პაატა იმნაძე - ორჯერ აცრა „ომიკრონის“ შემთხვევაში სიკვდილისგან 9-ჯერ, ხოლო „ბუსტერი“ 40-ჯერ მეტად იცავს

აღმოჩნდა, რომ როდესაც 60 წელს ზემოთ ადამიანების ვაქცინაციაზე ფინანსური წახალისება გამოცხადდა, დამატებით 120 ათასი ადამიანი აიცრა - ბევრი ვარიანტი განიხილება, როგორ შეიძლება მოსახლეობის გონებამდე მივიდეთ, რომ თავიანთ სიცოცხლეს გაუფრთხილდნენ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

კითხვაზე იმის შესახებ, რომ მთავრობა „ბუსტერ“ დოზით ვაქცინაციის შემთხვევაში ადამიანების ფინანსურ წახალისებას გეგმავს, იმნაძე ამბობს, რომ ეს მხოლოდ ასაკოვან ადამიანებზე გავრცელდება.

„ყველაფერი ვცადეთ - სოფელ-სოფელ სიარული, ადამიანებთან შეხვედრები, ლატარიის გათამაშება, რომელიც დიდი მოგებების შანსს იძლეოდა. აღმოჩნდა, რომ როდესაც 60 წელს ზემოთ ადამიანებზე ფინანსური წახალისება გამოცხადდა, დამატებით 120 ათასი ადამიანი აიცრა. 60 წელს ზემოთ მოსახლეობის მხოლოდ ნახევარზე ცოტა მეტი გვყავს აცრილი და წარმოიდგინეთ, რამდენი ადამიანია დარჩენილი, ვისთვისაც კორონა შესაძლოა სასიკვდილო საფრთხე გახდეს. იქნებ ამ ადამიანებს თავიანთ სიცოცხლეზე წახალისების გზით მაინც ვაფიქრებინოთ“,- განაცხადა პაატა იმნაძემ.

რაც შეეხება იმას, რომ „ომიკრონი“ ორჯერადად ვაქცინირებულ და რიგ შემთხვევაში „ბუსტერ“ დოზით აცრილ ადამიანებსაც უდასტურდებათ, იმნაძე ამბობს, რომ „ომიკრონი“ კორონავირუსის გადატანას და აცრის სტატუსს ყურადღებას არ აქცევს“.

„მონაცემების მიხედვით, სადაც ზუსტად ვიცით, რომ „ომიკრონია“ დადასტურებული, ნახევარი იყო ორჯერადად აცრილი და 15% იყო ისეთი, ვისაც გადატანილი ჰქონდა კორონავირუსი. ასე რომ, „ომიკრონი“ არ აქცევს ყურადღებას არც გადატანას, არც აცრის სტატუსს, მხოლოდ რამდენიმე იყო ისეთი, ვისაც „ბუსტერი“ ჰქონდა გაკეთებული. ძირითადად არიან ახალგაზრდები. ახალგაზრდებმა, რომლებიც აცრილები იყვნენ და „ომიკრონი“ დაემართათ, მსუბუქად გადაიტანეს, მეშინია იმის, როდესაც „ომიკრონი“ ჩემი ასაკის და უფროსი თაობის აუცრელ ადამიანებს შეხვდება“,- განაცხადა პაატა იმნაძემ.

გარდა ამისა, პაატა იმნაძემ უპასუხა კითხვას, შესაძლოა თუ არა, რომ გარკვეული დროის შემდეგ კორონავირუსზე დღეს არსებულმა ვაქცინებმა და ტესტებმა არ იმოქმედონ. როგორც იმნაძემ აღნიშნა, ვაქცინის არაეფექტიანობის გამორიცხვა შეუძლებელია, რაც შეეხება ტესტებს, იმნაძე განმარტავს, რა შემთხვევაში მუშაობს სწრაფი ტესტი.

„ამის გამორიცხვა შეუძლებელია, თუმცა ჯერჯერობით, რა მონაცემებიცაა, შვეიცარიელების კვლევა გამოქვეყნდა და გამოვიდა, რომ ორჯერ აცრა „ომიკრონის“ შემთხვევაში სიკვდილისგან 9-ჯერ იცავს, ანუ ადამიანს 9-ჯერ ნაკლები რისკი აქვს სიკვდილის, ხოლო „ბუსტერი“ 40-ჯერ მეტად იცავს. ვაქცინები ინფიცირებისგან ნაკლებად გვიცავენ, მაგრამ სიკვდილისგან ძალიან ეფექტიანად გვიცავენ. რაც შეეხება ტესტებს, ბევრი ჭორი გავრცელდა. პირველად რომ გამოჩნდა „დელტა“, მაშინაც იგივე საუბარი იყო, რომ სწრაფი ტესტი არ მუშაობს. ახალი შემთხვევების ნახევარი სწრაფი ტესტითაა გამოვლენილი, მაგრამ დიდი მნიშვნელობა აქვს დროს, როდესაც ეს სწრაფი ტესტი კეთდება. თუ ადამიანი უსიმპტომოა, სწრაფი ტესტი ნაკლებად ეფექტიანია, თუ სიმპტომები გამომჟღავნდება, მაშინვე არ გაიქცეთ, გადავიდეთ თვითიზოლაციაში და სიმპტომების გაჩენიდან მე-2 მე-3 დღეს, სწრაფი ტესტი კარგად იჭერს. ხან „პისიარიც“ ვერ იჭერს - ამას ბევრი მიზეზი აქვს, მაგალითად შეიძლება ნიმუშის ამღებმა ჩხირი ცხვირში უბრალოდ მოუცაცუნოს. ჩხირი ცხვირ-ხახაში უნდა გადავიდეს, ესაა მასალის კარგი აღება და ამასაც აქვს მნიშვნელობა“,- განაცხადა პაატა იმნაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა