმირებადი ბაზრების მქონე და განვითარებად ქვეყნებში მან უმაღლეს მაჩვენებელს მიაღწია 2011 წლის შემდეგ. აღნიშნული ქვეყნებიდან ბევრმა შეწყვიტა ინფლაციის შეკავების ღონისძიებების გამოყენება, ეკონომიკის აღდგენის პროცესის დასრულებამდე დიდი ხნით ადრე.

გლობალური ეკონომიკური პერსპექტივების უახლესი გამოცემა წარმოგვიდგენს ანალიტიკურ თავებს, რომლებიც განვითარებად ქვეყნებში მდგრადი ეკონომიკური აღდგენის წინაშე არსებულ სამ დაბრკოლებას განიხილავს. პირველი თავი ვალის შესახებ, განვითარებად ქვეყნებში ვალთან დაკავშირებული პრობლემების გადასაწყვეტად უახლეს საერთაშორისო ინიციატივებს (დიდი ოცეულის საერთო კონცეფცია) ვალის შესამსუბუქებლად წარსულში გამოყენებულ კოორდინირებულ ინიციატივებს ადარებს. იმის გათვალისწინებით, რომ COVID-19 -მა მთლიანი გლობალური ვალი ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში არნახულ უმაღლეს მაჩვენებლამდე გაზარდა (მიუხედავად იმისა, რომ კრედიტორებთან დაკავშირებული სიტუაცია სულ უფრო მეტად რთულდებოდა), ანგარიშში გაკეთებულია დასკვნა, რომ მომავალი კოორდინირებული ინიციატივები დავალიანების ტვირთის შესამსუბუქებლად კიდევ უფრო სერიოზული დაბრკოლებების წინაშე აღმოჩნდება. წარსულში განხორციელებული რესტრუქტურიზაციის ღონისძიებების გამოყენებას დიდი ოცეულის საერთო კონცეფციის მიმართ, შეუძლია მისი ეფექტურობის ამაღლება და ნაკლოვანებების თავიდან აცილება, რომლებსაც ადგილი ჰქონდა წინა ინიციატივების დროს“, - აღნიშნულია ანგარიშში.

„არჩევანი, რომელსაც პოლიტიკის შემმუშავებლები მომავალი რამდენიმე წლის განმავლობაში გააკეთებენ, მომდევნო ათწლეულის კურსს გადაწყვეტს. გადაუდებელი პრიორიტეტი უნდა იყოს ვაქცინის ფართო და თანასწორი გამოყენების უზრუნველყოფა ისე, რომ პანდემია კონტროლის ქვეშ მოექცეს. მაგრამ განვითარების მიმართულებით პროგრესის შეფერხება, როგორიცაა მაგალითად მზარდი უთანასწორობა, მდგრად მხარდაჭერას მოითხოვს. მაღალი ვალის პირობებში გლობალური თანამშრომლობა აუცილებელი იქნება ფინანსური რესურსების ზრდის ხელშესაწყობად განვითარებად ქვეყნებში, რომ მათ უზრუნველყონ მწვანე, მდგრადი და ინკლუზიური განვითარება“, - განაცხადა მსოფლიო ბანკის მმართველმა დირექტორმა განვითარების პოლიტიკის და პარტნიორობის მიმართულებით მარი პანგესტუმ.

„მეორე ანალიტიკური თავი იკვლევს სასაქონლო ფასების მერყეობის ციკლის შედეგებს ფორმირებადი ბაზრებისა და განვითარებადი ქვეყნებისთვის, რომელთა უმეტესობა ძლიერ არის დამოკიდებული საქონლის ექსპორტზე. გამოცემის თანახმად, აღნიშნული ციკლები განსაკუთრებით ინტენსიური იყო გასული ორი წლის განმავლობაში, როცა სასაქონლო ფასები COVID-19 -ის გამოჩენასთან ერთად დაეცა და შემდეგ მკვეთრად გაიზარდა გასულ წელს, ზოგიერთ შემთხვევაში, მანამდე არნახულ დონემდე. გლობალური მაკროეკონომიკური განვითარება და საქონლის მიწოდების ფაქტორები სავარაუდოდ გამოიწვევს რყევის გაგრძელებას სასაქონლო ბაზრებზე. ბევრი საქონლისთვის ეს ციკლები შეიძლება გამრავლდეს კლიმატის ცვლილების განმაპირობებელი ფაქტორების და წიაღისეული საწვავის გამოყენებიდან სხვა რესურსებზე ენერგეტიკის გადასვლის შედეგად. ანალიზი ასევე გვიჩვენებს, რომ სასაქონლო ფასების ბუმი 1970-იანი წლებიდან მოყოლებული უფრო დიდი იყო ვიდრე ვარდნა, რაც ქმნიდა უფრო ძლიერი და მდგრადი ზრდის მნიშვნელოვან შესაძლებლობებს საქონლის ექსპორტის განმახორციელებელ ქვეყნებში - დისციპლინირებული პოლიტიკის გამოყენების შემთხვევაში ბუმის დროს მოულოდნელი მოგებიდან სარგებლის მიღების მიზნით.

მესამე ანალიტიკური თავი იკვლევს COVID-19-ის ზემოქმედებას გლობალურ უთანასწორობაზე. მასში გაკეთებულია დასკვნა, რომ პანდემიამ ნაწილობრივ გაზარდა შემოსავლის გლობალური უთანასწორობა გასული ორი ათწლეულის განმავლობაში მიღწეული კლების შემობრუნებით. მან ასევე გაზარდა უთანასწორობა ადამიანის საქმიანობის ბევრ სხვა სფეროში - ვაქცინების ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით; ეკონომიკური ზრდის მიმართულებით; განათლებასთან და ჯანდაცვასთან წვდომის კუთხით; და სამუშაო ადგილების და შემოსავლების დაკარგვის მიმართულებით, რომელიც უფრო მაღალია ქალებისთვის და დაბალი დონის უნარ-ჩვევების მქონე არაოფიციალური მუშაკებისთვის. ამ ტენდენციას გრძელვადიანი ზემოქმედების პოტენციალი აქვს: მაგალითად, ადამიანური კაპიტალის კუთხით დანაკარგებმა, რომლებიც გამოწვეულია განათლების წყვეტილობით, შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს მომავალ თაობებზე“, - ნათქვამია ანგარიშში.

როგორც მსოფლიო ბანკის სამომავლო პერსპექტივების ჯგუფის დირექტორმა აიჰან კოსემ აღნიშნა, წარმოებული პროდუქციის მოცულობის და ინვესტიციების მოსალოდნელი კლების, მანევრირების შეზღუდული შესაძლებლობების და პერსპექტივების შემაფერხებელი არსებითი რისკების პირობებში ფორმირებადი ბაზრის მქონე და განვითარებადმა ქვეყნებმა სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ ფისკალური და ფულად-საკრედიტო პოლიტიკის შემუშავებისას. „მათ ასევე უნდა განახორციელონ რეფორმები პანდემიის ზემოქმედების კვალის წასაშლელად. ეს რეფორმები უნდა შემუშავდეს ინვესტიციების და ადამიანური კაპიტალის გასაუმჯობესებლად, შემოსავლების და გენდერული მიმართულებით უთანასწორობის აღმოსაფხვრელად და კლიმატის ცვლილებებით განპირობებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად“, - აიჰან კოსემ.

გლობალური ეკონომიკური პერსპექტივების ახალი გამოცემა ჩამოტვირთეთ აქ

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო