ამირან გამყრელიძე - ქვეყანაში შემთხვევების 50% „ომიკრონია“, ამ შტამით ინფიცირების მაჩვენებელში თბილისს მოსდევს იმერეთი, აჭარა და შიდა ქართლი,  17-20% რეინფიცირებაა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ქვეყანაში ლაბორატორიულად დადასტურებულია „ომიკრონის“ 1254 შემთხვევა; აქედან სტაციონარში მოხვდა 14 პირი და 13 უკვე გაწერილია.

ამის შესახებ გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, დადასტურებული 1254 შემთხვევიდან, დაახლოებით, 17-20% რეინფიცირებაა.

„დღეს გვაქვს შემთხვევების რაოდენობის ე.წ. ანტირეკორდი -7521, რაც პანდემიის პერიოდში ჯერ არ ყოფილა. ასევე გაზრდილია დადებითობის მაჩვენებელი. ერთადერთი პოზიტივი გახლავთ ის, რომ სიკვდილიანობის მაჩვენებელი იკლებს და რამდენიმე დღის წინ ჩამოვცდით ჩვენს ზღვრულ მაჩვენებელს. თანდათან ეს მძიმე ინდიკატორიც ქვემოთ მოდის. დადებითი შემთხვევების 50% ქვეყანაში „ომიკრონით“ არის გამოწვეული. თბილისში, სადაც შემთხვევების ყველაზე მეტი რაოდენობა გვაქვს, იქ „ომიკრონის“ წილი 65%-ია. რეგიონებში 30-35%-ის ფარგლებში გვაქვს. ინციდენტობის მაჩვენებლით თბილისს მოსდევს აჭარა და გურია. თუმცა, მეორე ადგილზე „ომიკრონის“ მაჩვენებლით თბილისს მოსდევს იმერეთი, აჭარა და შიდა ქართლი. „ომიკრონის“ ლაბორატორიულად დადასტურებული 1254 შემთხვევა გვაქვს. ამ 1254 შემთხვევიდან საშუალო ასაკი გახლავთ 33,8. ანუ უფრო ახალგაზრდა ასაკს აზიანებს. სტაციონარში მოხვდა 14 პირი, აქედან 13 გაწერილია. სტაციონარიზაციის ძირითადი მიზეზი თანმხლები დაავადებები გახლდათ და არა კოვიდის სიმძიმე. ჯერჯერობით „ომიკრონის“ შემთხვევები „დელტასთან“ შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს, მაგრამ არ უნდა მოვდუნდეთ, რადგან თუ ბევრი შემთხვევა იქნება ერთდროულად, სხვა შედეგი იქნება“, - განაცხადა გამყრელიძემ.

მან მოსახლეობას მოუწოდა მესამე „ბუსტერ“ დოზა გაიკეთონ, რადგან კვლევები აჩვენებს, რომ „ბუსტერი“ „ომიკრონის“ შტამზეც ეფექტურად მოქმედებს.

„უმორჩილესად ვთხოვ მოსახლეობას გაიკეთონ „ბუსტერი“. შეგიძლიათ გაიკეთოთ „სინოფარმი“, „სინოვაკითაც“, მაგრამ უმრავლესობა - ქვეყანაში გაკეთებული 120 ათასი „ბუსტერიდან“ (85%) მაინც „ფაიზერზე“ მოდის. „ბუსტერიზირებულს“ რომც დაემართოს კორონავირუსი, ან განვითარდეს რეინფექცია, იქ ძალიან მსუბუქად მიმდინარეობს. ამიტომ დღეს ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია მასობრივი „ბუსტერიზაციაა“. 1 მილიონ 200 ათასი ადამიანია ვაქცინირებული, სასურველია, რომ ყველა მივიდეს და გაიკეთოს „ბუსტერი“, რათა ჩვენ ეს ტალღა შედარებით მსუბუქად გადავიაროთ. ასევე ყველგან ვატაროთ ნიღაბი. ერთ-ერთი თვისება „ომიკრონის“ ის გახლავთ, რომ მას სამჯერ მეტი რეინფიცირების მაჩვენებელი აქვს. 1254 შემთხვევაზე დაახლოებით, 17-20% რეინფიცირებაა - ანუ ინფიცირებული იყო „დელტათი“ და დაინფიცირდა „ომიკრონით“. ის გვერდს უვლის „დელტას“ და ხდება ინფიცირება, თუმცა, „ომიკრონით“ ინფიცირება შედარებით მსუბუქია. მაგრამ არ უნდა გავთამამდეთ და არ უნდა ვთქვათ, რომ „ომიკრონს“, როგორც სურდოს ისე გადავიტან. „ომიკრონიც“ იწვევს გართულებას და დამძიმებას. ამიტომ სჯობს, არ შეგხვდეთ „ომიკრონი“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა