პრემიერ-მინისტრის განცხადებით, 2022-2023 წლებში საქართველო რამდენიმე სპორტულ ღონისძიებას და ჩემპიონატს უმასპინძლებს

2022 და 2023 წლებში საქართველო კალათბურთის ევროპის ჩემპიონატს, 21 წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატს, მსოფლიო ჩემპიონატს სათხილამურო „ფრი სტაილსა“ და „სნოუბორდში“ და მსოფლიო თასის ეტაპებს უმასპინძლებს.

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„წელს ტარდება კალათბურთის ევროპის ჩემპიონატი 2022. 1-18 სექტემბერს თბილისი სამ ქალაქთან, კიოლნი, პრაღა, მილანი, კალათბურთში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. თბილისში ევროპის ჩემპიონატის A ჯგუფის მატჩები ჩატარდება, რომელშიც საქართველოს ნაკრების გარდა, ესპანეთის, რუსეთის, თურქეთის, ბელგიისა და ბულგარეთის ნაკრებები ითამაშებენ. მინდა ვთქვა, რომ სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ევროპის ჩემპიონატის მისაღებად დედაქალაქში ახალი ევროპული სტანდარტების სპორტის სასახლე შენდება, რომელიც იქნება დასრულებული ამ ზაფხულს და ჩვენ ღირსეულად ჩავატარებთ ევროპის ჩემპიონატს თბილისში. ჩვენთვის ყველასთვის სასიხარულოა, რომ საქართველოს ნაკრები სექტემბერში, ზედიზედ მეხუთე ევროპის ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას, რაც ქართული კალათბურთისა და ზოგადად, ქართული სპორტის დიდი წარმატებაა.

ასევე, მინდა გაცნობოთ, რომ 2023 წელს 21 წლამდე ფეხბურთის ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატი ჩატარდება თბილისსა და ბათუმში, ასევე ქუთაისშიც გაიმართება მატჩები და რუმინეთთან ერთად, ჩვენ ვუმასპინძლებთ 21 წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატს. ჩამოვა 8 ქვეყნის შერჩეული გუნდი და ფინალური მატჩი გაიმართება ბათუმის ახალ სტადიონზე, რომელიც საქართველოს მთავრობამ დააფინანსა. ეს იქნება 2023 წელს დიდი მოვლენა. ფეხბურთის არაერთი ვარსკვლავი ჩამოვა და ქართული ფეხბურთის გულშემატკივარს მათი ხილვის საშუალება ექნება. თეა წულუკიანთან ერთად, მე შევხვდი ქართული ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელს, ლევან კობიაშვილს. ჩვენ ვისაუბრეთ ამ საკითხზე და ვთქვით, რომ საჭიროა დროებითი სამთავრობო კომისიის შექმნა და სწორედ ამიტომ დღეს შეიქმნება დროებითი სამთავრობო კომისია, რომელიც ამ ჩემპიონატის წარმატებით ჩატარებას გაუწევს ორგანიზებას.

ასევე, 2023 წელს, 19 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით, ბაკურიანში ჩატარდება მსოფლიო ჩემპიონატი სათხილამურო „ფრი სტაილსა“ და „სნოუბორდში“, რომელიც ასევე დიდი მოვლენაა და ამისთვის ჩვენ ინტენსიურ სამუშაოებს ვახორციელებთ. სამი ახალი სასრიალო ტრასა მოეწყობა და უამრავი სამუშაო ტარდება, რაც საბოლოო ჯამში, ბაკურიანს და ჩვენს მოსახლეობას დარჩება. უკვე მიმდინარე წლის 18-19 თებერვალსა და 5-6 მარტს, ბაკურიანი მსოფლიო თასის ეტაპებს უმასპინძლებს, რომელიც საერთაშორისო ფედერაციასთან არსებული ვალდებულების ნაწილია“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს