სალომე ზურაბიშვილმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებებს ხელი მოაწერა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებებს ხელი მოაწერა. ამის შესახებ პრეზიდენტის განცხადებაშია ნათქვამი. ამასთან, პრეზიდენტი პარლამენტს აფრთხილებს „იმ რისკების შესახებ, რომლებსაც კანონის ახალი რედაქცია შეიცავს“.

„რაც შეეხება „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონს, რომლის ცვლილებებსაც აგრეთვე მოვაწერე დღეს ხელი, უნდა ითქვას, რომ ეს საკანონმდებლო ცვლილებებიც აჩენს გარკვეულ კითხვის ნიშნებს. თუმცა ამ ცვლილებების მიმართაც სამართლებრივი სახის მოტივირებული შენიშვნებისთვის საფუძველი არასაკმარისად მიმაჩნია. აღნიშნულის მიუხედავად, ამ შემთხვევაშიც დგას საკითხი, თუ რამდენად შესაძლებელია ამ ცვლილებებით მოსამართლეების დამოუკიდებლობის ხარისხის ამაღლება. მაგალითად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების ზედიზედ მეორედ არჩევა/დანიშვნის დაშვება აჩენს კითხვას, თუ რამდენად აამაღლებს ეს შესაძლებლობა საბჭოს წევრთა დამოუკიდებლობის ხარისხს ან დაეხმარება კადრების განახლების პროცესს. ასეთივე კითხვები ჩნდება სხვა ცვლილებებთან მიმართებითაც. თუმცა პრეზიდენტი ეჭვების საფუძველზე გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს. სამაგიეროდ, მინდა გავაფრთხილო საკანონმდებლო ორგანო იმ რისკების შესახებ, რომლებსაც შეიცავს კანონის ახალი რედაქცია და შევახსენო, რომ მოსამართლეების დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა ჩვენი დემოკრატიის განვითარების ქვაკუთხედია, ასევე, მინდა დავარწმუნო ყველა იმაში, რომ ვიქნები დიდი ყურადღებით კანონის აღსრულების პროცესის მიმართ“, - აცხადებს პრეზიდენტი.

„საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლის მიმართ დისციპლინურ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღების კვორუმი მცირდება - ამიერიდან შესაბამისი გადაწყვეტილებები საბჭოს სრული შემადგენლობის 2/3-ის ნაცვლად, სრული შემადგენლობის უმრავლესობით მიიღება. ამასთან, მცირდება და ყველა ეტაპზე ნახევრდება დისციპლინურ სამართალწარმოებასთან დაკავშირებული ვადები.

გარდა ამისა, იზრდება მოსამართლეთა სხვა სასამართლოში მივლინების მაქსიმალური ვადა. როგორც მოსამართლის თანხმობის შემთხვევაში, ისე მისი თანხმობის გარეშე მივლინება ერთის ნაცვლად, ორ წლამდე ვადით იქნება შესაძლებელი.

“საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში განხორციელებული ცვლილებებით უქმდება აკრძალვა, რომლის მიხედვით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად ერთი და იგივე პირის ზედიზედ ორჯერ არჩევა არ შეიძლება.

ამასთან, კანონპროექტი განხილვის პროცესში დაკორექტირდა და ინიცირებული ვარიანტი სამ საკითხთან დაკავშირებით ჩასწორდა.

უფრო კონკრეტურად, კანონს აღარ დაემატა მოსამართლეთა მიმართ შემდეგი ახალი დისციპლინური სახდელები − სხვა სასამართლოში გადაყვანა არაუმეტეს ხუთი წლის განმავლობაში და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის დაქვეითება რაიონულ სასამართლოში, არაუმეტეს ხუთი წლის განმავლობაში.

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ინიცირებული პროექტიდან ამოიღეს, საქმეებისგან მოსამართლის ჩამოცილებას ეხება, თუკი მოსამართლის მიმართ ორი ან მეტ გადაცდომაზე დისციპლინური დევნა იყო დაწყებული.

პროექტიდან ასევე ამოღებულია ჩანაწერი, რომლითაც მოსამართლის დისციპლინურ გადაცდომათა სახეებს ემატება და გადაცდომად ითვლება მოსამართლის მიერ აზრის გამოთქმის პროცესში ზომიერებისა და გაწონასწორებულობის კრიტერიუმის დარღვევა, თუმცა შენარჩუნდა და კანონში აისახება, საჯაროდ პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დარღვევის კრიტერიუმი.

ამავე ცვლილებების ფარგლებში, მოსამართლეთა მიმართ ისეთი სახის სადისციპლინო სახდელის შემოღება მოხდა, როგორიცაა, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით მისი შესაბამის სასწავლებელში გაგზავნა.

გიორგი ანთაძე - თუ ასე გაგრძელდა, დასავლეთთან ურთიერთობების აღდგენას და სათანადო რელსებზე დაბრუნებას დიდი დრო შეიძლება დასჭირდეს, ან კიდევ სულაც წარმოუდგენლად გართულდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.07.2024
რობინ ვაგენერი - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან ერთად ევროკავშირში გაწევრიანება აღარ იქნება - ამის შანსი არ არის
უპრეცედენტო პირობები Renault Captur-ის ახალი ავტომობილის შეძენისას
თიბისი სტარტაპერებისთვის ახალ კამპანიას იწყებს
ბაზისბანკი სვანეთის IV საერთაშორისო კინოფესტივალის ოფიციალური სპონსორია