ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ გაფიცულ სოციალურ აგენტებთან შეხვედრა გამართა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ ბარკალაიამ გაფიცული სოციალური აგენტების საინიციატივო ჯგუფთან შეხვედრა გამართა, - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ის კონკრეტული ნაბიჯები განიხილეს, რომელიც სოციალური მომსახურების სააგენტომ ბოლო პერიოდის განმავლობაში დასაქმებულთა შრომის პირობების გაუმჯობესების მიმართულებით გადადგა. კერძოდ, სოციალური აგენტის ფიქსირებული ანაზღაურება 60%-მდე გაიზარდა. მათი შრომის ანაზღაურება 250 ლარის ნაცვლად 400 ლარი გახდა, უფროსი სოციალური აგენტის კი - 550 ლარის ნაცვლად 700 ლარი.

ამასთან, ოჯახებში შესრულებული ვიზიტების ფარგლებში, ერთ შევსებულ დეკლარაციაზე სოციალური აგენტები 6 ლარის ნაცვლად 10 ლარს მიიღებენ. ასევე, სოციალური მომსახურების სააგენტოს დაბალი და საშუალო რგოლის თანამშრომლების ხელფასი 40%-დან 60%-მდე გაიზარდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო სამომავლო გეგმებს და იმ გამოწვევებს, რომელიც დღეს დასაქმებულთა წინაშე დგას.

„მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმში აქტიურად გაგრძელდეს სამომავლო საქმიანობა, სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზაციული განვითარება, როგორც დასაქმებულთა, ასევე ბენეფიციართა საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდენ, რომ შემდგომი განვითარების და გაძლიერების გეგმებზე მუშაობა მოლაპარაკების რეჟიმში წარიმართება“, - ნათქვამია ინფორმაციაში. ​

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა