მიხეილ ყაველაშვილი - სამწუხაროდ, მთელი ოპოზიცია იმ ერთი არსების გზავნილებით ხელმძღვანელობს, რომელიც ციხეში იმყოფება

2022 წლისათვის სანატორიუმ "ქართლში" მცხოვრები ყველა დევნილი ოჯახი ბინებით იქნება დაკმაყოფილებული, ხოლო მანამდე მათ ქირით გასვლის შესაძლებლობა ექნებათ, - ეს განცხადება ჟურნალისტებთან ნაძალადევის მაჟორიტარმა დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა გააკეთა, რომლის სამაჟორიტარო ოლქში სანატორიუმი "ქართლი" შედის.

გარდა ამისა, როგორც ყაველაშვილმა აღნიშნა, დევნილებს თავადაც შეეძლებათ ნახონ ბინები, კვ.მ. - 550 დოლარის ფარგლებში, ხოლო ყველა ეს პირობა სახელმწიფოს მხრიდან დოკუმენტურად იქნება დადასტურებული.

"ჯერ კიდევ გასული წლის აპრილში, როცა სახელმწიფომ 200 დევნილი ოჯახი დააკმაყოფილა, ამას სანატორიუმ "ქართლის" მცხოვრებთა პროტესტი მოჰყვა, თუ რატომ არ იყვნენ ისინი ამ 200 ოჯახს შორის. მე მაშინ ამ ადამიანებს შევხვდი და დავპირდი, რომ მათი კონკრეტული პრობლემა იქნებოდა განხილული და მიტანილი ხელისუფლებასთან. ზუსტად სამ დღეში მათ დევნილთა სამინისტროს წარმომადგენლები შეხვდნენ. გამოიყო კომისია, აღირიცხა ვინ რა კრიტერიუმით ისარგებლებდა ბინების მიღების დროს. მათთან კომუნიკაცია ყოველდღიურ რეჟიმში იყო და შემოდგომისთვის ყველა ადამიანის აღრიცხვა მოხდა - ვის რა ეკუთვნოდა, რამდენი ქულა ჰქონდა და როგორ უნდა მომხდარიყო მათი დაკმაყოფილება. რა თქმა უნდა, ამ ადამიანების მდგომარეობას პოლიტიკური პროტესტი ყოველთვის თან სდევდა - მდგომარეობა მართლაც მძიმეა! იყო დაპირება, ვინც ყველაზე მძიმე მდგომარეობაში იყო, ქირით მომხდარიყო გაყვანა, თუმცა ეს ადამიანები კატეგორიულ უარზე იყვნენ, ვიდრე ბინებით დაკმაყოფილების გარანტიას არ მიიღებდნენ. როცა თითოეული ოჯახის აღრიცხვა დასრულდა, დევნილთა სამინისტრომ წინადადება შეიმუშავა და ამ ადამიანებს დოკუმენტურად დაუდასტურდათ, რომ ისინი ბინებით აუცილებლად დაკმაყოფილდებოდნენ. დროის ფაქტორი იყო, რადგან საჭირო იყო კონკურსის გამოცხადება სამშენებლო კომპანიებთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, არ გამოჩნდა არც ერთი სამშენებლო კომპანია. 2 იანვარს, როცა არც ერთმა სამშენებლო კომპანიამ კონკურსში მონაწილეობა არ მოინდომა, გაიცა დაპირება მათი ქირით გაყვანის შესახებ, რის გაკეთებაც დღესვე შეიძლება, ვისაც ამის სურვილი აქვს. ახალი ჯანდაცვის მინისტრი პროცესში უცებ გაერკვა და კიდევ მეტად მოხდა დახვეწა. კვირის ბოლოსთვის კიდევ იქნება კონკრეტული შეთავაზებები და იქნება განსაზღვრული, რომ 2022 წელს ყველა მათგანი ბინებით დაკმაყოფილებული იქნება. არ არსებობს ჩემი მხრიდან გაცემული არც ერთი დაპირება, რაც არ შესრულდა. ასევე, დოკუმენტურად იქნება გაწერილი, რომ ვიდრე ბინას არ მიიღებენ, ქირით გაყვანის შესაძლებლობა ექნებათ", - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

მისივე თქმით, 2012 წლის შემდეგ დაახლოებით 23 ათასი დევნილი დაკმაყოფილდა და სახელმწიფო ნაბიჯ-ნაბიჯ მიდის იქეთკენ, რომ სამ წელიწადში ყველა დევნილი ბინით უზრუნველყოფილი იყოს.

ყაველაშვილი იმასაც ამბობს, რომ ოპოზიცია ადამიანების ტრაგედიით სარგებლობს და ამაში სახალხო დამცველიც ჩაერთო.

"ერთიანი სენია. გული მწყდება, რომ ოპოზიციის ნაწილი, რომელიც თითქოს რადიკალურ ოპოზიციას გამიჯნულია, მოქმედებს დღის წესრიგის ერთიანი ქსელით. მათ საჭიროდ ჩათვალეს, რომ დევნილების მდგომარეობა და მომხდარი ტრაგედია თავიანთი მავნებლური პოლიტიკისთვის გამოიყენონ. სამწუხაროდ, მთელი ოპოზიცია იმ ერთი არსების გზავნილებით ხელმძღვანელობს, რომელიც ციხეში იმყოფება", - განუცხადა ჟურნალისტებს მიხეილ ყაველაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა