იენს სტოლტენბერგი - ნატო აღმოსავლეთ ნაწილში დამატებითი საბრძოლო ჯგუფების განთავსების შესაძლებლობას განიხილავს

ნატო ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში დამატებითი საბრძოლო ჯგუფების განთავსების შესაძლებლობას განიხილავს, – ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა შვედეთისა და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან, ენ ლინდესა და პეკა ჰავისტოსან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენ განვიხილავთ კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი ყოფნა ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში. ეს შეიძლება მოიცავდეს ნატო-ს დამატებითი საბრძოლო ჯგუფების განლაგებას. ამ ძალების განთავსება არის პროპორციული და შეესაბამება ჩვენს საერთაშორისო ვალდებულებებს. ეს აძლიერებს ევროპულ უსაფრთხოებას ყველა ჩვენგანისთვის,“- აღნიშნა სტოლტენბერგმა.

ალიანსის გენერალური მდივანი მიესალმა მოკავშირეების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს უსაფრთხოების გასაძლიერებლად.

„დანია ბალტიის ზღვაში ფრეგატს აგზავნის და ლიეტუვაში დამატებით სამხედრო თვითმფრინავებს განათავსებს. საფრანგეთმა მზადყოფნა გამოთქვა, გაგზავნოს სამხედრო დანაყოფები რუმინეთში. ნიდერლანდები ბულგარეთში საჰაერო პატრულირებისთვის სამხედრო თვითმფრინავს აგზავნის, ესპანეთი შავ და ხმელთაშუა ზღვებში ნატო-ს საზღვაო ძალებში ხომალდებს აგზავნის, ასევე განიხილავს ბულგარეთში საფრენი აპარატების გაგზავნის საკითხს,“- აღნიშნა სტოლტენბერგმა.

ამასთან, მისი თქმით, ალიანსი მზად არის რუსეთთან დიალოგის გასაგრძელებლად, თუმცა არ აპირებს დათმობებზე წასვლას ძირითად პრინციპებთან დაკავშირებით.

„ნატო კვლავ მზად არის, გააგრძელოს დიალოგი რუსეთთან. ნატო-ს მოკავშირეები მზად არიან, ჩაერთონ დიალოგში და ეძებონ კონსტრუქციული გამოსავალი. ჩვენ გავაგრძელებთ კონსულტაციას ჩვენს ძირითად პარტნიორებთან, ფინეთთან და შვედეთთან ამ დიალოგის მიმდინარეობისას. თუმცა, ნება მომეცით, გარკვევით განვაცხადო, ნატო არ წავა კომპრომისზე ძირითად პრინციპებთან დაკავშირებით. ჩვენ მხარს ვუჭერთ თითოეული ქვეყნის უფლებას, თავად აირჩიოს თავისი ალიანსები და ნატო-ს კარი ღია რჩება“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

მისი თქმით, კონფლიქტის საფრთხე რეალურია და რუსეთმა სიტუაცია უნდა განმუხტოს.

„კონფლიქტის საფრთხე რეალური რჩება. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს დეესკალაციისკენ და დიპლომატიის გზის არჩევისკენ. ნატო არის თავდაცვითი ალიანსი, რომელიც არ უქმნის საფრთხეს რუსეთს ან რომელიმე სხვა ქვეყანას. თუმცა, ჩვენ ყოველთვის ვაკეთებთ იმას, რაც აუცილებელია ჩვენი მოკავშირეების დასაცავად“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს