„მრავალეროვანი საქართველო“ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანას მიესალმება და პარლამენტს მიმართავს

„მრავალეროვანი საქართველო“ მიესალმება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანას ევროკავშირის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის, ასევე სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ოფიციალური და შესაბამისი სახელმწიფოს ეროვნული სიმბოლოების შებღალვის აკრძალვა-სანქცირებასთან დაკავშირებით.

ამის შესახებ „მრავალეროვანი საქართველო“ განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ ორგანიზაციას ეს საკანონმდებლო ინიციატივა მიაჩნია დროულად, არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე, „მათ შორის გასულ წელს განვითარებული მოვლენების კვალდაკვალ“.

„საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ დემოკრატიულ სამყაროში დასმული საკითხისადმი ორი მიდგომა არსებობს. პირველი მათგანის შესაბამისად დაშვებულია ისეთი მოსაზრებებისა და იდეების საჯარო ტირაჟირება, რომლებიც შესაძლოა ყველასათვის არ იყოს მისაღები. მეორე მიდგომა კი მოიაზრებს ბალანსის დაცვას გამოხატვის თავისუფლებასა და სხვა უფლებებს შორის, განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფებთან მიმართებაში, რომლებიც სიძულვილის ენის მუდმივი სამიზნეები არიან. აღნიშნული მიდგომა ფართოდ არის ასახული ევროპული კომისიის მიერ შემუშავებულ ზოგადი პოლიტიკის რეკომენდაციებში.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თითოეული სახელმწიფო ინდივიდუალურად ირჩევს, თუ რომელი მოდელით იხელმძღვანელოს და თავის არჩევანს ქვეყნაში არსებულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, დემოგრაფიულ თუ სხვა გარემოებებზე დაყრდნობით, ასევე საშინაო და საგარეო გამოწვევების გათვალისწინებით აკეთებს.

„მრავალეროვანი საქართველო“ თანაბრად ღირებულად მიიჩნევს ორივე მიდგომას, თუმცა საქართველოს სპეციფიკიდან გამომდინარე უპირატესობას მეორე მოდელს ანიჭებს. ჩვენს რწმენას ისიც ამყარებს, რომ ბოლო პერიოდში, ქვეყანაში საგრძნობლად გაიზარდა აგრესიული და ძალადობრივი ჯგუფების მიერ, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციების ოფიციალურ თუ სახელმწიფო ეროვნულ სიმბოლოებზე თავდასხმის შემთხვევები, ისე ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობათა მიმართ განსაკუთრებული მიუღებლობით გამორჩეული პირებისა თუ პირთა ჯგუფების, ან ორგანზიაციების გამოსვლები, რომლებიც საჯაროდ ესხმიან თავს, გმობენ თანასწორობას და უგულებელყოფენ სეკულარული სახელმწიფოს პრინციპებს. მათ მიერ საჯაროდ გამოხატული სიძულვილის ენის შემცველი განცხადებები და ქსენოფობიური რიტორიკა საფრთხეს უქმნის ქვეყნის მდგრად და სტაბილურ განვითარებას. 2020 წლის მონაცემების თანახმად, საქართველოში დაფიქსირდა სიძულვილის ენის შემცველი 140 გამონათქვამი, რომელთა უდიდესი ნაწილი - 87 ქსენოფობიური ხასიათის იყო. საგულისხმოა, რომ რამდენიმე მათგანი ფიზიკურ ძალადობაში გადაიზარდა და უსაფრთხოების გარკვეული რისკებიც წარმოქმნა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ევროპული კომისიის მიერ შემუშავებული სიძულვილის ენასთან ბრძოლის კომპლექსური მიდგომის დანერგვა, რომელიც მოიცავს როგორც საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ღონისძიებებს, ისე მსხვერპლთა მხარდაჭერას.

ორგანიზაცია მიმართავს საქართველოს პარლამენტს, დაიწყოს განხილვები და მუშაობა, აღნიშული კუთხით ქვეყნის საკანონმდებლო ბაზის დასახვეწად ევროკომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, რაც საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში შექმნის მძლავრ სამართლებრივ ბერკეტს, რათა, ერთი მხრივ, წარმატებით გავუმკლავდეთ არსებულ გამოწვევებს ეთნიკური, რელიგიური, ლინგვისტური თუ გენდერული ნიშნით ღირსების შემლახავი გამონათქვამების სახით, ხოლო, მეორე მხრივ, დაიცავს მიზნობრივ აუდიტორიას და დააწესებს კანონის დამრღვევ პირთა მიმართ სათანადო ადმინისტრაციულ სასჯელს“,- ნათქვამია „მრავალეროვანი საქართველოს“ განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა