ნიკოლოზ ხატიაშვილი ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომასა და აშშ-რუსეთის მოლაპარაკებებს აფასებს

ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ არარეზიდენტი მკვლევარი საგარეო პოლიტიკის მიმართულებით, ნიკოლოზ ხატიაშვილი ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომასა და აშშ-რუსეთის მოლაპარაკებებს აფასებს.

ნიკოლოზ ხატიაშვილის განცხადებით, ბოლო დღეების განმავლობაში მიმდინარე მოლაპარაკებების დროს, ნატო-მ და აშშ-მ გასცა რუსეთის ფედერაციას პრინციპული პასუხი, იმ შეთანხმების საპასუხოდ, რომელიც გულისხმობდა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ახალი გამყოფი ხაზების შექმნას, რუსეთის გავლენის სფეროების აღდგენას, ევროპული უსაფრთხოების შესუსტებას და ნატო-ს, როგორც კოლექტიური უსაფრთხოების ხელშემწყობი ორგანიზაციის დაკნინებას.

მისი თქმით, რუსეთის მხრიდან აგრესიული რიტორიკის და შანტაჟის მიუხედავად, დასავლეთმა მკაფიოდ დააფიქსირა, რომ ის რჩება ერთგული იმ პრინციპების მიმართ, რომლებიც მოიცავენ ქვეყნის სუვერენული არჩევანის პატივისცემას, თავისუფლებას, დემოკრატიულ ღირებულებებს, კოლექტიურ უსაფრთხოებას და ნატო-ს ღია კარის პოლიტიკას, მათ შორის ბუქარესტის სამიტის 2008 წლის გადაწყვეტილებას, რაც გულისხმობს საქართველოსა და უკრაინის ალიანსში გაწევრიანებას.

მისივე შეფასებით, უახლესი ისტორიის მანძილზე ჩვენ არაერთხელ დავინახეთ რუსეთის მიერ დასავლეთისთვის შეთავაზებული მსგავსი შეთანხმებები, რისი მაგალითიც იყო ბორის იელცინის ე.წ პან-ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის ინიციატივა და მედვედევის ევროპის უსაფრთხოების შეთანხმება, რაც საბოლოო ჯამში რუსეთისთვის უშედეგოდ სრულდებოდა.

„გავლენის სფეროების აღდგენისა და ახალი გეოპოლიტიკური რეალობის ჩამოყალიბების მიზნით, რუსეთი განსაკუთრებით გააქტიურდა ბოლო თვეების განმავლობაში თავის სამეზობლოში. ამაზე მეტყველებს არაერთი ქმედება, მათ შორის უკრაინის საზღვართან რუსული ჯარების კონცენტრაცია, ყაზახეთში არსებული კრიზისის გადასაჭრელად კუხო-ს ჯარების გაგზავნა, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ყოველდღიური პროვოკაციული ქმედებები, ორკესტრირებული დეზინფორმაცია, პროპაგანდა და გავლენის ოპერაციები აღმოსავლეთ ევროპაში, და სხვა აქტივობები.

არ არის გამორიცხული, მიმდინარე მოლაპარაკებების შედეგად სიტუაცია დროებით დასტაბილურდეს უკრაინაში, თუმცა ეს ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა, რომ მომავალში მსგავსი ქმედებები არ განმეორდება. დასავლეთი უკვე კარგად ხედავს ყველა იმ საფრთხეს, რის წინაშეც შესაძლოა დადგეს არა მხოლოდ რუსეთის მეზობელი ქვეყნები, არამედ მთლიანად ევროპა. შესაბამისად, არ არის გამორიცხული, რომ ამ მოცემულობამ აშშ-ს და ევროპას უბიძგოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისკენ და გახსნას ახალი შესაძლებლობების ფანჯრები საქართველოსა და უკრაინისთვის, რაც მოიაზრებს ამ ქვეყნების ნატო-ში გაწევრიანების დაჩქარებასაც.

რუსული საფრთხეების შეკავების მიზნით, დასავლეთმა უნდა მოახდინოს მეტი რესურსის მობილიზება და გაზარდოს თავისი ჩართულობა შავი ზღვის უსაფრთხოებაში. ამისთვის საჭიროა აშშ-მ და ევროპამ ჩამოაყალიბონ კონკრეტული ხედვა, სტრატეგია და სამოქმედო გეგმა რეგიონთან დაკავშირებით, რაც ამ დრომდე არ არსებობდა. პარალელურად, აშშ-მ უნდა გააგრძელოს თავისი სტრატეგიული პარტნიორების - საქართველოსა და უკრაინის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერება და მეტი ინვესტირება მოახდინოს ორი ქვეყნის უსაფრთხოებაში, რადგან სწორედ ეს ორი ქვეყანა ყოველდღიურ რეჟიმში ცდილობს რუსეთის შეკავებას. ამის გარდა, საჭიროა აშშ-მ და ევროკავშირმა გაზარდონ პოლიტიკური, დიპლომატიური და ეკონომიკური ზეწოლა რუსეთზე, რათა მან შეწყვიტოს სუვერენული ქვეყნების შიდა პოლიტიკაში ჩარევა, მათი ტერიტორიების ოკუპაცია და პატივი სცეს საერთაშორისო სამართალს“, - აცხადებს ნიკოლოზ ხატიაშვილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა