თაკო ჩარკვიანი ოპოზიციას - ციც! ამბიციები უკან! არ მესმის პოზები და ფსევდო-მაიმუნობები - რუსთაველზე უნდა იყოს დიდი მონიტორი, კარვები და ის ავადსახსენებელი ატრიბუტიკა

არ მომწონს ეს პასიურობა, ნებისმიერი ქართველი, 5 ათასიც რომ დგას, ჩემთვის არის „აუ, რამდენი ვართ”, - ამის შესახებ „კანონი და სამართალის“ თავმჯდომარემ, თაკო ჩარკვიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია დღეს უფრო კოორდინირებული უნდა იყოს. ოპოზიციონერი თვლის, რომ ქუჩის საპროტესტო აქციები უნდა გაგრძელებულიყო.

როგორც თაკო ჩარკვიანმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია ოპოზიციამ საკანონმდებლო ორგანოში ყველა მანდატი გამოიყენოს.

„არ მომწონს ეს პასიურობა. ნებისმიერი ქართველი, 5 ათასიც რომ დგას, ჩემთვის არის „აუ, რამდენი ვართ“. ვფიქრობ, არ უნდა დაშლილიყო, როდესაც 15-20 ათასი კაცი დგას გარეთ. გაღიზიანებული ვარ ხოლმე, ოპოზიციის სტრატეგია ხშირად არ ემთხვევა ჩემსას. ახლა ვნახოთ, შეიძლება რაღაც ახალი იწყება და იქნებ გამოვიდეს. რადგან არ დაიჭირა ბოიკოტი და აღმოვჩნდით იქ, [პარლამენტში] მაშინ მგონია, რომ ნებისმიერი მანდატი უნდა გამოიყენო. ვასრულებ ამას, არ გამომიტოვებია არც ღარიბაშვილის მოსვლა, არც ბრეგაძის და არც წულუკიანის. ამასთან, გარეთ უნდა დადგა დიდი მონიტორი.

სულ არ გეყოლება შენ იქ 30 ათასი, მერე რა! გარეთ დიდი მონიტორი, გარეთ ხალხი - შენი მომხრეების ერთი ნაწილი ისვენებს, შემდეგ მეორე ჩაენაცვლება. ფინანსები დაურიგე და ჯიბეში ჩაუდე - მეთქი, კი არ ვამბობ. რომ გამოგყავს ღამე ადამიანი, ეჭვი ხომ არ გეპარება, რომ შეშა და პური უნდა დაახვედრო?! ზოგიერთი „ვაი აგენტ-პროვოკატორი“ კი არ უნდა ქირქილებდეს, რომ „წულუკიანთან საპასუხოდ ტონალობა არ მომეწონა“. სულ არ მაინტერესებს, როდესაც მე ვიბრძვი ნამდვილად, გულწრფელად ჩემი ქვეყნისთვის. სხვანაირი ბრძოლა რა არის? დიდი ხნის შემოსული არ ვარ პოლიტიკაში და არ მესმის პოზები და ფსევდო მაიმუნობები. მე მინდა ჩემი შვილი დასავლური ტიპის ქვეყანაში გაიზარდოს. რომ გავერთიანდებით, ჩვენ ყველანი ერთმანეთს მივეხმარებით.

ოპოზიცია იქნება ყოველთვის სუსტი თუ აღმოაჩენენ, რომ მიხეილ სააკაშვილი არის მხოლოდ ერთი პარტიის ლიდერი. მე რომ მეგრძნო, რომ ის მხოლოდ ერთი პარტიის ლიდერია, მაშინ აქ არ ვიქნებოდი და მას არ დავიცავდი, რადგან არ ვარ იმ პარტიის წევრი. მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტი იყო. ბოლომდე დავუდექი მამუკა ხაზარაძეს, ბატონ წერეთელს, მაგრამ ბრძოლის დროს ციც! - ამბიციები უკან! დღეს ერთადერთი საბრძოლველია საქართველოს დამოუკიდებლობა და კეთილი ინებოს ყველამ, იმ ადამიანებმა, რომელთაც მე ბოლომდე ვუდგავარ. ძალიან მიხარია, რომ ანა ნაცვლიშვილი, არმაზ ახვლედიანი, გიორგი ვაშაძე ძალიან კარგად გამოიყურებოდნენ წულუკიანთან და რატი ბრეგაძესთნ ბრძოლაში ჩემს გვერდით, გამიხარდებოდა ის 35 მანდატიც ყოფილიყო ჩემს გვერდით და წარმოიდგინეთ რა ამბავი იქნებოდა პარლამენტში“, - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

თაკო ჩარკვიანის თქმით, მას ნახევარი ბრძოლის არ ესმის, ამიტომ რუსთაველზე მონიტორი, კარვები და ლეიბები უნდა იყოს გაშლილი.

თაკო ჩარკვიანის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის ციხეში ყოფნა სირცხვილია და "ეს ამბავი არ დაითმობა".

"მონიტორის გარდა, ასევე უნდა იყოს ხალხი რუსთველზე, კარვები და ის ავადსახსენებელი ატრიბუტიკა, რაზეც თაკო ჩარკვიანი მუდმივად საუბრობს. კაცობრიობას სხვა საბრძოლველი ზამთარში კარვის გარდა არ აქვს - აბა გამათბობელს არ გაძლევს მერია, რომ გათბე, ის გეუბნება, რომ გაიყინეო - ამიტომ შეშას წვავენ. 9 აპრილის ბავშვი ვარ და არ მესმის ბრძოლა ნახევარში. ჩემთვის წითელი ხაზი არის რუსეთი. პუტინის გასახარებლად საქართველოს მესამე პრეზიდენტი დღეს არ უნდა გვყავდეს ციხეში, ეს დიდი სირცხვილია. ამიტომ, მგონია, რომ ხელისუფლებამ ჭკუა უნდა იქონიოს, ეშმაკობა, ძალიან ნუ გააღიზიანებენ ხალხს, არ დაითმობა ეს ამბავი და უფრო იეშმაკონ. თუ ნამუსს და სამართლებრივ კეთილსინდისიერებას არ რთავენ, ტვინი მაინც ჩართონ დ სასწრაფოდ მიიღონ ზომები, რომ ასეთი შერჩევითი სამართლით არ იმყოფებოდეს ციხეში მიხეილ სააკაშვილი“, - აცხადებს თაკო ჩარკვიანი.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ფრიდმანის წინააღმდეგ სანქციების დაწესებამ იდეალური შესაძლებლობა შექმნა კომპანიის გაკოტრების და იქ სახელმწიფო მმართველის იმპერატიული დანიშვნისთვის, ამას კი „ბორჯომის“ ნაციონალიზაცია უნდა მოჰყვეს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2022
იუველ ნოა ჰარარი - ყველაფერი სასწორზე დაიდო, რადგან პუტინმა დაანგრია უდიდესი ტაბუ, გლობალური წესრიგი - მას რომ შედეგისთვის მიეღწია, ეს მთელ მსოფლიოში გამოიწვევდა დესტაბილიზაციას
თამარ ალადაშვილი - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს ახალი ფუნქციები ემატება, რაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს საზოგადოების გარემოსდაცვით საკითხებში ჩართულობას
„მაკდონალდს საქართველო“ Mc Happy Day-ის საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
დამზადებულია საქართველოში - „სავალი“ - კიდევ ერთი ახალი ქართული წარმოების ბრენდი „დრესაპ ჯგუფისგან“
ახალი ლიბერთი ადამიანებისთვის - ლიბერთის ახალი საპილოტე პროექტი
BTU-ს სტუდენტური სტარტაპების საგრანტო კონკურსის გამარჯვებული ცნობილია
ლიბერთი პროექტის „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ სტრატეგიული პარტნიორი  გახდა