World Vision საქართველომ ევროკავშირის მხარდაჭერით მინდობით აღმზრდელებისა და სოციალური მუშაკებისთვის ღონისძიება გამართა

World Vision საქართველოს ორგანიზებით და ევროკავშირის მხარდაჭერით ღონისძიება სახელწოდებით „მადლობა ზრუნვისთვის“ გაიმართა, რომელიც მიზნად ისახავდა სოციალური მუშაკებისა და მიმღები მშობლებისთვის მადლიერების გამოხატვას წლების განმავლობაში მოწყვლად ბავშვებზე ზრუნვისა და თავდადებისთვის.

World Vision-ის ინფორმაციით, საქართველოში მინდობით აღზრდის მომსახურების და სოციალური მუშაობის განვითარება World Vision საქართველოს პროექტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. დღევანდელი ღონისძიება არის ერთგვარი მოწოდება ფართო საზოგადოებისთვის დააფასონ მიმღები მშობლებისა და სოციალური მუშაკების შრომა და მათი ყოველდღიური საქმიანობა.

ორგანიზატორების ცნობით, ღონისძიება გახსნა World Vision საქართველოს დირექტორმა ეკატერინე გურგენაძემ. მისასალმებელი სიტყვით წარდგნენ სპეციალური სტუმრის სტატუსით მოწვეული დონორი ორგანიზაციების და პარტნიორი სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლები:

„აღნიშნული ღონისძიებით, გვსურს მადლიერება გამოვხატოთ მინდობით აღმზრდელებისა და სოციალური მუშაკების მიმართ, რომლებსაც თავისი საქმიანობით უდიდესი წვლილი შეაქვთ როგორც მოწყვლადი ბავშვების ცხოვრების გაუმჯობესების, ასევე ბავშვთა დაცვისა და კეთილდღეობის განვითარების პროცესში“, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა.

სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სააგენტოს დირექტორის მერი მაღლაფერიძის განცხადებით კი, მინდობით აღზრდაში მნიშვნელოვანია ყველა მხარის ჩართულობა, მათ შორის სახელმწიფო სტრუქტურების.

„მინდობით აღზრდა ეს არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მომსახურება, რომლის განვითარებისთვის აუცილებელია ყველა მხარის ჩართულობა, მათ შორის სახელმწიფო სტრუქტურების, არასამთავრობო ორგანიზაციების და საზოგადოების წევრების. ჩვენ მზად ვართ ხელი შევუწყოთ ყველას, ვისაც აქვს სურვილი იზრუნოს ბავშვებზე და გახდეს მინდობით აღმზრდელი“, - განაცხადა მერი მაღლაფერიძემ.

World Vision-ის ცნობით, ოფიციალური ნაწილის დასასრულს, World Vision საქართველომ მიმღები მშობლები და სოციალური მუშაკები გაწეული წვლილისთვის მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.

ღონისძიების მსვლელობისას სტუმრებს დღის ცენტრის ბენეფიციარებმა წარუდგინეს სპეციალურად მათთვის მომზადებული მუსიკალური ნომრები - ბოშური ცეკვა და ცნობილ კომპოზიტორ დათო ევგენიძესთან ერთად შესრულებული სიმღერა.

გარე სივრცე სრულად დაეთმო ყველაზე მნიშვნელოვანი სტუმრებისთვის - დღის ცენტრებისა და მინდობით აღზრდაში ჩართული ბავშვებისთვის - დაგეგმილ მუსიკალურ და გასართობ ღონისძიებებს. ბავშვებისთვის მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ანიმატორებისა და ილუზიონისტის შოუ, მუსიკალური წარმოდგენები, ტკბილეულისა და ფოტო გადაღების ზონა, ხელოვნების კუთხე სადაც ბავშვებმა თავად დაამზადეს ხელნაკეთი ნივთები. საღამოს ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებდა ბენდი „რეზო და ბავშვები“.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურების, დონორი და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, მედიის წარმომადგენლები და სხვა საპატიო სტუმრები.

„პროექტის შესახებ: World Vision საქართველო 2019 წლიდან ახორციელებს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტს „ბავშვთა დაცვისა და კეთილდღეობის ხელშეწყობა“ და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით წვლილი შეაქვს ბავშვთა კეთილდღეობის სისტემის გაძლიერებისა და ქვეყანაში ბავშვზე ზრუნვის ალტერნატიული სერვისების განვითარებაში. პროექტის ფარგლებში World Vision საქართველომ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად მხარი დაუჭირა ბავშვთა უფლებების კოდექსის დანერგვას და განხორციელებას საქართველოში; ხელმძღვანელობდა ქვეყნის დონეზე დეინსტიტუციონალიზაციის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებას, შეაფასა ქვეყანაში არსებული არარეგულირებადი ბავშვზე ზრუნვის დაწესებულებები და მხარი დაუჭირა დიდი ზომის ბავშვთა დაწესებულებების ალტერნატიული, ოჯახზე დაფუძნებული ზრუნვის მომსახურებით ჩანაცვლებას; ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში ჩამოაყალიბა ბავშვთა დაცვის განყოფილებები; უზრუნველყო 316 მინდობით აღმზრდელის შესაძლებლობების შეფასება და გადამზადება, შეიმუშავა სხვადასხვა სატრენინგო მოდული და გადაამზადა 130 მუნიციპალური სოციალურ მუშაკი და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს 250 სოციალურ მუშაკი. დამატებითი ინფორმაცია: www.worldvision.ge“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო