რეჯეფ თაიფ ერდოღანი  იმედოვნებს, რომ ვლადიმერ პუტინისა და ვლადიმერ ზელენსკის პირისპირ შეხვედრას უზრუნველყოფს

თურქეთი ცდილობს რეგიონში ნეგატიური პროცესები აღარ განვითარდეს და მშვიდობა სუფევდეს, - თურქული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

მისი თქმით, თურქეთი რუსეთსა და უკრაინას შორის დაძაბულობის არსებობას მართებულად არ მიიჩნევს და იმედი აქვს, რომ ვლადიმერ პუტინისა და ვლადიმერ ზელენსკის პირისპირ შეხვედრის ორგანიზებას განახორციელებს.

„ვწუხვართ რეგიონში განვითარებული ომის კლიმატის გამო. იმედი გვაქვს, რაც შეიძლება მალე უზრუნველვყოფთ ბატონ პუტინსა და ბატონ ზელენსკის შორის პირისპირ შეხვედრას,“- აღნიშნა ერდოღანმა.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ თურქეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა იბრაჰიმ კალინმა განაცხადა, რომ თურქეთი მზადაა, წვლილი შეიტანოს რუსეთსა და უკრაინას შორის დაძაბულობის შესამცირებლად და რომ პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რუსი და უკრაინელი კოლეგები, ვლადიმერ პუტინი და ვლადიმერ ზელენსკი მოლაპარაკებებისთვის თურქეთში მიიწვია.

განცხადებას კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ რუსეთი მიესალმება ნებისმიერი ქვეყნის ძალისხმევას, რომელსაც შეუძლია უკრაინაში სიტუაციის მოგვარებაში დახმარების გაწევა, თუმცა ამისთვის ანკარას მოუწევს, უკრაინელები დაარწმუნოს, აღებული ვალდებულებები შეასრულონ, რადგან მისი მტკიცებით, მთავარი უთანხმოება რუსეთსა და უკრაინას შორის დაკავშირებულია სწორედ კიევის მიერ მინსკის შეთანხმებების შეუსრულებლობასთან.

იხილეთ ვიდეო:

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა